ჰორიზონტალი
ჰორიზონტალი – (horizontal, contour line, isohypse), იგივე იზოჰიფსი, შეკრული მრუდი ხაზი, რომლის ყველა წერტილი დონებრივი ზედაპირიდან მდებარეობს ერთსა და იმავე სიმაღლეზე. ჰორიზონტალების მეთოდი პირველად გამოიყენეს XVIII საუკუნის დამლევს საფრანგეთში. XIX საუკუნის შუა წლებიდან იგი ფართოდ გავრცელდა ევროპასა და მსოფლიოში. იზოჰიფსები რელიეფის კვეთის სიმაღლის ჯერადი ნიშნულების მქონე ხაზებია და ითვლება ადგილის რელიეფის გამოსახვის საუკეთესო საშუალებად. იზოჰიფსით შეიძლება ხმელეთის ზედაპირის ყოველი წერტილის აბსოლუტური სიმაღლის დადგენა. ტოპოგრაფიულ რუკაზე სიმაღლის მიხედვით ყოველი მეხუთე ჰორიზონტალი ჩვეულებრივზე უფრო მუქი ხაზია და მას გამსხვილებული ჰირიზონტალი ეწოდება. ვაკე ადგილებზე რელიეფის მცირე ფორმების გამოსახვისათვის იყენებენ შუალედურ, ხაზოვანი პუნქტირით გამოსახულ დამხმარე ჰორიზონტალებს. ფერად რუკებზე ჰორიზონტალები ყავისფერია.