ბალკანეთის ნახევარკუნძული
(ახალი გვერდი: '''ბალკანეთის ნახევარკუნძული''' – ნახევარკუნძული ევროპაში. მ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 73: | ხაზი 73: | ||
[[კატეგორია: ევროპა]] | [[კატეგორია: ევროპა]] | ||
[[კატეგორია:ნახევარკუნძულები]] | [[კატეგორია:ნახევარკუნძულები]] | ||
| + | [[კატეგორია: სამხრეთი ევროპა]] | ||
17:11, 30 აპრილი 2026-ის ვერსია
ბალკანეთის ნახევარკუნძული – ნახევარკუნძული ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუაზღვიური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი საზღვარი სახმელეთოა და მეტნაკლებად პირობითია, გასდევს მდინარე სავას (დუნაის მარჯვენა შენაკადი) და მდინარე დუნაის ქვემო დუნაის ვაკემდე, ხოლო შემდეგ − ამ უკანასკნელის სამხრეთ კიდეს შავ ზღვამდე. დანარჩენ სამ მხარეზე რეგიონს აკრავს ადრიატიკის, იონის, ეგეოსის, მარმარილოს და შავი ზღვები, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების წყლები. საზღვარი ბუნებრივია. მისი ფართობი დაახლოებით 505 ათას კმ2 შეადგენს, აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძე, სიგრძით დაახლოებით 1280 კმ, ჩრდილოეთ მხარეზეა, მერიდიანულად კი გადაჭიმულია 950 კმ-ზე. მის ტერიტორიაზე მდებარეობენ ბალკანეთის ქვეყნები – ბულგარეთი, ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციის ძირითადი ნაწილი. ალბანეთი, საბერძნეთი, რუმინეთის სამხრეთი ნაწილი, თურქეთის ევროპული ნაწილი და იტალიის მცირე უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი.
სარჩევი |
რელიეფი
ბალკანეთის ლანდშაფტების სპეციფიკურობას და ხასიათს ხმელთაშუაზღვიური ევროპის ფონზე განსაზღვრავს მისი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში მდებარეობა ზომიერად კონტინენტურ და კონტინენტურ აღმოსავლეთ ევროპასთან და წინა აზიასთან უშუალო სიახლოვე, ზედაპირის შეუდარებლად უფრო ძლიერი დანაწევრება და ნაკლები სუბტროპიკულობა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი, ყველაზე განიერი და მასიური მხარე, ზომიერ სარტყელშია.
რელიეფი ბალკანეთში ყველაზე უფრო მთაგორიანია, მისი სახელწოდებაც აქედან წარმოდგება, თურქულად სიტყვა „ბალკანი“ მთას ნიშნავს. ვაკე-დაბლობებს შედარებით მცირე ფართობი უკავია. რეგიონის სანაპიროს თანამედროვე მოხაზულობა და რელიეფის ძირითადი ნიშნები ჩამოყალიბდა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკური (მესამეულის დამლევის და მეოთხეულის დასაწყისის) მოძრაობათა შედეგად, რამაც გამოიწვია სახმელეთო კავშირის გაწყვეტა წინა აზიასთან, ვინაიდან ახლანდელი ეგეოსის ზღვის ადგილას არსებულმა ძველმა ხმელეთმა განიცადა დაქუცმაცება-დაძირვა. მისი ფრაგმენტები შემოგვრჩა ეგეოსის ზღვის კუნძულების სახით. ძველი ხეობების დაძირვის შედეგად წარმოიქმნა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. ბალკანეთის ჩრდილო-დასავლეთი პერიფერიის (დალმაციაში) დაძირვის შედეგად წარმოიქმნა დალმაციური (გასწვრივი) სანაპირო. სანაპიროს ამ ტიპმა სახელწოდება აქედან დაიმკვიდრა.
ბალკანეთი გამოირჩევა რთული ტექტონიკური აგებულებით. მის დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე აღმართულია ალპური ნაოჭა სტრუქტურებით აგებული მთიანი სისტემები (დინარის და სტრა-პლანინას), ხოლო შიდა ნაწილს საფუძვლად უდევს კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით აგებული ძველი მყარი შიდა მასივი, რომელმაც მესამეულის დამლევს განიცადა ტექტონიკური დანაწევრება ცალკეულ მასივებად და ქვაბულებად. ბალკანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე სამხრეთისაკენ გაზნექილ რკალს წარმოქმნის სტარა-პლანინას (ბალკანები) მთები, რომელიც სტრუქტურულად და ასაკობრივად კარპატების გაგრძელებას წარმოადგენს. მისი ჩრდილო კალთა, რომელიც დანაწევრებულია მდინარეთა ღრმა ეროზიული ხეობებით, დამრეცად ეშვება მთისწინა ბულგარეთის პლატოზე, რომელიც გადადის ქვემო დუნაის დაბლობზე. მდინარე ისკირი კვეთს მთებს და წარმოქმნის ცნობილ ისკირის გამჭოლ ხეობას, რომლის ძირზეც გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები სოფიის მიმართულებით. სტარა-პლანინის ცენტრალური, ყველაზე მაღალი ნაწილი (მთა ბოტევი 2376 მ) აგებულია კრისტალური ქანებით, უფრო სამხრეთით ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა იმიერ ბალკანეთის ტექტონიკური ქვაბულების (სოფლის, კარლოვის, ყაზანლის და სხვ). ზონა, საითკენაც სტარა-პლანინას მთები ციცაბო კალთებით ეშვება. ქვაბულების ფსკერი ბრტყელია. ყველაზე განიერი და მაღალია (500მ) სოფიის ქვაბული.
ქვაბულების ზონას სამხრეთიდან აკრავს ასიმეტრიული სრედნე- გორიას მთები (რუსულ ლიტერატურაში – ანატიბალკანები), რომელიც ქვაბულებისაკენ დამრეცად ეშვება, ხოლო მისი სამხრეთი კალთები ქარაფოვანია.
ბალკანეთის დასავლეთ პერიფერიაზე სუბმერიდიანულად გადაჭიმულია კაინოზოური ნაოჭა სტრუქტურებით აგებული საკმაოდ განიერი დინარის მთიანეთი და მისი სამხრეთი გაგრძელება პინდის მთები. იგი ისტრიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაებმის სლოვენიის ალპებს. ახლო გეოლოგიურ წარსულში დინარის მთიანეთის დასავლეთი კიდის დაძირვის შედეგად წარმოიშვა ძლიერ დანაწევრებული გასწვრივი ტიპის (დალმაციური) სანაპირო, მრავალრიცხოვანი კუნძულებით და მათი გამყოფი სრუტეებით.
მთიანეთი უმეტესად კირქვებით არის აგებული, რაც დასავლეთ ნაწილში უხვი ნალექების პირობებში ხელს უწყობს კარსტული პროცესების განვითარებას. აქ, კარსტის პლატოზე პირველად იქნა შესწავლილი კარსტული რელიეფი და მისი წარმოქმნის პროცესები, საიდანაც გეოგრაფიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა ამ ცნების და ტერმინის სახელწოდება. ფართოდ გავრცელებულია ე.წ. „შიშველი“, ანუ ხმელთაშუაზღვიური კარსტი, რომლის ზედაპირიც ნიადაგ-მცენარეულ საფარს, აგრეთვე ზედაპირულ ჩამონადენს მოკლებულია და ატარებს უსიცოცხლო უდაბნოს იერს. მიწისქვეშეთშიც კარსტული რელიეფის ყველა ფორმაა. დინარის მთიანეთი ხასიათდება საშუალო მთიანი რელიეფით, მაქსიმალურ სიმაღლეს (2522 მ) აღწევს დურმიტორის მთებში. ალბანეთ-იუგოსლავიის საზღვართან მთიანეთის მთაგრეხილების მერიდიანული მიმართულება იცვლება განედურით. ეს მონაკვეთი ცნობილია ჩრდილო ალბანეთის ალპების (პროკლეტეს მთები) სახელწოდებით (მაქსიმალური სიმაღლე 2692 მ). იგი ძლიერ არის დანაწევრებული მდინარე დუნაის სისტემის მდინარეებით, დამახასიათებელია კარსტული რელიეფი. მისგან სამხრეთით დინარის მთიანეთს აგრძელებს მერიდიანული მიმართულების პინდის მთები (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ), რომელსაც უკავია თითქმის მთელი ალბანეთი და გასდევს დასავლეთ საბერძნეთს, კუნძულ კრეტას ჩათვლით. მისი შემადგენელი ქედები დანაწევრებულია ღრმა ეროზიული ხეობებით.
ბალკანეთის შიდა ნაწილი უკავია მაკედონია-ფრაკიის ძველ მასივს, რომელიც ნეოტექტონიკური რღვევითი მოძრაობის შედეგად დანაწევრდა ლოდა-კრისტალურ მასივებად და მათ გამყოფ ქვაბულებად. ქვაბულები თავდაპირველად ეკავა ზღვას, რომელიც ტბებად გადაიქცა, ხოლო შემდგომ პერიოდში ტბები თანდათან დაშრა. ამჟამად ქვაბულები მჭიდროდ არის დასახლებული. ყველაზე ვრცელი ქვაბულები განლაგებულია მარიცას ხეობის გასწვრივ: ზემო ფრაკიის (ბულგარეთში), ქვემო ფრაკიის, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე. აღსანიშნავია აგრეთვე სკოპლეს (იუგოსლავია), სამკოვსკისა (ბულგარეთი) და სხვ. ქვაბულები. მასივებიდან ყველაზე მაღალია რილა (მთა მუსალა 2825 მ), პირინი, როდოპი ბულგარეთში, ხოლო საბერძნეთში ოლიმპი ( 2911 მ).
ჰავა
მსოფლიოს კლიმატური დარაიონების სქემის მიხედვით ბალკანეთი მთლიანად ხმელთაშუაზღვიურ ოლქში ხვდება. სინამდვილეში, ხმელთაშუაზღვიური ჰავა ტიპურად გამოხატულია მხოლოდ ნახევარკუნძულის დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიაზე. ჩრდილოეთ და შიდა ბალკანეთში ზომიერი ჰავაა კონტინენტური ნიშნებით. მას გაცილებით უფრო ფართო შეხება აქვს კონტინენტთან, თანაც ჩრდილოეთ მხარეზე არ გააჩნია აპენინის ნახევარკუნძულის ანალოგიური დამცავი ბუნებრივი ბარიერი, რის გამოც ზომიერი განედების კონტინენტური ჰაერი წლის ყველა დროს თავისუფლად იჭრება ბალკანეთის ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ სანაპირო რაიონები, რომლებიც კონტინენტური ჰაერის მასებისაგან დაცულია მთაგრეხილებით. მნიშვნელოვანი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი. ჰავის არსებითი კონტრასტები იქმნება პერიფერიასა და შიდა მასივს შორის, ხოლო ამ უკანასკნელის ფარგლებში – მთიან მასივებსა და ქვაბულებს შორის. მთებში სიმალლით ჰავის ცვალებადობა ჩვეულებრივი კანონზომიერი მოვლენაა. დასავლეთ ქარპირა კალთებზე ნალექების რაოდენობა 1000 მმ აღემატება, ხოლო ვაკეებზე და ქვაბულებში არა უმეტეს 500-700 მმ. ჰავის ყველაზე მეტი კონტინენტურობით გამოირჩევა ბულგარეთის პლატო, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცივი კონტინენტური ჰაერის შემოჭრისას ზამთრის ყინვამ შეიძლება 25° მიაღწიოს, ხოლო ზაფხული თბილი და ზომიერად ცხელია, ხშირად გვალვიანი. ზამთარში წარმოიქმნება (ნოემბრის შუა რიცხვებიდან) თოვლის მდგრადი საბურველი.
სამხრეთის მთათაშორის ქვაბულებში სითბო მეტია, მაგრამ გამოხატულია კონტინენტური ნიშნები: ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა უარყოფითია, მაგრამ ნულთან ახლოსაა. ქვაბულებში ვითარდება თერმული ინვერსია, რომლის დროსაც ყინვამ შეიძლება 8-10° მიაღწიოს.
მთიან მასივებზე ჰავა უფრო გრილი (ზედა ზონაში – ცივი) და ტენიანია. თოვლის ზვავების მიზეზით ზოგიერთ უღელტეხილზე მიმოსვლა შეჩერებულია.
დალმაციის სანაპირო ზოლში და კუნძულებზე ჰავა ხმელთაშუაზღვიურია, ცხელი და გვალვიანი ზაფხულით და წვიმიანი თბილი ზამთრით. დინარის მთიანეთის ქარპირა კალთებზე ზოგან ცალკეულ წლებში 5000 მმ მეტი ნალექი მოდის. ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა მთელ დასავლეთ სანაპიროზე დადებითია, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან ცივი კონტინენტური ჰაერის შემოჭრისას ადგილი აქვს ზამთრის ტემპერატურების მკვეთრ დაწევას, რაც დამღუპველად მოქმედებს ციტრუსებზე. ეს მოვლენა შავი ზღვის ბორას (ნოვოროსიისკის სანაპიროზე) ანალოგიურია. სამხრეთის მიმართულებით ხმელთაშუაზღვიური ჰავა უფრო და უფრო ტიპურად არის გამოხატული.
ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლში ხმელთაშუაზღვიური ჰავა იძენს კონტინენტურ ნიშნებს, რაც უმთავრესად ნალექების კლებაში გამოიხატება. ათენში ნალექების წლიური რაოდენობა 450 მმ არ აღემატება. ზაფხული ცხელია (პლუს 25-28°), ზამთარი თბილი (პლუს 7-8°), მაგრამ გამორიცხული არ არის ზომიერად ყინვიანი და თოვლიანი ამინდები.
შიდა წყლები
ზედაპირული ჩამონადენის წარმოქმნის პირობები ბალკანეთის ტერიტორიაზე, ნალექების უთანაბრო განაწილებასთან დაკავშირებით კონტრასტულია. თითქმის ყველა მდინარის საერთო ნიშანია დონეების ძლიერი რყევადობა. ყველაზე უხვწყლიანი და ხშირი, მაგრამ მოკლე მდინარეების ქსელი, ჩამონადენის ხმელთაშუაზღვიური რეჟიმით, ახასიათებს დინარის მთიანეთის დასავლეთ კალთებს. საზრდოობის მთავარი წყაროა წვიმისა და თოვლის ნადნობი წყალი. მეტწილ მდინარეებზე წყალდიდობა ზამთარსა და გაზაფხულზეა. რეგიონის ტერიტორიაზე დიდი სანაოსნო მდინარეები არ გვხვდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ტრანზიტულ დუნაის, ისიც მცირე მონაკვეთზე.
ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის დუნაის აუზს (შავი ზღვის აუზი), დანარჩენი – ადრიატიკის, ეგეოსის და იონიის ზღვებს. წყალგამყოფს ქმნის სტარა-პლანინას, როდოპის და რილას მთები. ყველაზე დიდი მდინარეებიდან აღსანიშნავია დუნაის შენაკადები –სავა, მორავა, ისკირი და სხვ. და შავი ზღვის აუზის მდინარეები –– მარიცა, სტრუმა, ბისტრიცა და სხვ.
ზედაპირულ ჩამონადენს თითქმის მთლიანად მოკლებულია კარსტის ზეგანი (დინარის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი). მისთვის დამახასიათებელია მიწისქვეშა (კარსტული) ჩამონადენი.
ბალკანეთის ყველაზე დიდი ტბები ტექტონიკური და კარსტული წარმოშობისაა. მათგან აღსანიშნავია შკოდერი და ოხრიდი იუგოსლავიისა და საბერძნეთის საზღვარზე.
ბალკანეთის შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია მინერალური და თერმული წყაროები, რომლებიც დაკავშირებულია ტექტონიკური რღვევის ხაზებთან.
ნიადაგ-მცენარეული საფარი
რელიეფისა და ჰავის მრავალფეროვნება თავის მხრივ განსაზღვრავს ნიადაგ-მცენარეული საფარისა და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების მრავალფეროვნებას. ბალკანეთის ფლორა ხმელთაშუაზღვიური ევროპის ფარგლებში ყველაზე უფრო მდიდარია (6500 მეტი სახეობა), რაც თანამედროვე კლიმატურ პირობებთან ერთად განსაზღვრა ბუნების განვითარების პალეოგეოგრაფიულმა პირობებმა: მას არ შეხებია ძველი, მეოთხეული საფრული (ზეწრული) გამყინვარება, რის გამოც მის ტერიტორიას თავი შეაფარა მესამეულის სითბოს მოყვარულმა ფლორამ, რომლის ბევრი რელიქტიც შემონახულია. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აგრეთვე წარსულში მისი სახმელეთო კავშირი წინა აზიასთან. რეგიონი აგრეთვე გამოირჩევა მაღალი ენდემიზმით (27%).
კლიმატური პირობები რეგიონის დიდ ნაწილზე ხელსაყრელია ტყის ეკოსისტემების განვითარებისათვის, მაგრამ ბუნებრივი მცენარეულობა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ადამიანის მიერ არარაციონალური ბუნებათსარგებლობის შედეგად გაჩანაგებულია. ბალკანეთი ხომ უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბების კერებს განეკუთვნება. მთისწინა პლატოების, მთათაშორისი ქვაბულებისა და დაბალმთიანი ზონის უმეტესი ნაწილი თითქმის მთლიანად ათვისებულია.
მარიცას დაბლობის და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ბუნებრივ მცენარეულ საფარში საგრძნობია ხმელთაშუაზღვიური ფლორის ელემენტები.
ქვეყნის ტერიტორიაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება (ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში (700-800 მ-მდე) ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტების ყველაზე უფრო მეზოფილური ტიპი – მაქვისი (ბუჩქისმაგვარი მუხები, ხემაგვარი ღვია, მარწყვის ხე, დაფნა, ბზა, მირიტი მანანა და სხვა) ყავისფერ ნიადაგებზე. შედარებით არიდულ შიდა ქვაბულებში და აღმოსავლეთ რაიონებში მაქვისს ცვლის ფრიგანას ფორმაცია, ადრიატიკისპირეთის ჩრდილოეთში ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტის არეალი მკვეთრად შეზღუდულია ბორას ზემოქმედებით.
ხმელთაშუაზღვიურ ლანდშაფტს სიმაღლით ცვლის შერეული ტყეების ზონა მარადმწვანე და ფოთოლცვენია ხემცენარეებით, რომელსაც ზემოთ მოსდევს ფოთოლცვენია და წიწვოვანი (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) ტყეების ზონა ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე. ფოთოლცვენიებიდან დამახასიათებელია მუხის რამდენიმე სახეობა, რცხილა, იფანი და სხვ.
ჩრდილო-აღმოსავლეთში ზომიერი ჰავის პირობებში ტყიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ხმელთაშუაზღვიური ჰავის პირობებში. მთის ტყეებში უმეტესად იგივე ჯიშებია, რაც სამხრეთ რაიონების მთის ტყეების ზედა სარტყელში. მთის ტყეებს სიმაღლით მოსდევს სუბალპური ლანდშაფტი, რაც ყველაზე მაღალ მთის მასივებზე გადადის ალპური მდელოების ზონაში, რომელიც საძოვრად არის გამოყენებული.
ლანდშაფტური კონტრასტები მკვეთრად არის გამოხატული ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეებს შორის. ადრიატიკისპირეთში და მიმდებარე ფერდობებზე, გაცილებით უხვი ნალექების პირობებში, მდიდარია როგორც ველური, ისე კულტურული მცენარეულობა, განსაკუთრებით იონიის ზღვის კუნძულებზე, მაშინ როცა მოპირდაპირე მხარეს, ეგეოსის ზღვის ზოგიერთი კუნძულის ლანდშაფტი მზისგან თითქმის მთლიანად გადამწვარია და უდაბნოს იერს ატარებს.
უსიცოცხლო უდაბნოს იერს ატარებს აგრეთვე დინარის მთიანეთის კარსტული ზეგნები, განსაკუთრებით კარსტის ზეგანი, რომელიც ზედაპირულ ჩამონადენს და ნიადაგმცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულია.
ამრიგად, ბალკანეთის ჩრდილოეთი და ცენტრალური რაიონების ლანდშაფტებში შერწყმულია ტყისა და სტეპის ეკოსისტემები, მთიან რაიონებში ჭარბობს მთის ტყეები. ვაკეები და მთათაშუა ქვაბულები მეტწილად მეორად სტეპებს უკავია, ხოლო დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიაზე დომინირებს ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტები.
ცხოველთა სამყარო
ბალკანეთის ცხოველთა სამყაროში შერეულია როგორც ხმელთაშუაზღვიური, ისე შუა ევროპის ფაუნის ელემენტები, რომლებიც ბინადრობენ სუსტად ათვისებულ უბნებში. ჭალების დაჭაობებულ ბარდებში გვხვდება გარეული ღორი, მთის ტყეებში – ირემი, არჩვი, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე – გარეული თხა. ყველაზე მიყრუებულ მთებში შეიძლება შეგვხვდეს მურა დათვი. ბევრია მღრღნელი, განსაკუთრებით კურდღელი. მდიდარია ფრინველთა ფაუნა, ტიპური ხმელთაშუაზღვიური ბინადრებიდან ბევრია ქვეწარმავალი. მდინარეები, ტბები და სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია მინერალური რესურსების ნაირგვარობა და მნიშვნელოვანი მარაგი. დინარიდების დასავლეთ კალთებზე და სანაპირო ვაკეებზე მოიპოვებენ მურა ნახშირს, ქვანახშირს, სხვადასხვა მადნებს (რკინა, ქრომი, ნიკელი, სპილენძი და სხვ.), ალბანეთის დაბლობზე – ბიტუმს, ნავთობს, ბუნებრივ აირს, საბერძნეთის ტერიტორიაზე – ბოქსიტებს, მარგანეცს, მაგნეზიტს და სხვ. ქვეყნის ტერიტორია მდიდარია ძვირფასი სამშენებლო მასალებით (მარმარილო, კირქვა, ბაზალტი და სხვ.).
მნიშვნელოვანია აგრეთვე ნიადაგ-კლიმატური და ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
რეგიონი მდიდარია რეკრეაციული რესურსებით. ყოველწლიურად იგი უმასპინძლდება 15 მლნ უცხოელ ტურისტს.