ჰიდროტექნიკური ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიდროტექნიკური ბეტონი

ჰიდროტექნიკური ბეტონი − მძიმე, ჩვეულებრივი ბეტონის სახესხვაობა. ხასიათდება წყალუჟონადობით, დაბალი სითბოგამოყოფით, წყალ-, ყინვა- და ქიმიურმედეგობით. გამოიყენება ნაგებობებისათვის, რომლებიც პერიოდულად ან მუდმივად წყალშია. ჰიდროტექნიკური ბეტონი მძიმე ბეტონის სახესხვაობაა, რომელიც, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კონსტრუქციის ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახედ იყოფა. წყლის დონის მიხედვით არსებობს ჰიდროტექნიკური ბეტონის სახეები:
წყალქვეშა ბეტონი (მუდმივად იმყოფება წყალში);
ცვალებადი ზონის ბეტონი (პერიოდულად განიცდის წყლით შემორეცხვას);
წყალზედა ბეტონი (მდებარეობს წყლის ცვალებადი ზონის ზევით).
კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის მიხედვით ჰიდროტექნიკური ბეტონი შეიძლება იყოს მასიური და არამასიური. კონსტრუქციაში მდებარეობის ადგილის მიხედვით დაბალი სითბოგამოყოფით გარეთა და შიდა ზონის. მასიური ნაგებობის შიდა ზონის ბეტონი, რომელიც არ განიცდის წყლის დაწნევას და განლაგებულია გარე ზედაპირიდან არანაკლებ 2 მ-ზე, წარმოადგენს ჩვეულებრივ მძიმე ბეტონს. კონსტრუქციაზე წყლის წნევის მოქმედების მიხედვით განირჩევა სადაწნევო და ჩვეულებრივი (უდაწნევო) ჰიდროტექნიკური ბეტონი ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაპროექტებისას ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები გაითვალისწინება. თუ კონსტრუქცია რამდენიმე ზონაშია განლაგებული, მაშინ მოთხოვნები ბეტონზე მიიღება ყველაზე ცუდი ზონისათვის. მუშაობის პირობებისა და სახეობების მიხედვით ჰიდროტექნიკურ ბეტონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: სიმტკიცე (კუმშვა, ღერძული გაჭიმვა), ყინვამედეგობა, წყალუჟონადობა, წყალშთანთქმადობა, ხაზობრივი ჯდომა, გაჯირჯვება, ცვეთამედეგობა და ბზარმედეგობა. ბეტონის გამაგრების ასაკი, რომელიც აკმაყოფილებს სიმტკიცის მოთხოვნას კუმშვისა და გაჭიმვის კლასზე და წყალუჟონადობაზე, მასიური ჰიდრომელიორაციული ნაგებობისათვის და მდინარის ჰიდროტექნიკური კონსტრუქციებისათვის არის 180 დღე, საზღვაო და სამდინარე სატრანსპორტო ანაკრები ან მონოლითური და თხელკედლიანი ჰიდრომელიორაციული კონსტრუქციებისათვის – 28 დღე, საპროექტო მარკის ყინვამედეგობისათვის მისაღებია 28 დღე, მასიური ნაგებობებისათვის „თბილ” ყალიბში – 60 დღე. ჰიდროტექნიკური ბეტონის კლასი კუმშვაზე (რუსული ნორმებისათვის) შემდეგია: B3,5; B5; B7,5; B10; B12,5; B15; B20; B25; B35; B40; B45; B50; B55; B60; შეიძლება შუალედური B22,5 და B27,5 კლასის ბეტონის გამოყენებაც. კლასი ღერძულ გაჭიმვაზე: B(t)0,4; B(t)0,8; B(t)1,2; B(t)1,6; B(t)2,0; დაძაბული, წვრილმარცვლოვანი და მსუბუქი ბეტონებისათვის – B(t)2,4; B(t)2,8; B(t)3,2; მარკა ყინვამედეგობაზე: F50; F75; F100; F150; F200; F300; F400; F500; F600; F800; F1000 (ყინვამედეგობაზე მოთხოვნა წაეყენება მხოლოდ იმ ბეტონს, რომელიც იმყოფება წყლის დონის ცვალებად ზონაში, ან წყლის დონიდან 2 მ სიმაღლეზე და აგრეთვე წყალზედა ზედაპირულ ბეტონს); მარკა წყალუჟონადობაზე: W2, W4, W6, W8, W10, W12, W14, W16, W18, W20. სადაწნევო კონსტრუქციის ბეტონისათვის მარკა ინიშნება იმ ანგარიშით, რომ მივიღოთ წყალუჟონადი ბეტონი. წყალქვეშა ბეტონისათვის გამოიყენება ყველაზე წყალმედეგი პუცოლანური და წიდაპორტლანდცემენტი. წყლის ცვალებადი ზონის ბეტონისათვის, რომე-ლიც ყველაზე მძიმე საექსპლუატაციო პირობებშია, საუკეთესოა სულფატმედეგი პორტლან-დცემენტი. წყალზედა ბეტონისათვის რეკომენდებულია პორტლანდცემენტი, დანამატიანი პორტლანდცემენტი და წიდაპორტლანდცემენტი. შიდა ზონის ბეტონისთვის გამოიყენება დაბალთერმული პუცოლანური და წიდაპორტლანდცემენტი. შეიძლება პორტლანდცემენტისა და დანამატიანი პორტლანდცემენტის გამოყენებაც. სულფატურ-აგრესიული წყლისათვის აუცილებელია სულფატმედეგი პორტლანდცემენტის გამოყენება. ინერტულ შემვსებად გამოიყენება: ბუნებრივი ან ხელოვნური ქვიშა სიმსხოს მოდულით 1,5-3,5 მმ; ამოფრქვეულ ან დანალექ ქანებიდან მიღებული ღორღი მარცვლების ზომებით 5-220 მმ, სიმტკიცით 60-100 მპა. ბეტონის ხანგამძლეობა დამოკიდებულია წ/ც ფაქტორზე, რომელიც მიიღება 0,5-0,7-ის ფარგლებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები