ოლიმპიური კონგრესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი. პარიზი, 1914 წელი

ოლიმპიური კონგრესი - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს სოკ-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში.

განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი.

სარჩევი

1894 წლის 16-23 ივნისი, პარიზი, სორბონი

ორგანიზატორი — საფრანგეთის სპორტული ათლეტიკის საზოგადოებათა კავშირი (თავმჯდომარე — ლეონ დე ჟანვიე, გენერალური მდივანი — პიერ დე კუბერტენი). კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს — 20. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად — პიერ დე კუბერტენი. კონგრესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ

1897 წლის 23-31 ივნისი, ჰავრი

ორგანიზატორი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 60 დელეგატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ესპანეთიდან. განიხილეს სპორტული ჰიგიენისა და პედაგოგიკის საკითხები. მიიღეს დადგენილებები სხვადასხვა საკითხზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ოლიმპიაში. 2016 წელი

1905 წლის 9-14 ივნისი, ბრიუსელი

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი — გრაფი ანრი დე ბაიე ლატური, თავმჯდომარე — პიერ დე კუბერტენი. კონგრესზე მუშაობდა სამი კომისია. განიხილეს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სპეციალისტთა მომზადების, სკოლაში ფიზიკური აღზრდის ორგანიზაციის, სასპორტო ნაგებობათა მშენებლობისა.

1906 წლის 23-25 ივნისი, პარიზი

საკონსულტაციო კონფერენცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის თავმჯდომარე - პიერ დე კუბერტენი. მიიღეს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლიტერატორთა, არქიტექტორთა, მხატვართა, მოქანდაკეთა და მუსიკოსთა კონკურსების ჩართვას. დადგენილება სრულდებოდა 1912-1948 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები