ჰეი-პაუნსფოტის ხელშეკრულება 1901

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეი-პაუნსფოტის ხელშეკრულება 1901 – დაიდო ვაშინგტონში 18 XI.აშშ და დიდ ბრიტანეთს შორის - იმ არხის მშენებლობისა და სტატუტის შესახებ, რომელსაც უნდა შეეერთებინა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები (მომავალში პანამის არხი). 5.II 1900 ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულების პირველი ვარიანტი (აშშ-დან ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა ჯ. ჰეიმ, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ელჩმა აშშ-ში ლორდმა პაუნსფოტმა).

ხელშეკრულების უკვე ეს ვარიანტი ფაქტობრივად აშშ-ს აძლევდა არხზე კონტროლის დაწესების საშუალებას, მაგრამ აშშ-ის სენატმა 20.XII. 1900 მისი რატიფიცირება მნიშვნელოვანი ცვლილებებით მოახდინა. კერძოდ, ამოღებულ იქნა ის მუხლები, რომლებიც სხვა ქვეყნებს აძლევდნენ ამ ხელშეკრულებასთან მიერთების უფლებას, დაემატა მუხლი კლეიტონ-ბულვერის ხელშეკრულების 1850 გაუქმების შესახებ და ა.შ. ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა ამ სახის ხელშეკრულების მიღებაზე, მაგრამ რადგან არ სურდა აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭება, ამერიკელებს მოლაპარაკების გაგრძელება შესთავაზა. ხელმოწერილ იქნა მეორე ხელშეკრულება (საბოლოო), რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ამერიკის მხარის შესწორებების დიდი ნაწილი. ხელშეკრულების მიხედვით არხის სტატუტს საფუძვლად დაედო „ნეიტრალიზაციის გენერალური პრინციპი“ (ეს განუსაზღვრელი პრინციპი ერთადერთი იყო, რაც დარჩა კლეიტონ-ბულვერის ხელშეკრულებიდან). არხის მშენებლობისა და მართვის უფლება ეძლეოდა აშშ-ს. მას ეძლეოდა არხის ზონაში სამხედრო პოლიციის ყოლის უფლება. ფაქტობრივად აშშ-მა მიიღო არხის ზონაში სამხედრო გამაგრებების მშენებლობის უფლება. ხელშეკრულება ავალდებულებდა მას არხის ნეიტრალიზაციის საფუძვლად მიეღო მთელი რიგი წესები. რომლებიც, ეფუძნებოდა 1888 კონსტანტინოპოლის კონვენციის შესაბამის პუნქტებს. ამ კონვენციისაგან განსხვავებით პანამის არხის ნეიტრალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო არა სახელმწიფოთა კოლექტიური გარანტიით, არამედ მხოლოდ აშშ-ის გარანტიით. ხელშეკრულება არხის მიმართ აშშ-ს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. 1902 აშშ-მა ფრანგებისაგან შეისყიდა კონცესია და 1903 შეუდგა არხის მშენებლობას.


იხილე აგრეთვე

ამერიკა-პანამის ხელშეკრულება არხის შესახებ

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები