ჰეკატეოს მილეტელი
ჰეკატეოს მილეტელი – (ძვ.ბერძ. Ἑκαταῖος, ლათ. Hecataeus; ძვ. წ. VI–V ს.), ჰეროდოტეს წინამორბედთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან ლოგოგრაფოსად ითვლება ჰეკატეოსი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
როგორც ჰეროდოტე, ერატოსთენე (სტრაბონთან) და ლექსიკოგრაფი სვიდა გადმოგვცემენ, ჰეკატეოსი წარმოშობით ქ. მილეტიდან ყოფილა. მშობლიური ქალაქის ცხოვრებაში იგი აქტიურად მონაწილეობდა; კერძოდ, სპარსეთის წინააღმდეგ იონიის ქალაქების აჯანყების დროს, ჰეკატეოსი აჯანყებულთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყოფილა და საკმაო წინდახედულობა და პოლიტიკური ალღოც გამოუჩენია. ჰეროდოტეს ცნობით, ჰეკატეოსი თავიდანვე ხედავდა იონიელთა სახმელეთო ძალების სისუსტეს და მოითხოვდა სპარსელებთან ბრძოლა ზღვაზე გადაეტანათ, ხოლო როდესაც ეს გეგმა არ განხორციელდა, იგი წინადადებას იძლეოდა გამოეყენებინათ ბრანქიდის აპოლონიოსის ტაძრის საჭურჭლენი. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს ჰეკატეოსის ფხიზელი გონება და პატრიოტული მისწრაფება.
ჰეკატეოს მილეტელის ცხოვრების თარიღის შესახებ ცნობები ძალზე მცირეა. მისი მონაწილეობა იონიელთა აჯანყებაში (ძვ. წ. 500 წ) თავისთავად იძლევა მისი ცხოვრების ქრონოლოგიურ განსაზღვრას ძვ. წ. VI ს. დასასრულითა და V ს. დასაწყისით. აჯანყებაში ჰეკატეოს მილეტელის ხელმძღვანელი როლი აშკარას ხდის, რომ იგი იმ დროისათვის უკვე საკმაოდ მოწიფული უნდა ყოფილიყო და ამდენად, მისი დაბადების თარიღი დაახლოებით ძვ. წ. VI ს. 30-იან წლებზე მოდის.
შემოქმედება
ჰეკატეოს მილეტელის სახელით ორი ნაწარმოებია ჩვენამდე მოღწეული: გეოგრაფიული ხასიათის „დედამიწის აღწერილობა“ და ისტორიული – „გენეალოგიები“.
„დედამიწის აღწერილობის“ ფრაგმენტების ანალიზი მისი დაწერის დათარიღების საშუალებას იძლევა. იგი დაახლოებით ძვ.წ.512-476 წწ. შორის უნდა იყოს შედგენილი. რაც შეეხება „გენეალოგიებს“, ის უფრო გვიან, ძვ.წ. V ს. 70-იან წლებში ჩანს დაწერილი.
გეოგრაფოსის, აგათემერეს ცნობით, ჰეკატეოსი „მრავალნამგზავრი კაცი“ ყოფილა. მისი ნაშრომის ფრაგმენტებიც მოწმობს ამას, დაბეჯითებით ვიცით, მაგალითად, ეგვიპტეში მისი მოგზაურობის შესახებ, მაგრამ „დედამიწის აღწერილობის“ ანალიზი საფუძველს გვაძლევს არანაკლები სარწმუნოობით ვამტკიცოთ მისი ყოფნა აზიაში და აზიის მომიჯნავე ევროპის ოლქებშიც.
გენეალოგიები
ჰეკატეოსის „გენეალოგიები“ შეიცავდა საგმირო პერიოდის ლეგენდარულ ისტორიას, რომელიც შედგენილი იყო როგორც დევკალიონისა და სხვა მითიურ ეთნარქ-ეპონიმთა ჩამომავლობის გენეალოგია; ამასთან ერთად, მოთხრობილი იყო აგრეთვე მითები მოგზაურობებისა და საგმირო საქმეების შესახებ. „გენეალოგიები“ თავის შინაარსით ჯერ კიდევ მჭიდროდ არის დაკავშირებული მითოლოგიასთან, მაგრამ მასში უკვე ჩანს მოარული მითებისადმი ერთგვარი რაციონალისტური დამოკიდებულება და მათდამი კრიტიკული მიდგომის ელემენტები.
თავის „გენეალოგიების“ დასაწყისში ჰეკატეოსი წერს: „მე ვწერ ისე, როგორც ჭეშმარიტად მიმაჩნია, რადგან ელინებს ბევრი მოთხრობა აქვთ, და როგორც ვფიქრობ, სასაცილო“.
