ურალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ურალი“ გადაიტანა გვერდზე „ურალის მთიანი ქვეყანა“)

22:33, 13 მაისი 2026-ის ვერსია

ურალი – სიტყვა „ურალი“ თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს „სარტყელს“, რაც სინამდვილეს შეეფერება, ვინაიდან იგი ქმნის მთების უწყვეტ ვიწრო მერიდიანულ სარტყელს რუსეთისა და დასავლეთ ციმბირის ვაკეებს შორის, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის სანაპიროდან ყაზახეთის სტეპებამდე და ნახევარუდაბნოებამდე თითქმის 2800 კმ-ზე (მუგოჯარების ჩათვლით). მაქსიმალური სიგანე სამხრეთ ურალში 150 კმ აღწევს, ხოლო პოლარულ უდაბნოში იგი კლებულობს 50 კმ-მდე.

ურალის მთიანი ქვეყანა ბუნების ძირითადი ნიშნების მთელი კომპლექსით ნათლად გამოყოფილ რეგიონს ქმნის, რომლის ლანდშაფტების ხასიათს განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული მდებარეობა, უმეტესად ზომიერ სარტყელში და ზომიერად კონტინენტურ აღმოსავლეთ ევროპას და კონტინენტურ დასავლეთ ციმბირს შორის, აგრეთვე, ბუნების განვითარების პალეოგეოგრაფიული პირობები. შუა და სამხრეთ ურალის ველური ბუნება ადამიანის სამეურნეო საქმიანობით მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, განსაკუთრებით სამთა- მადნო რაიონებში.

ურალის მთიანი ქვეყნის ძირითადი ნაწილი რუსეთის ფარგლებშია, მხოლოდ მუგოჯარები ეკუთვნის ყაზახეთს.

სარჩევი

ტექტონიკური აგებულება და რელიეფი

ტექტონიკურად ურალი წარმოადგენს ჰერცინული ციმბირის დასავლეთ პერიფერიას, რომლის ადგილას ქვედა პალეოზოურში არსებობდა გეოსინკლინი, რომელსაც შეეხო კალედონური დანაოჭება, მაგრამ ურალის ამგები გეოლოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ჰერცინულმა ოროგენეზისმა. ურალის რელიეფში ნათლად ჩანს მისი კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. ჰერცინულმა ნაოჭა სტრუქტურებმა ხანგრძლივი დენუდაცია-პენეპლენიზაციის შემდეგ მესამეულის დამლევს და მეოთხეულში განიცადა ვერტიკალურ-დიფერენციალური მოძრაობა, რამაც მნიშვნელოვნად გაააქტიურა ეროზიული პროცესები და წარმოიქმნა ურალის დაბალი და საშუალომთიანი ლოდა-ნაოჭა მთები, რომლის რელიეფის მნიშვნელოვანი ელემენტია სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.

ურალი ურთიერთპარალელური ანტიკლინური მთაგრეხილების და მათი გამყოფი სინკლინური ხეობების სისტემაა. მისი რელიეფისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშანია ნათლად გამოხატული ასიმეტრიულობა, რაც დაკავშირებულია მის გეოლოგიურ და ტექტონიკურ აგებულებასთან. დასავლეთი კალთა დამრეცად ეშვება რუსეთის ვაკეზე, ხოლო აღმოსავლეთი კალთა გაცილებით უფრო ციცაბოა. დასავლეთი კალთა და მიმდებარე მთისწინეთი აგებულია კარბონატების და თაბაშირის შემცველი ქანებით, რასთანაც დაკავშირებულია კარსტული რელიეფი. ცენტრალური, ღერძული მთიანი ზოლი აგებულია გადარეცხვის მიმართ ძლიერ მტკიცე კრისტალური ქანებით, რამაც განსაზღვრა რელიეფის მასიური, საფეხურებიანი, ჰორსტული ფორმები, აღმოსავლეთ კალთის აგებულებაში მონაწილეობს მადანშემცველი სხვადასხვაგვარი სიმტკიცის (დენუდაციის მიმართ) მქონე მეტამორფული და მაგმური ქანები.

ურალის მთების ასიმეტრიულობასთან არის დაკავშირებული რუსეთისა და დასავლეთ ციმბირის ვაკეთა მთავარი წყალგამყოფის აღმოსავლეთისაკენ გადაადგილება, რაც გამოწვეულია დასავლეთ კალთის მდინარეთა გაცილებით აქტიური რეგრესიული ეროზიული მოქმედებით და წინა ურალის იმიერურალთან შედარებით ნეოტექტონიკური აზევების უფრო მაღალი ტემპით.

ყველაზე მაღალი მწვერვალები მთავარი წყალგამყოფიდან დასავლეთითაა. ქედების უმეტესობა ხასიათდება მოსწორებული (ბრტყელი) თხემებით და მწვერვალებით, ცალკეული მთები გუმბათისებურია. რელიეფის ალპური ფორმები გამოხატულია მხოლოდ პოლარული და პორალურისპირა ურალის ყველაზე მაღალ, თანამედროვე გამყინვარების მქონე მასივებზე. თანამედროვე რელიეფში ნათლად არის შემორჩენილი ძველი (ქვედა მეოთხეულის) გამყინვარების კვალი. ჩრდილოეთ და პორალურ ურალში ტყის საზღვრის ზემოთ დამახასიათებელია ყინვით გამოფიტვასთან დაკავშირებული „ქვათა ზღვების“ (კურუმები) ფართო გავრცელება და მთიანი ტერასები.

ურალის რელიეფის მნიშვნელოვანი ელემენტია კარსტული ფორმები, განსაკუთრებით დასავლეთ კალთაზე, სადაც გასწვრივი დეპრესიები ხშირ შემთხვევაში ტექტონიკურ-კარსტული წარმოშობისაა. მღვიმეებიდან ყველაზე დიდია სუმგანი, სამხრეთ ურალში, რომლის სიგრძე შეადგენს 8 კმ-ს. უნიკალურად ითვლება კუნგურის მყინვარული მღვიმე მრავალრიცხოვანი გროტების და მიწისქვეშა ტბებით.

ურალის მთების ღერძული ზონის რელიეფისათვის დამახასიათებელია ტალღობრივი ჰიბსომეტრიული დეფორმაცია – აზევების და დადაბლების უბნების მორიგეობა, რაც წარმოიქმნა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურ მოძრაობათა და სხვადასხვა ლითოლოგიური შედგენილობის მქონე გეოლოგიური სტრუქტურების ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად. ამის საფუძველზე გამოიყოფა განსხვავებული ოროგრაფიული ერთეულები განედური მონაკვეთების სახით, რომლებიც განსხვავდებიან ბუნების სხვა ელემენტების ხასიათის მიხედვითაც:

სუბმერიდიანული მიმართულების პაი-ხოის ჭიუხი

მაქსიმალური სიმაღლე 407 მ, დანაწევრებულია ცალკეულ სერებად და ბორცვებად. პოლარული ურალისაგან გამოყოფილია დაბლობი ტუნდრის ზოლით.

პოლარული ურალი

იგი ვრცელდება დაახლოებით ჩ.გ. 64°-დან ჩრდილოეთით, კონსტანტინოვ კამენის მთამდე (492 მ). ჩრდილოეთი დან სამხრეთისაკენ მთების სიმაღლე მატულობს და მაქსიმუმს (მთელი ურალისთვის) აღწევს მთა ნაროდნაიაზე (1894 მ), რომლის ფარგლებშიც პოლარული ურალის სიგანე მკვეთრად მატულობს (125 კმ- მდე) და დანაწევრებულია ჭიუხებად. სამხრედასავლეთ ნაწილში საბლიას მთიანი მასივი (1497 მ) წარმოქმნის შვერილს პეჩორის დაბლობისაკენ. პოლარული ურალის რელიეფის სკულპტურული ფორმების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ყინვითი გამოფიტვა და მრავალწლიანი მზრალობა. პერიფერიებზე დამახასიათებელია ტროგული ხეობებით ღრმად დანაწევრებული პლატოსმაგვარი მოგლუვებული ზედაპირები. ყველაზე მაღალმთიან სამხრეთ მონაკვეთზე, თანამედროვე გამყინვარების პირობებში, ჩამოყალიბებულია ალპური რელიეფი.

ჩრდილოეთი ურალი

ჩრდილოეთი ურალი მოიცავს ზუსტად მერიდიანულ მონაკვეთს, დაახლოებით ჩ.გ. 64 და 60°-შორის. პოლარულთან შედარებით უფრო დაბალია (მაქსიმალური (1617 მ). მწვერვალების უმეტესობას გუმბათის ფორმა აქვს, ნათლად არის გამოხატული სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული მოსწორებული ზედაპირები, რელიეფის ალპური ფორმები არ არის გამოხატული.

შუა ურალი

ურალის ყველაზე დაბალი მონაკვეთია (მაქსიმალური სიმაღლე 1000 მ ნაკლებია, რომელიც ვრცელდება ჩ.გ. დაახლოებით 56 და 60° შორის. მთები ძლიერ დაშლილი და მოსწორებულია, რის გამოც წყალგამყოფი სუსტად არის გამოხატული. ნათლად და ფართოდ არის გამოხატული დასავლეთი და აღმოსავლეთი მთისწინეთები. დასავლეთი მთისწინეთი გამოირჩევა კარსტული ფორმების სიხშირით.

სამხრეთი ურალი

სამხრეთი ურალისკენ სიმაღლე მატულობს (მწვერვალი იამანტუ, 1640 მ). იგი სამხრეთით ვრცელდება მდინარე ურალის განედურ ხეობამდე. ურალი ამ მონაკვეთზე აღწევს მაქსიმალურ სიგანეს (150 კმ). მთიანი მასივები ბრტყელთხემიანია, ციცაბო კლდოვანი კალთებით.

მუგოჯარები

მუგოჯარები ურალის ტექტონიკური გაგრძელებაა, რომელიც საკუთრივ ურალისაგან გამოყოფილია მდინარე ურალის განედური ხეობით. მაქსიმალური სიმაღლე 657მ-ია, მერიდიანულად გადაჭიმულია 450 კმ-ზე. ჩრდილოეთში იწყება მცირე სიგანის ჭიუხით, რომელიც სამხრეთისაკენ იყოფა ორ, თითქმის ურთიერთპარალელურ ქედებად. დასავლეთი ქედი სამხრეთი მუგოჯარების ყველაზე მაღალი და მდინარეთა ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ნაწილია. აღმოსავლეთი ქედი დანაწევრებულია მოგლუვებულთხემებიან სოპკებად.

ჰავა

ურალის ჰავის ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული მდებარეობა უმეტესად ზომიერ სარტყელში, ზომიერად კონტინენტურ აღმოსავლეთ ევროპისა და კონტინენტურ დასავლეთ ციმბირის ვაკეების მიჯნაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია მთების მერიდიანული მიმართულებით დიდ მანძილზე გადაჭიმულობა. ამასთან, ნათლად არის გამოხატული ჰავის ტიპების ზონალურ-განედური ცვლა, დაწყებული ტუნდრის ჰავით და დამთავრებული ნახევარუდაბნოთა ჰავით.

მცირე სიმაღლის და უმნიშვნელო სიგანის მიზეზით ურალის მთები არ წარმოქმნის მკვეთრად გამოხატულ კლიმატგამყოფს მიმდებარე ვაკეების ფონზე, მაგრამ მაინც საგრძნობია ექსპოზიციის ფაქტორის გავლენა. დასავლეთი კალთა უფრო მეტად და უშუალოდ განიცდის დასავლეთი ციკლონური ქარების გავლენას, ვიდრე აღმოსავლეთი კალთა, რაც ნალექების რაოდენობაში იძლევა სულ ცოტა 100-150 მმ განსხვავებას. ციმბირის ანტიციკლონის გავლენას კი აღმოსავლეთი კალთა უშუალოდ განიცდის, ვიდრე დასავლეთი. ამრიგად, ჰავის ნაირგვარობა ურალში გამოხატულია სხვადასხვა მიმართულებით – განედის, სიმაღლის და მაკროექსპოზიციის.

თერმული კონტრასტები ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის უფრო მკვეთრად ზაფხულშია გამოხატული, ვიდრე ზამთარში. ივლისის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთში პლუს 6-10° ფარგლებშია, სამხრეთში – პლუს 20-24°. ზამთარში განსხვავება მნიშვნელოვნად შერბილებულია, ვინაიდან ყინვიანი ამინდებია ჩრდილოეთშიც (მინუს 20-22) და სამხრეთშიც (მინუს 15-16°). აბსოლუტური მაქსიმუმი შუა ურალში პლუს 31-35°, ხოლო უკიდურეს სამხრეთში –– პლუს 38-40°, აბსოლუტური მინიმუმი პოლარულ ურალში შეადგენს მინუს 50, ხოლო უკიდურეს სამხრეთში მინუს 46°.

ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთ კალთაზე ტერიტორიულად 600- 1000 მმ ფარგლებში იცვლება, ზოლო აღმოსავლეთ კალთაზე – 300-450 მმ. ნალექების 35-509% ზაფხულის პერიოდში მოდის. მყარ ნალექებზე მოდის 20-30%.

დანაწევრებული მთიანი რელიეფის პირობებში დამახასიათებელია ადგილობრივი (მიკრო) კლიმატების მრავალგვარობა. ქვაბულებში ხშირი შემთხვევაა თერმული ინვერსია, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მცენარეულობის და მთლიანობაში სიმაღლითი ბუნებრივი ზონების ინვერსიას. ასე, მაგ., ივანოვოს მაღაროში, 865 მ სიმაღლეზე, ზამთარში ტემპერატურა უფრო მაღალი ან ტოლია მისგან 400 მ-ით დაბლა მდებარე ზლატოუსის მაღაროს ტემპერატურაზე.

შიდა წყლები

ურალის რეგიონს ზედაპირული ჩამონადენი აქვს კასპიის, კარის და ბარენცის ზღვებში. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხასიათდება ხშირი მდინარეთა ქსელით. მისი სიხშირე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და მთისძირებიდან თხემური ნაწილისაკენ მატულობს. ჩამონადენის მოცულობა (ლიტრ წამში ერთი კმ2-დან), ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კლებულობს 40-დან 1-3-მდე. მდინარეთა ქსელი უფრო ხშირი და უხვწყლიანია დასავლეთ კალთაზე, ვიდრე აღმოსავლეთზე. მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი (წლიური ჩამონადენის 40-80%). 20-40% მოდის წვიმის წყალზე, მხოლოდ 10-25% – გრუნტის წყლებზე. აღმოსავლეთ კალთის მდინარეთა საზრდოობაში წვიმის წყლის ხვედრითი წილი გაზრდილია, რაც გამოწვეულია წლიურ ნალექებში თხევადი ნალექის უპირატესობით. ურალის მდინარეთა მნიშვნელოვანი თავისებურებაა ჩამონადენის მცირე რყევადობა წლიდან-წლამდე, გამონაკლისია მხოლოდ უკიდურესი სამხრეთის (სტეპური და ნახევარუდაბნოს) მდინარეები. ყველაზე წყალუხვია პეჩორის აუზის მდინარეები და კამის ჩრდილოეთი შენაკადები, ხოლო ყველაზე წყალმცირე – მდინარე ურალი, დონეების ყველაზე მეტი რყევადობით.

ტბები ურალში შედარებით მცირერიცხოვანია და მცირე სიდიდის, წარმოშობის მიხედვით სხვადასხვა ტიპის – ტექტონიკური, მყინვარული, ტექტონიკურ-მყინვარული, კარსტული, სუფოზური. წყლის სარკის ფართობით (101 კმ2) ყველაზე დიდია არგაზი, ხოლო სიღრმით — ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ტბა შუჩე (სიღრმე 136 მ). ურალში უამრავი გუბურა-წყალსაცავია.

შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე გამყინვარება, რომლის ჯამური ფართობი მცირედ აღემატება 25 კმ2. ურალში მცირე სიდიდის (არაუმეტეს 2 კმ სიგრძის) 122-მდე მყინვარია, უმეტესად კარული და ხეობის ტიპის, ძირითადად პოლარულ და პოლარულისპირა ურალში. მყინვარების უმეტესობა დასავლეთ კალთაზეა.

ურალი მსხვილი სამრეწველო (განსაკუთრებით სამთამადნო) რეგიონია, რასთანაც დაკავშირებულია მდინარეთა გაბინძურება.

ნიადაგ-მცენარეული საფარი ცხოველთა სამყარო და ბუნებრივი ზონები.

ურალის მთებში, მის ვაკეებს შორის დიდ მანძილზე მერიდიანულ გადაჭიმულობასთან დაკავშირებით, სიმაღლებრივი ზონალობა შერწყმულია განედურ ზონალობასთან. მთები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კვეთს სუბარქტიკული და ზომიერი გეოგრაფიული სარტყლების თითქმის ყველა ბუნებრივ ზონას – ტუნდრის, ტყეტუნდრის, ტაიგის, შერეული ტყეების, ტყესტეპების, სტეპის და ნახევარუდაბნოების. ყველაზე ფართოდ გავრცელებულს წარმოადგენს ტყის ეკოსისტემა, რომლის არეალი მოიცავს ტერიტორიას დაახლოებით ჩრდილო პოლარული წრიდან ჩ.გ. 52-მდე და მხოლოდ მაღალ მწვერვალებზე მას ცვლის მთის ტუნდრა, ხოლო სამხრეთ ურალის მთისძირებში – სტეპი. ტყეები უპირატესად წიწვიანია მთის ეწერი ნიადაგებით, რომელიც ციმბირული ტაიგის იერის მატარებელია (ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ციმბირული სახეობები, კედარი და სხვ.). წიწვიანებიდან გავრცელების ყველაზე ფართო არეალი გააჩნია ნიადაგ-კლიმატური პირობებისადმი ყველაზე ნაკლებ „პრეტენზიულ“ დარიქსს, თუმცა იგი წმინდა ნარგავებს არ ქმნის და მთავარი როლი წიწვიანი ტყეების ეკოსისტემის შექმნაში ეკუთვნის ნაძვნარ-სოჭნარს, ხოლო მათ შემდეგ მოდის ფიჭვნარ-ლარიქსიანი კორომები.

წიწვოვან ტყეებს სამხრეთით, შუა და სამხრეთ ურალში, ცვლის შერეული ტყეები კორდიან-ეწერი ნიადაგებით. გავრცელების ფართო არეალი გააჩნია წვრილფოთლოვნებს, განსაკუთრებით კი არყს.

გაცილებით შეზღუდული არეალი გააჩნიათ ფართოფოთლოვნებს (მხოლოდ სამხრეთ ურალის დასავლეთ კალთაზე). ჭარბობს მუხა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა. ამათგან ურალს იქით ვრცელდება მხოლოდ ცაცხვი.

ტყეების გავრცელების სიმაღლითი საზღვარი განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. პოლარულ ურალში იგი გადის 200-300 მ-ს, ჩრდილოეთ ურალში — 450-600, შუა ურალში — 800, ხოლო სახრეთ ურალში იგი აიწევს 1200 მ-მდე.

შერეულ ტყეებს სიმაღლით ცვლის წიწვოვანები. მთის ტყეებსა და მთის ტუნდრას შორის განვითარებულია გარდამავალი სუბალპური ტყე-მდელოს ლანდშაფტი მთა-მდელოს ნიადაგებით. მის მცენარეულობაში შერწყმულია დაბალტანიანი, ტანბრეცილა ტყეები (არყი, კედარი, ნაძვი), ბუჩქები და ტენიანი მდელოები.

დაახლოებით ჩ.გ.57°-დან სამხრეთით მთისწინა ვაკეებზე, ხოლო უფრო სამხრეთით მთების კალთებზეც ტყეების სარტყელს თანდათან ავიწროვებს ტყესტეპი და სტეპი შავმიწისმაგვარი და შავმიწა ნიადაგებით.

ყველაზე არიდულია მუგოჯარების ბუნება, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია ვაციწვერიან ნაირბალახოვან სტეპს, ხოლო სამხრეთი ნაწილი, ავშნიან-ჩარანიან და ავშნიან-მარცვლოვან ნახევარუდაბნოს, რუხი ნიადაგებით.

ურალის ცხოველთა სამყარო მდიდარია და შექმნილია ტუნდრის, ტყის და სტეპის ბინადრებისაგან. ტყის ფაუნა ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ ურალში, სადაც იგი წარმოდგენილია ტაიგის ელემენტებით: მურა დათვი, სიასამური, სამურავი, წავი, ფოცხვერი, ციყვი, ბურუნდუკი და სხვა. ფრინველებიდან ჟრუნი, ყრუანჩელა და სხვა. სტეპის ბინადრებიდან მრავალრიცხოვანია მლრღნელები, მწერები, მტაცებლებიდან მგელი, მელა, ტურა. მდიდარია ფრინველთა ფაუნა.

განედური ბუნებრივი ზონების საზღვრები ურალის მთების ფარგლებში სამხრეთისაკენ არის გაწეული.

ლანდშაფტის რეგიონული კონტრასტები ნათლად არის გამოხატული პოლარულ, ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ ურალს შორის, რომლებიც ქმნიან ძირითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონებს (ოლქების რანგით).

ბუნებრივი რესურსები

ურალი გამოირჩევა მდიდარი და მრავალსახეობრივი ბუნებრივი რესურსებით. პირველ რიგში აღსანიშნავია მინერალური რესურსები. ურალს სამართლიანად უწოდებენ სასარგებლო მინერალების ბუნებრივ მუზეუმს. მის წიაღშია შავი, ფერადი, ძვირფასი და იშვიათი ლითონების მადნების მსოფლიო მნიშვნელობის მარაგი, მდიდარია ნავთით და ბუნებრივი აირით, ძვირფასი ქვებით, მარილებით, საშენი ქვებით და ა.შ.

ურალი მდიდარია ხეტყის და წყლის, ხოლო შუა და სამხრეთი ურალი — მიწის რესურსებით. რეგიონის ფაუნა მდიდარია სარეწაო ცხოველთა სახეობებით.

ურალის ველური ბუნება ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე (შუა და სამხრეთი ურალი) ადამიანის სამეურნეო საქმიანობით მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია. ბუნების დაცვის მიზნით დიდი ყურადღება ექცევა დაცული ტერიტორიების გაფართოებას. მათგან განსაკუთრებით ალსანიშნავია ილმენის მინერალოგიური ნაკრძალი, რომელიც ფუნქციონირების ასაკით (1920 წლიდან) მეორეა რუსეთში.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები