ჰიპერბორეელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერბორეელები – „ბორეასის მიღმა მცხოვრებნი“. (ბერძნ.) მითოსური ხალხი. ბერძენთა რწმენით, ისინი უკიდურეს ჩრდილოეთში მოსახლეობდნენ. ეთიოპელებისა და ფეაკთა მსგავსად ჰიპერბორეელებიც ღმერთების რჩეულნი იყვნენ.

მითოსის თანახმად, აპოლონისა და არტემისის დედა, ლეტო, ჰიპერბორეელთა ქვეყანაში დაიბადა და იქ ცხოვრობდა, ვიდრე კუნძულ დელოსზე არ გადასახლდა. აპოლონმაც თავისი ბავშვობა ამ მითოსურ მიწაზე გაატარა, რომელსაც ხშირად ეწვეოდა ხოლმე დელფოში დამკვიდრების შემდეგაც. იქ ინახავდა იგი თავის მომაკვდინებელ ისრებს, რომლებითაც ამოხოცა კიკლოპები. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ აპოლონის კულტთან დაკავშირებული მრავალი ნივთი ჰიპერბორეელთა ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი კუნძულ დელოსზე. უფრო მეტიც, დელფოს ორაკულის დაარსებასაც ჰიპერბორეელთა დამსახურებად მიიჩნევდნენ ძველ სამყაროში.

ჰიპერბორეეთს „ნეტართა ქვეყანას“ უწოდებდნენ პოეტები. მათი აზრით, იქ საოცარი ბუნება იყო. მზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეფარებოდა თვალს, ხოლო მიწა ორგზის უძღვნიდა თავის მოსავალს ადამიანებს, რომლებიც დიდხანს, ძლიერ დიდხანს ცოცხლობდნენ მარადიულ სიმშვიდეში. როდესაც ჰიპერბორეელი მოხუცები ცხოვრებისაგან მოიღლებოდნენ, თავს იმკობდნენ ყვავილწნულებით და ზღვის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ძველებს მიაჩნდათ, რომ ჰიპერბორეელებს მაგიური ძალაც გააჩნდათ, რომ ისინი გრძნეულები იყვნენ, შეეძლოთ ფრენაც, წყლის ზედაპირზე სიარულიც, ცეცხლში გავლაც, სულების გამოხმობაც და მიწისქვეშა საგანძურთა იოლად პოვნაც. მათ თავიანთი ენა ჰქონდათ, სამეფო ტახტს კი ბორეადები, ბორეასის ვაჟიშვილები განაგებდნენ.

ჰიპერბორეელთა ქვეყნისაკენ გზის გაგნება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას მაინც ეწვია გმირი პერსევსი, რომელსაც გზა ათენამ ასწავლა.

ჰიპერბორეეთს ჰერაკლეც სწვევია მაშინ, როდესაც კერინეას ირემს დასდევდა (ჰერაკლე, მეოთხე გმირობა). იქაური სანახაობის ხილვით გაოგნებულმა ზეთისხილის ხეს ტოტი მოატეხა და თან წაიღო ოლიმპიაში დასარგავად.

არგონავტების ლაშქრობაში ორი ჰიპერბორეელი მონაწილებოდა – ძეტესი და კალაისი. სხვა ჰიპერბორეელთა სახელებიც შემოგვინახეს ძველმა მითებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო არისტეასი, რომელსაც ბევრი უმოგზაურია და თავისი შთაბეჭდილებები აუკინძავს წიგნად, რომლისთვისაც „არიმასპეა“ უწოდებია.

ბერძნებს ბევრი რამ უსწავლიათ ჰიპერბორეელთაგან: მუსიკისა და პოეტური ქმნილებების თხზვის ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და ბუნების საიდუმლოებათა ამოცნობაც კი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები