ჰორტენზია (ალუბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰორტენზია

ჰორტენზია - (Reine Hortense); სინონიმები: დედოფალი ჰორტენზია. ალუბლის ამ ჯიშის წარმოშობა ზუსტად გამოურკვეველია, საფრანგეთში ან ბელგიაში უნდა იყოს წარმოშობილი XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ჯიში ჰიბრიდული წარმოშობისაა, ალუბლისა და ბლის ნაჯვარია. ხე თავისი გარეგნობით ალუბლის ხე წააგავს, ფოთოლით კი – ბლის ხეს. ნაყოფიც გარეგნულად ბალს ჰგავს, მხოლოდ გემოთი – ალუბალს.

ჰორტენზიას ყვავილი

მსხვილი, ლამაზად შეფერილი, გემრიელი ნაყოფი ახასიათებს ჰორტენზიას, როგორც საუკეთესო ალუბლის ჯიშს სუფრისათვის. ამ ჯიშის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს სუსტი მოსავლიანობა, რაც გამოწვეულია კარგი დამამტვერიანებელი ჯიშის შეურჩევლობით, რადგანაც ამ ჯიშის ყვავილობის პერიოდი არ უდგება ალუბლის არც ერთი ჯიშის ყვავილობას.

ჰორტენზია მწიფდება ადრე. ჰორტენზიას თესლიდან საფრანგეთში გამოყვანილი იყო ადრეულა ჰორტენზია, რომელიც განირჩევა იმით, რომ მწიფდება უფრო ადრე, ვიდრე ჰორტენზია და აგრეთვე უფრო მოსავლიანია.

ხე პირამიდული ზრდისაა, დაშვებული, ჩამოკიდებული ტოტებით. ჰყვავის ადრე, ყვავილობა უხვი ახასიათებს.

თვითსტერილი ჯიშია, თვითონაც ცუდი დამამტვერიანებელია, რადგანაც მტვრის მარცვლებს სუსტი გაღვივების უნარიანობა ახასიათებს.

ნაყოფი მსხვილი, მოგრძო, ოვალურ–ცილინდრული ფორმისაა, ფუძე და ბოლო წაკვეცილი აქვს. ყუნწი გრძელია და წვრილი. ნაყოფის კანი ღია ვარდისფერია, მზის მხარე მუქ წითლადაა შეფერილი. ნაყოფის ხორცი მოყვითალოა, გამჭვირვალე, ნაზი, წვნიანი, მომჟავო–ტკბილი, სასიამოვნო გემოსი, წვენი შეუღებავია.






წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები