რაჭა-ლეჩხუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რაჭა-ლეჩხუმი''' – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 75: ხაზი 75:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს გეოგრაფია]]
+
* [[საქართველოს გეოგრაფია ნაწილი I|საქართველოს გეოგრაფია]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]

მიმდინარე ცვლილება 16:21, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

რაჭა-ლეჩხუმი – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. იგი შემოსაზღვრულია კავკასიონის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის ქედებით, ხვამლისა და ასხის მასივებით.

რაჭა-ლეჩხუმი მთიანი რეგიონია. რელიეფის საშუალო სიმაღლე ზ.დ. 1750 მ-ია. რელიეფის ზედაპირი ძლიერ დანაწევრებულია მდ. რიონისა და მისი შენაკადების მიერ. ყველაზე დაბალი წერტილი მდ. რიონის ფსკერია ტვიშის კლდეკარში (ზ.დ. 300 მ), ხოლო უმაღლესი – მ. ჭანჭახი (4460 მ). რელიეფის დანაწევრების სიღრმე რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულში 500-800 მ-ია, ხოლო უწერა-საგლოლოს მონაკვეთში – 2700-3000 მ. ცალკეული ოროგრაფიული ერთეულების მიხედვით, სიმაღლით გამოირჩევიან: სამეგრელოს ქედზე – მთა ციკური (3174 მ), ლეჩხუმის ქედზე – ჭუთხარო-სამერცხლეს მასივი (3500-3600 მ), რაჭის ქედზე – დაღვერილა (2720 მ) და ლაბეურის მთა (2860 მ), შოდა-კედელაზე – შოდა (3609 მ); აღსანიშნავია ხვამლისა და ასხის კარსტული პლატოები (2000-2500 მ). რელიეფის ძირითადი მორფოლოგიური ერთეულები ტექტონიკური და ეგზოგენური პროცესების ურთიერთზემოქმედებით არის შექმნილი. ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფის ძირითადი ფონი გართულებულია მყინვარული, კარსტული, გრავიტაციული და სხვა წარმოშობის ფორმებით.

რაჭა-ლეჩხუმის რელიეფი რთული გეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. კავკასიონის ქედის თხემი ჰორსტ-ანტიკლინურ სტრუქტურას წარმოადგენს. მისი კრისტალური გული აზიდულია ზ.დ-დან 4000-4500 მ-ზე და ეროზიული პროცესებით გაშიშვლებულია; აგებულია პალეოზოურამდელი და პალეოზოური ასაკის გრანიტებით, გნეისებით და კრისტალური ფიქლებით.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ნაოჭა სისტემაში რამდენიმე სტრუქტურულ-ტექტონიკური ზონა გამოიყოფა. მთის რაჭის ქვაბულის რელიეფი (ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონა) აგებულია ქვედა იურული არაკარბონატული ფლიშის ნალექებით – ქვიშაქვებით, ფიქლებით და სხვ. კავკასიონიდან იგი მთავარი შეცოცებით, ხოლო შოდა-კედელას ქედიდან აქტიური ღრმა რღვევის ხაზით არის გამოყოფილი. ქვაბული გრაბენული ბუნებისაა და შედარებით დაბალი რელიეფით ხასიათდება. მესტია-თიანეთის ზონა აგებულია ზედაიურული და ქვედა ცარცული კარბონატული ფლიშის ნალექებით (კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით, ფიქლებით). მორფოსტრუქტურულად მასში ასახულია შოდა-კედელას ჰორსტ-სინკლინური ქედი.

კავკასიონი სამხრეთ ფერდობის ნაოჭა სისტემაში განვითარების ისტორიით გამოირჩევა გაგრა-ჯავის სტრუქტურულ-ტექტონიკური ზონა, რომელიც აგებულიაზედა ლიასის ფიქლებით, ქვიშაქვებით და ბაიოსის პორფირიტებით. მორფოსტრუქ-ტურულად იგი რელიეფში საერთო კავკასიური მიმართულების ინვერსიულ ეროზიულ-ტექტონიკური ბუნების მქონე ზემო რაჭის (ონი-სორის) ქვაბულითაა გამოხატული.

რაჭა-ლეჩხუმის სინკლინი, რომელსაც რელიეფში იმავე სახელწოდების ქვაბული შეესატყვისება, აგებულია ოლიგოცენური და მიოცენური ასაკის ნალექებით – თიხებით, ქვიშაქვებით, კონგლომერატებით და კირქვებით. ლაბეჭინას სერი ქვა-ბულს ორ ნაწილად ჰყოფს: დასავლეთით – ლეჩხუმის და აღმოსავლეთით – რაჭის. რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ფრთებს ცარცული კირქვებით აგებული მონოკლინური ქედები წარმოადგენენ – ჩრდილოეთით საელიო, სამხრეთით რაჭის და ხვამლი-ასხის მასივები. მდ.მდ. რიონი და ცხენისწყალი გაჰკვეთენ რა კირქვებით აგებულ ქედებს, ვიწრო და ღრმა − ხიდიკარის, ალპანა-ტვიშის, მურის, სარეწკელას კლდეკარებს ივითარებენ.

რაჭა-ლეჩხუმის რელიეფი ძლიერ დიფერენციულ მოძრაობას განიცდის. ამის მიზეზი კი რაჭა-ლეჩხუმის სინკლინია, რომელიც სტრუქტურულ „ბუფერს“ წარმოადგენს (ჯანელიძე, 1940). აქ ერთმანეთს ეჯახებიან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების სტრუქტურები – კავკასიონი და საქართველოს ბელტი. აღსანიშნავია,რომ ტექტონიკური სტრუქტურები ერთმანეთისაგან გამოყოფილია რღვევის ხაზებითან შეცოცებებით. თანამედროვე რელიეფი, საერთო აზევების ფონზე, განსხვავებულ მოძრაობებს განიცდის. ვერტიკალური აზევების მაღალი ტემპი (10-15 მმ/წელი-წადში) დამახასიათებელია კავკასიონის კრისტალური გულისათვის. შოდა-კედელასადა დვალეთის ქედებისათვის (მესტია-თიანეთის ზონა) ეს მაჩვენებელი 6-8 მმ/წელი-წადში. ამ ორი სტრუქტურის აზევების ფონზე მთის რაჭის ქვაბული (ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონა) იძირება წელიწადში 2-4 მმ სიჩქარით. მაღალი აქტივობით (აზევებით– 2-4 მმ/წელიწადში) გამოირჩევა რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ფრთები და ბაიოსისპორფირიტებს შორის გამყოფი რღვევის ხაზები (გამყრელიძე, 1966). სწორედ მას უკავშირდება აქტიური სეისმოტექტონიკური ზონები, მძლავრი მიწისძვრების გამოვლინებით (6-8 ბალი). 1891 წ. ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია კლდეზვავები და შეიქმნა რიწის, ამტყელის და ქვედის ტბები, ხოლო 1991 წ. მიწისძვრამ ფაწას ხეობაში (ჯავის რ-ნი) ტბა წარმოქმნა; ძლიერი კლდეხვავები დაფიქსირდა რაჭის ქედის კირქვიანი ზოლის კიდეებზე. ბოლო წლებში ჩატარებული გაზომვებით დადგინდა, რომ რაჭის ქედი ვერტიკალურთან ერთად განიცდის ჰორიზონტალურ გადაადგილებას ჩრდილო-აღმოსავლეთით (ხოტევი 2,9, საჩხერე 4,2 მმ/წელიწადში), ხოლო კავკასიონის ნაოჭა სისტემა მოძრაობს სამხრეთ-დასავლეთით (ხურუთი, ლესორა 6,8 მმ/ წელიწადში). ასეთი მოძრაობები გამოწვეულია კავკასიონის ქვეშ საქართველოს ბელტის შეცოცებით.

მორფოლოგიურ-მორფომეტრიული თავისებურებებით, გეოლოგიური აგებულებით და ნეოტექტონიკური მოძრაობებით რაჭა-ლეჩხუმის რელიეფი სამ რაიონად შეიძლება გავყოთ. საშუალო და მაღალმთიანი, საშუალომთიანი – კარსტული და დაბალმთიანი. პირველ მათგანში შედის კავკასიონის წყალგამყოფი – ფასის მთიდან მთა ზეკარამდე, შოდა-კედელას ქედი, ლეჩხუმის და სამეგრელოს ქედების სამხრეთი ფერდობი და მთის რაჭის ქვაბული. აქაური რელიეფის იერსახის ჩამოყალიბებაში ტექტონიკური, ეროზიულ-აკუმულაციურ პროცესებთან ერთად აქტიური როლი თანამედროვე და ძველ გამყინვარებას ეკუთვნის. მყინვარები ძირითადად გავრცელებულია კავკასიონის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, 3300-3400 მ ზევით. რამდენიმე მცირე მყინვარია შოდა-კედელას და ლეჩხუმის ქედებზე. მდ. რიონის აუზში 73 მყინვარია (საერთო ფართობი 60,4 კმ). კავკასიონზე ყველა დიდი მყინვარი ხეობის ტიპს მიეკუთვნებიან. ესენია: კირტიშო, ედენა, ზოფხიტო, ლაბოდა, ხვარგულა, ბოყო, ბუბა, თბილისა და სხვ. თითოეული მათგანის ფართობი 2,0 კმ2-ზე მეტია, სიგრძე 3-5 კმ. მყინვარების ენები 2400-2600 მ სიმაღლემდე ჩამოდიან.

1965 წლიდან რაჭის მყინვარებზე სტაციონარულ დაკვირვებას ატარებენ ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგები – დადგინდა მყინვარების ბალანსი, რეჟიმი და მოძრაობის ხასიათი. ვიურმული გამყინვარების კვალი კარგად არის შემონახული ტროგული ხეობების, ცირკების და მორენების სახით სამეგრელოს, ლეჩხუმის, შოდა-კედელას და დვალეთის ქედებზე ვიურმული მყინვარების ენები ზ.დ. 1600-1800 მ-მდე ეშვებოდნენ, ხოლო კავკასიონის ქედზე 1000-1200 მ სიმაღლეზე მთავრდებოდნენ (მდ.მდ. – ჩვეშურას, ნოწარულას, ჭანჭახის აუზებში); აღსანიშნავია, რომ ქ. ონის ერატიული ლოდები ბუბა-ბოყოს მყინვარების ერთ- ჯერადი პულსაციის შედეგადაა ჩამოტანილი.

მაღალმთიანი რელიეფი ხასიათდება კლდოვანი, დაკბილული ფორმებით; ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვა ხელს უწყობს მცვივანას კონუსების განვითარებას. შოდა-კედელას ქედის ფერდობებზე რელიეფის დიდი ენერგია და ინტენსიური გამოფიტვითი პროცესები ხელს უწყობენ მძლავრი ღვარცოფების განვითარებას (გიჟეშური, გადარეულა, შხილორი, სხარა, დღვიორა და სხვ.).

საშუალომთიან რაიონში შედის რაჭის ქედი, ხვამლის, ასხის და წედის-კუდაროსკირქვიანი მასივები. რელიეფის მორფოლოგიური სახე ქანების მონოკლინურმა სტრუქტურამ განაპირობა. სამხრეთი ფერდობი ქარაფოვანია, მასზე ზედაპირული კარსტული ფორმები და ეროზიული ხეობებია განვითარებული. კარსტული ფორმები გამოსახულია ძაბრებით და ჭებით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია: უშოლთის, სხანარის, სხვავის, ნიკორწმინდის, ცახის, ბოგას, ქოლოსის, კუდაროს და სხვ. ზოგიერთი მღვიმე მორთულია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სვეტებით, ფარდებით დასხვ. მდინარეები, რომლებიც კირქვიან ზოლში გაედინებიან, ღრმა კანიონებს აჩენენ (ხოტევისწყალი, კრიხულა, ხეორი, შარეულა). რაჭის ქედზე განსაკუთრებით აღსანიშნავია შაორის და შქმერის ქვაბულები. შაორის ტაფობის ძირი კარსტულ პოლიეს წარმოდგენდა; დღეს აქ წყალსაცავია აშენებული. შქმერის ქვაბული კი სინკლინია; მის კიდეებზე მაღალი ქარაფები გვაქვს. ქვაბულის ძირზე მდ. ხეორი გაედინება; იგი უშოლთასთან იკარგება და ქვაგახეთქილას ბოლოს ვოკლუზის სახით გამოდის. მძლავრი ვოკლუზების გამოსასვლელები აღინიშნება ქვედრულას ხეობაში, საიდანაც ხდება ქ. ონის წყალმომარაგება; ასხისა და ხვამლის მასივებთან დაკავშირებული ვოკლუზების წყალი მიეწოდება ქ. ქუთაისის მოსახლეობას.

დაბალმთიანი რაიონი რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულს მოიცავს ონიდან ცაგერამდე. ქვაბულის ფერდობებზე აქტიური მეწყრული პროცესები დაკავშირებულია ოლიგოცენ-მიოცენური ასაკის თიხებთან, ქვიშაქვებთან და, ნაწილობრივ, კირქვებთან. მეწყრები განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი რაჭის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე და ლეჩხუმის ქედზე. აქტივობით გამოირჩევიან სომიწოს, სევის, შარდომეთის, ქორთის, ბუგეულის, ცაგერის, ორბელის და სხვა მეწყრული სხეულები. მთელ მეოთხეულში მეწყრები ცვლიდნენ რელიეფის მორფოლოგიას და დღესაც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. საინტერესოა საირმის ეგზოტექტონიკური მეწყერი, რომლის მოწყვეტის ადგილას ციხისმაგვარი კირქვის კლდეებია შემორჩენილი. რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულში ფრაგმენტების სახით შემონახულია სხვადასხვა ასაკის ტერასების მთელი სპექტრი. ქვაბულის ძირი კი მდ.მდ.რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის თანამედროვე ალუკიური ნალექებითაა დაფარული. მათი სისქე 40-60 მ აღწევს.

რაჭა-ლეჩხუმი მოქცეულია დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში; რელიეფის მორფომეტრიული და მორფოლოგიური თავისებურებები, ზღვიდან საკმაო დაშორება განაპირობებს ჰავის თავისებურებებს. აქაური ჰავა გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტურისაკენ.

მზის ნათების საკმაოდ დიდ ხანგრძლივობას და მზის რადიაციის ინტენსივობას წლის ყველა სეზონში ზომიერი ღრუბლიანობა აპირობებს. მთის რაჭაში (შოვი-ღები) მზის ნათების ხანგრძლივობა 2050 სთ/წელიწადში, ხოლო უფრო დაბალ ზონაში – 2200 სთ/წელიწადში.

რაჭა-ლეჩხუმში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 11,4°-დან -2,4º-მდე. უცივეს თვედ იანვარი ითვლება (-0,2 , -12°), ხოლო უთბილესი თვე აგვისტოა (23º,8º). ტერიტორიის უდიდესი ნაწილისათვის (500-1600 მ ფარგლებში) ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა 22º-23"-ია, ხოლო მაღალმთიან ზონაში 19°. მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურებს შორის სხვაობა (65°); გამონაკლისი მხოლოდ შაორის ქვაბულია (74º), სადაც მაქსიმალური ტემპერატურა 34°-ია, მინიმალური 40 ; აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულში 40° (ცაგერი, ამბროლაური, ჭრებალო).

ატმოსფერული ნალექების წლიური განაწილება სიმაღლის ზრდასთან ერთად იცვლება. ქვაბულში ნალექების წლიური რაოდენობა მცირედ კლებულობს (ჭრებალო – 1034 მმ, ამბროლაური – 983 მმ, ონი –971 მმ), ხოლო შოდა-კედელას ქედთან მიახლოებისას ნალექების რაოდენობა სწრაფად მატულობს (უწერა – 1387 მმ), რაც ქედის ოროგრაფიული „ბარიერული“ ფაქტორით აიხსნება. ამის გამო მთის რაჭაში ნალექების რაოდენობა მცირედ, მაგრამ მაინც კლებულობს. რაჭის ქედის პერპენდიკულარული მდებარეობა შავი ზღვიდან ჰაერის მასების მოძრაობის მიმართ, განაპირობებს წლიური ნალექების დიდ რაოდენობას ნაქერალას ქედის თხემზე და შაორის ქვაბულში (ხარისთვალა – 2012 მმ).