ამგვარად, თვით ჰეკატეოსი აცხადებს, რომ ბერძნებში გავრცელებული მოთხრობები (მითები) სასაცილოა და საჭიროა მათი სწორად ახსნა. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მითებისადმი მას ხელს არ უშლიდა, თავისი წინაპრები ღვთაებისაგან წარმომავლად გამოეცხადებინა. მითებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაც მეტად თავისებურია და პრიმიტიული: ჰეკატე აშორებს მითს იმ ელემენტებს, რომლებიც მისი აზრით დაუჯერებელია, მაგრამ ძირითად ამბავს ჭეშმარიტებად მიიჩნევს, ასე მაგალითად, არჩევს რა მითს მეფე ევრისთვსთან საიქიოდან ჰერაკლეს მიერ კერბერის მოყვანის შესახებ, ჰეკატე დაუჯერებლად მიიჩნევს ჰერაკლეს მიერ ძაღლის მოყვანას, მაგრამ ჰერაკლესაც და ევრისთვსაც ისტორიულ პირებად თვლის და აცხადებს, რომ ჰერაკლემ ევრისთევს შხამიანი გველი მიუყვანა, რომელსაც „ჯოჯოხეთის ძაღლი” უწოდეს, რადგან მისი ნაკბენი მაშინვე კლავდა.
დედამიწის აღწერილობა
განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ჰეკატეოს მილეტელის მეორე ნაშრომი „დედამიწის აღწერილობა“. ამ ნაშრომში ჰეკატეოსი იძლევა მისთვის ცნობილი. დედამიწის აღწერილობას, ტომების, დასახლებული პუნქტების, მდინარეებისა და ზღვების, მთებისა და ტბების ჩამოთვლას. გარდა წმინდა გეოგრაფიული აღწერისა, ჰეკატეოსი გვაწვდის ცნობებს აგრეთვე ტომების ყოფა–ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების, ეთნიკური კუთვნილების შესახებ; აგვიწერს ჰავას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს და სხვ. „დედამიწის აღწერილობაში“ ერთგვარად შერწყმულია გეოგრაფიული და ისტორიული მონაცემები და მას, მნიშვნელობა აქვს, როგორც გეოგრაფიული, ისე ისტორიული აზროვნების განვითარებისათვის.
ჰეკატეოსის ამ შრომიდან 301 ფრაგმენტია შემორჩენილი. მათი უმეტესობა დაცულია VI საუკუნის ბიზანტიელი მწერლის სტეფანე ბიზანტიელის ლექსიკონში („ეთნიკა“), დანარჩენები სხვა მწერლებთან – ისტორიკოსებთან, სქოლასტებსა და ლექსიკოგრაფებთან. ფრაგმენტების უმეტესობა მეტად მოკლეა. ამიტომ ძნელდება ჰეკატეოსის ზოგადი მსოფლმხედველობის გარკვევა, მაგრამ ამ ფრაგმენტებშივე დაცული მითითებისა და სხვა მწერალთა გამონათქვამთა მიხედვით შესაძლებელი ხდება ჰეკატეოსის შეხედულებათა მიახლოებით დახასიათება.
ჰეკატეოს მილეტელი ე. წ. „იონური“ ან „მილეტური“ სკოლის მოაზროვნეებს ეკუთვნის, იონიაში შემუშავებული მატერიალისტურ–ათეისტური შეხედულებანი განაპირობებდა იონიელთა შეხედულებას სამყაროს შესახებაც. იქ შეიქმნა პირველად თეორია სამყაროს გეოცენტრული სისტემისა და მსოფლიოს მარადიულობის შესახებ (ანაქსიმანდრე), მოძღვრება სამყაროს განვითარების ისტორიული პროცესის შესახებ (ჰერაკლიტე ეფესელი). და პირველი ფიზიკურ–გეოგრაფიული კონცეფციები.
ამავე შეხედულებას იზიარებს ჰეკატეოს მილეტელიც. ჰეკატეოს მილეტელს ნიმუშად აუღია ანაქსიმანდრეს მიერ შედგენილი რუკა და, როგორც გადმოგვცემენ, შეუვსია იგი დაწვრილებითი ცნობებად.
ჰეკატეოს მილეტელის მიერ შედგენილი რუკის ცენტრში მოთავსებული იყო ე. წ. „შიდა ზღვა“ (ხმელთაშუა ზღვა), რომელიც ვიწრო სრუტით იყო დაკავშირებული „გარე ზღვასთან“ (ოკეანესთან). რუკის ჩარჩო მრგვალი იყო, ჩარჩოს მოჰყვებოდა ოკეანე, რომელიც ყოველმხრივ ერტყმოდა სამი კონტინენტისაგან (ევროპა, აზია, ლიბია ანუ აფრიკა) შემდგარ დედამიწას. რუკის ჰორიზონტალური ღერძი გადიოდა საკმაოდ ზუსტად გამოთვლილ გიბრალტარ-როდოსის პარალელზე, ჰეროდოტე ასე ახასიათებს ჰეკატეოს მილეტელის რუკას: „ოკეანე გარს უვლის დედამიწას, ამასთან მიწა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ფარგლით იყოს შემოხაზული. აზია გამოსახულია ევროპის ტოლად“.
რუკა ჰეკატეოს მილეტელის გეოგრაფიული შრომის პირველ ნაწილს წარმოადგენდა.ხოლო ის ნაშრომი, რომლის ფრაგმენტებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო ამ რუკისადმი დართული აღწერილობა.
ჰეკატეოსი თანმიმდევრობით იწყებს გიბრალტარის სრუტიდან ხმელთაშუა და შავი ზღვების ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნების აღწერას, შემდეგ გადადის შავი ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროზე, მერე მცირე აზიის სანაპიროსთან მდებარე ქვეყნებსა და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს აღწერს და კვლავ გიბრალტარს უბრუნდება. როგორც ვარაუდობენ, ჰეკატე გვაწვდიდა მანძილსაც მის მიერ აღწერილ ტომებსა და გეოგრაფიულ პუნქტებს შორის, მაგრამ მისი ნაშრომის ამ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.
საყურადღებოა ჰეკატეოსის მითითებანი ტომების ეთნიკური კუთვნილების შესახებ. ჰეკატეოსი ტომთა ჩამოთვლისას პირველ რიგში მსხვილი ერთეულების – ხალხების ან ტომთა კავშირების დასახელებას იძლევა (თრაკიელები, ეგვიპტელები, სკვითები და სხვ.), ხოლო შემდეგ ასახელებს ამ მსხვილ ერთეულებისადმი კუთვნილ უფრო მცირე ეთნიკურ ჯგუფებს („მირგეტები, სკვითური ხალხი“ და სხვ.).
ტომთა განსახლების გარკვევისათვის მნიშვნელობა აქვს იმ ფრაგმენტებსაც, რომლებშიც მოხსენებულია გეოგრაფიული ობიექტები – ქალაქები, მდინარეები, მთები და სხვა, – ამა თუ იმ ტომის ტერიტორიაზე რომ მდებარეობენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მითითებები საკმაოდ ზუსტია და გვეხმარებიან ტომების ლოკალიზაციაში. ზოგჯერ მითითება მეტად ზოგადია და ზუსტი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. ასე მაგალითად, „კატანები, ხალხი კასპიის ზღვასთან“ (ფრგ. 161), ან კიდევ: „დანდარიები, ხალხი კავკასიონთან" (ფრგ. 169). ცხადია, ასეთი მონაცემები მხოლოდ მიახლოებითი განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ჰეკატეოსის ცნობების განსაზღვრისას, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ წყაროთა დადგენა, რომლებსაც ჰეკატეოსი იყენებს თავის შრომის შედგენისას.
პირველ რიგში, ჰეკატეოს მილეტელს საკუთარი დაკვირვება უნდა დაედო თავისი შრომის საფუძვლად. როგორც აღვნიშნეთ, ჰეკატეოსს ბევრი უმოგზაურია. კერძოდ, ფიქრობენ, რომ აზიის უმეტესი ნაწილი, უფრო ზუსტად, მცირე აზია, მას თვითონ უნდა დაეთვალიერებინა, ისევე როგორც. ეგვიპტე, ირანის ზეგანი და ზოგიერთი სხვა ადგილი. ასევე საკმაოდ ზუსტია მისი ცნობები ბალკანეთის ნახევარკუნძულის შესახებ, უფრო დასავლეთით კი მას, როგორც ჩანს, არ უნდა ემოგზაურა, რადგან აქ მისი აღწერილობა მეტად სქემატურია და ზერელე.
საკუთარი დაკვირვებების გარდა, ჰეკატეოსი იყენებს მოგზაურთა მოთხრობებს, ზღვის სანაპიროთა აღწერილობებს (პერიპლუსებს) და ქვეყნების აღწერას (პერიეგესებს). ერთ-ერთი ძირითადი წყარო მისთვის იყო ანაქსიმანდრე (610--545), მსოფლიო რუკის პირველი შემდგენელი.
ჰეკატეოს მილეტელი თავის დროისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო. სტრაბონი ჰეკატეოსს ახსენებს თალესის, ანაქსიმანდრეს და ანაქსიმენეს გვერდით.
ჰეკატეოს მილეტელის დამსახურება იმაში მდგომარეობდა, რომ მან საფუძველი ჩაუყარა ე. წ. „აღწერილობით გეოგრაფიას“, თავის შრომაში შეიტანა ისტორიული კვლევის ელემენტები და ამდენად, გეოგრაფია და ისტორია შეუთანხმა ერთმანეთს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ჰეკატეოსის ნაშრომში პირველად ვხვდებით გადასვლას ადგილობრივი, ვიწრო–ლოკალური ამბების თხრობიდან მსოფლიო ისტორიაზე.