მთელს ტერიტორიაზე ნალექების სეზონურ განაწილებაში ერთნაირი სურათი გვაქვს. ნალექების წლიურ მსვლელობაში ორი პიკია: მაქსიმუმი – მაისსა (100-130 მმ) და ოქტომბერში (90-120 მმ), მინიმუმი – ივლისსა და იანვარში (70-90 მმ).

დაბალმთიან ზონაში თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან აპრილამდე; 1000 მ ზევით – ოქტომბრიდან მაისამდე, ხოლო 2700 მ ზევით – ზაფხულშიც კი. 900-1000 მ-მდე თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 30-50 სმ-ია, ხოლო 1000 მ ზემოთ 90-110 სმ. სეტყვა მხარის ყველა რაიონში მოდის, ხელს უწყობს ღვარცოფების განვითარებას. მთიანი რელიეფის გამო ქარი რაჭა-ლეჩხუმში მთა-ხეობათა ტიპისაა. საერთოდ, აქ ჭარბობს დასავლეთის რუმბის ქარები (66%). ქარის მიმართულების ცვლას სეზონური ხასიათი აქვს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1-2 მ/წმ, მაღალ ზონაში ქარი უფრო ძლიერია (3-5 მ/წმ). სეზონების მიხედვით ქარის სიჩქარე თითქმის თანაბარია.

რაჭა-ლეჩხუმის ჰიდროგრაფიული ქსელის ძირითადი არტერია მდ. რიონია, რომელიც სათავეს იღებს ფასისმთიდან და გადაჭიმულია 130 კმ-ზე. მისი შენაკადე- ბიდან უმთავრესია: ლაჯანური, ასკისწყალი, რიცეული, ლუხუნისწყალი, მარცხენა შენაკადებიდან კი შარეულა, ზნაკვურა, კრიხულა, ბარულა, ხეორი, ჯეჯორა, ღარულა, ჭანჭახი, ნოწარულა, ჩვეშურა, ზოფხიტურა. ცაგერის ქვაბულში მდ.ცხენის- წყალი ტრანზიტულად გაედინება, რომელსაც მარჯვნიდან უერთდება მდ. ჯონოულა. მდ.რიონის აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი ზოგადად მთის მდინარეთა გაბატონე- ბული თვისებებით ხასიათდება. რიონი სხვადასხვა სტრუქტურულ რელიეფს კვეთს და ამიტომ მდინარეების დინების სიჩქარეს და კალაპოტის მორფოლოგიას მორფოს- ტრუქტურული თავისებურებანი განსაზღვრავს.

მდინარეები საზრდოობენ მდნარი (თოვლ-მყინვარული), წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. სიმაღლის მატებასთან ერთად მდნარი წყლების რაოდენობა იხრდება, შესაბამისად, კლებულობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლების შეფარდებითი მაჩვენებლები. მთის რაჭაში თოვლ-ყინულოვანი წყლების წილი საერთო ჩამონადენში 50%-ზე მეტია. მიწისქვეშა წყლების საზრდოობით კარსტული რაიონები გამოირჩევა. წვიმისა და თოვლის წყლების წილი საერთო ჩამონადენში ძირითადია და თითქმის თანაბარი.

მდ.რიონი ქ.ონს ზემოთ ზაფხულის მაქსიმალური ჩამონადენით ხასიათდება (მაის-აგვისტოზე მოდის მთელი ჩამონადენის 61-63%), ხოლო ქვემოთ მაქსიმუმი გაზაფხულს (მაისს) ემთხვევა. მდ. რიონზე, დაბალმთიან ზონაში, წყალდიდობა აპრილში იწყება და აგვისტომდე გრძელდება. მაღალმთიან ზონაში კი წყალდიდობა მაის-აგვისტოშია (მყინვარული საზრდოობის გამო).

მდ. რიონზე ჩამონადენის მინიმუმი ზამთარშია, კერძოდ, მაღალმთიან ზონაში ― იანვარ-თებერვალში, ხოლო საშუალო და დაბალმთიან ზონაში – იანვარში. ანალოგიური რეჟიმი აქვს ცაგერის ქვაბულის მდინარეებს – ცხენისწყალსა და ჯონოულას. რაჭა-ლეჩხუმში ზაფხულის პერიოდში ხშირია თავსხმა წვიმები, რაც დიდ მდინარეებზე წყალმოვარდნებს იწვევს, ხოლო მცირეზე ღვარცოფები ვითარდება. წყალმოვარდნები და ღვარცოფები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ მდინარეების ეროზიულ მოქმედებაში, მყარი მასალის გადატანასა და აკუმულაციაში.

ტბებით რაჭა-ლეჩხუმი ღარიბია. აქ ძირითადად მცირე ზომის კარსტული და მყინვარული წარმოშობის ტბებია. გამონაკლისია მდ. ჯეჯორას შენაკადის მდ. ქვედრულას ხეობაში მდებარე ქვედის ტბა, რომელიც გაჩნდა კლდებოძალიდან მძლავრი კლდეზვავის მოწყვეტის შედეგად. ტბის სიგრძე 970 მ-ია, სიგანე 110 მ, სიღრმე 16 მ. რაჭა-ლეჩხუმში ორი წყალსაცავია – ლაჯანურისა და შაორის. მხარე მდიდარია მინერალური და მტკნარი წყაროებით. აღსანიშნავია: შოვის, უწერის, ონის, ნოწარულას, საგლოლოს, გონის, გლოლის, ურავის, ლაშიჭალის, ლაჩთის და სხვ.

რაჭა-ლეჩხუმის ნიადაგები და მცენარეული საფარი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და, საერთოდ, ბუნებრივ-ლანდშაფტების ვერტიკალურ ზონალობას ემორჩილებიან.

დაბალმთიან ტყის ზონაში, 300-1000 მ-მდე, ადამიანის აქტიური ზემოქმედებით, ბუნებრივი ტყეების საფარი თითქმის განადგურებული ან სახეშეცვლილია. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო იგი სასოფლო-სამეურნეო არეს წარმოადგენს და კულტურული ლანდშაფტითაა წარმოდგენილი; ბუნებრივი მცენარეულობა მხოლოდ ძნელად ასათვისებელ ადგილებშია შემორჩენილი და წარმოადგენილია მუხნარებით, ფიჭვნარებით, მუხნარ-რცხილნარებით, წაბლნარ-რცხილნარებით. ამ ძირითადი ფორმაციების გვერდით გვხვდება უთხოვარი, ცაცხვი, ნეკერჩხალი. ქვეტყეს ქმნის შინდი, მაყვალი, კუნელი, ზღმარტლი, თხილი, ძახველი და სხვა ბალახეული ცენოზები.

ამ ზონაში ქვაბულის ორივე ფერდობებზე უწყვეტი ზოლის სახით კარგადაა განვითარებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც გამოირჩევა მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით; ნიადაგის საერთო სისქე 40-60 სმ-ია და უფრო ღრმად კირქვის ნატეხებში ან დაუშლელ ქანებში გადადის.

მდ.მდ.რიონისა და ცხენისწყლის ხეობების ძირზე ტიპიური ჭალის ტყეები და აზონალური ტიპის ალუვიური ნიადაგებია განვითარებული.

საშუალო და მაღალმთიანი ზონა 1000-2200 მ ფარგლებში მცენარეთა ფორმაციების და ცენოზების მიხედვით განსხვავებულია; კირქვიან ზოლში მცენარეულობა უფრო მრავალფეროვანი და უხვია. 1300 მ-მდე წარმოდგენილია კოლხური ტიპის ასოციაციები და მეზოფილური წიფლის ტყეები, ხოლო ზემოთ შერეული ტყეებია გავრცელებული. ქვეტყეს ქმნიან პონტური შქერი, წყავი, იელი, მოცხარი, ბზა.

წიფლის ტყეები 1400-1500 მ-მდე ვრცელდებიან, გვხვდება, აგრეთვე, ცაცხვი, თელა, წაბლი, ნეკერჩხალი და სხვ. ქვეტყე წარმოდგენილია წყავით, შქერით, იელით, თხილით, ჭყორით, ბზით და სხვ. 1400 მ-დან შერეული და მუქწიწვიანი ტყებია გავ- რცელებული: წიფელი, ნაძვი, სოჭი და სხვ. აღსანიშნავია, რომ მდ.რიონის სათავეებში – ღების ზემოთ და მდ.ლაჯანურის ხეობაში მუქწიწვიანი მცენარეები არ გვხვდება. ტყის ზედა სარტყელი ტანბრეცილასუბალპურ ტყეებს უკავიათ (მთის ნეკერჩხალი, არყი, მთის ტირიფი, როდოდენდრონი და სხვ.).

ტყის ზონაში გავრცელებულია ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგები. სიმაღლესთან ერთად იცვლება მათი განვითარების თავისებურებანი, სისქე, მექანიკური და ქიმიური შემადგენლობა. ტყის ყომრალი ნიადაგები გვხვდება საშუალო და სუსტად დახრილ ფერდობებზე. ისინი გამოირჩევიან საკმაოდ დიდი სისქით (60-100 სმ). წიწვიანი ტეების ქვეშ ღია ყომრალი ნიადაგები, ხოლო კირქვიან ზოლში კი კარგად განვითარებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებია.

სუბალპური და ალპური მდელოების ზონა ტყის ზონის ზემოთ იწყება და მოიცავს ქედების ფერდობებს და თხემებს 2200-2300 მ ზევით. წარმოდგენილია მარცვლოვან-ნაირბალახებით; იზოლირებული უბნების სახით გამოირჩევა შქერი, დეკა, მოცვი (რაჭაში მას მოდგინარი ჰქვია). ამ ზონაში მთა-მდელოს კორდიანი გაეწრებული ნიადაგებია განვითარებული.

ნივალურ-გლაციალური ზონა (3300-3400 მ) ყველაზე ნაკლებად განვითარებული მცენარეული საფარით და ნიადაგებით ხასიათდება. მცენარეულობიდან აღსანიშნავია ხავსები და მღიერები.

რაჭა-ლეჩხუმის ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები ხელშემწყობია მრავალნაირი ცხოველის არსებობისათვის. ტყის ზონაში გვხვდება გადაშენების პირას მდგარი შველი; აქვე ბინადრობს დათვი, მაჩვი, კურდღელი, კატა, ფოცხვერი, ტურა, კვერნა და სხვ. ფართო არეალს მოიცავს მგელი და მელა; ისინი არამარტო ალპურ ზონაში ადიან საკვების საძებნელად, არამედ ხშირად დაბალმთიან ზონაში თავს ესხმიან შინაურ საქონელს და ფრინველს. მწერიჭამიებიდან ბინადრობენ ზღარბი და თხუნელა. რაჭა-ლეჩხუმზე გადის გადამფრენი ფრინველების ტრასები; ფრინველებიდან აღსანიშნავია: მოლაღური, ტოროლა, ჩხიკვი, შაშვი, კოდალა, ყვავი, ქორი, მიმინო და სხვ.

მაღალმთიან ზონაში ბინადრობს ჯიხვი, არჩვი, შურთხი, როჭო, არწივი, ორბი და სხვ.

რაჭა-ლეჩხუმის მდინარეებში გავრცელებულია: წვერა, ქაშაყი, ლოქო და სხვ. თითქმის ყველა მდინარეშია კალმახი. მრავალფეროვანია ქვეწარმავალთა და მწერთა ფაუნა.


რაჭა-ლეჩხუმში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ლანდშაფტები: ნოტიო სუბტროპიკების ბორცვიანი მთისპირეთის ლანდშაფტები, ნოტიო ჰავიანი მთის-ტყის ლანდშაფტები, სუბალპური ლანდშაფტები, ალპური ლანდშაფტები, ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტები.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები