ოლიმპიური კონგრესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი. პარიზი, 1914 წელი

ოლიმპიური კონგრესი - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს სოკ-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი. 2019 წელი

განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი.

სარჩევი

1894 წლის 16-23 ივნისი, პარიზი, სორბონი

ორგანიზატორი — საფრანგეთის სპორტული ათლეტიკის საზოგადოებათა კავშირი (თავმჯდომარე — ლეონ დე ჟანვიე, გენერალური მდივანი — პიერ დე კუბერტენი). კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს — 20. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად — პიერ დე კუბერტენი. კონგრესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ

1897 წლის 23-31 ივნისი, ჰავრი

ორგანიზატორი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 60 დელეგატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ესპანეთიდან. განიხილეს სპორტული ჰიგიენისა და პედაგოგიკის საკითხები. მიიღეს დადგენილებები სხვადასხვა საკითხზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ოლიმპიაში. 2016 წელი

1905 წლის 9-14 ივნისი, ბრიუსელი

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი — გრაფი ანრი დე ბაიე ლატური, თავმჯდომარე — პიერ დე კუბერტენი. კონგრესზე მუშაობდა სამი კომისია. განიხილეს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სპეციალისტთა მომზადების, სკოლაში ფიზიკური აღზრდის ორგანიზაციის, სასპორტო ნაგებობათა მშენებლობისა.

1906 წლის 23-25 ივნისი, პარიზი

საკონსულტაციო კონფერენცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის თავმჯდომარე - პიერ დე კუბერტენი. მიიღეს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლიტერატორთა, არქიტექტორთა, მხატვართა, მოქანდაკეთა და მუსიკოსთა კონკურსების ჩართვას. დადგენილება სრულდებოდა 1912-1948 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე.

1913 წლის 7-11 მაისი, ლოზანა

კონგრესს თავმჯდომარეობდა ბარონი პიერ დე კუბერტენი. მონაწილეობდნენ: ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, აშშ-ისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. კონგრესი მიეძღვნა სპორტის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის საკითხებს. წარმოდგენილი იყო 37 მოხსენება, მათ შორის იტალიელი ისტორიკოსის ფერარას „სპორტის საზღვრები” და ფრანგი ჟურნალისტის პოლ რუსოს „რეკორდსმენის შინაგანი მდგომარეობა”. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი.

Olimpiada.PNG

1914 წლის 15-23 ივნისი, პარიზი

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 29 ქვეყნის ეოკ-ის 120 დელეგატი, აგრეთვე იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ეოკები სოკ-ის მიერ ჯერ აღიარებული არ იყო. ამ კონგრესზე პირველად წარმოადგინეს ოლიმპიადის ხუთი რგოლისაგან შემდგარი ემბლემა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოყვარულ სპორტსმენებს ეძლეოდათ, ქალებს კი ორ სახეობაში — ცურვასა და ჩოგბურთში უნდა ეასპარეზათ.

1921 წლის 2-7 ივნისი, ლოზანა

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 23 ქვეყნის 78 დელეგატი. მუშაობდა სამი კომისია. მიიღეს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც ეროვნულ ფედერაციებს უნდა წარედგინათ ეოკ-ის დამტკიცებული საგარანტიო წერილები სპორტსმენის მიერ მოყვარულის სტატუსის დაცვის შესახებ, აგრეთვე დადგენილებები, რომლებიც ეხებოდა მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობასა და შეჯიბრებაზე სპორტსმენთა დაშვების საკითხებს.

1925 წლის 29 მაისი-4 ივნისი, პრაღა

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 21 ქვეყნის 62 დელეგატი. მიიღეს რეზოლუციები პროფესიული სპორტის განვითარების პირობების, კრივში შეჯიბრების ჩატარების ფორმის, ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა სამედიცინო შემოწმების, სპორტული პრესისა და სხვა საკითხების შესახებ.

1930 წლის 25-30 მაისი, ბერლინი

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 25 ქვეყნის 34 დელეგატი. იმსჯელეს ოლიმპიური შეჯიბრებების პროგრამაზე, სოკ-ისა და ფიფა-ს ურთიერთობაზე. მუშაობდა სამი კომისია. პირველი განიხილავდა მოყვარულობის პრობლემას, მეორე — ოლიმპიური შეჯიბრებების პროგრამას, ხოლო მესამე — სპორტული მოედნების მშენებლობის საკითხებს. ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღეს ტყვიის სროლა.

1973 წლის 30 სექტემბერი-4 ოქტომბერი, ვარნა

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 81 ქვეყნის 307 დელეგატი. განიხილეს სამი ძირითადი საკითხი: თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობა და მისი განვითარება; სოკ-ის, ეოკ-ისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ურთიერთდამოკიდებულება და მომავალი ოლიმპიური თამაშებისათვის სამზადისი. მიიღეს რეზოლუცია, რომ ეთანამშრომლათ დევიზით - „სპორტი მშვიდობის სამსახურში”.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა. 2019 წელი

1981 წლის 23-28 სექტემბერი, ბადენ-ბადენი

კონგრესი მიმდინარეობდა დევიზით: „სპორტით და სპორტისთვის გაერთიანებულნი”. მონაწილეობდა 144 ქვეყნის 409 დელეგატი, აგრეთვე 500 აკრედიტებული ჟურნალისტი. სიტყვით გამოვიდა სოკ-ის საპატიო პრეზიდენტი მაიკლ მორის კილანინი. მიიღეს რეზოლუციები თემებზე: „თანამედროვე სამყარო და ოლიმპიური მოძრაობა”, „თანამედროვე ათლეტი”, „სპორტის სოციალური ასპექტები”, „სპორტი და მასმედია”.

1994 წლის 29 აგვისტო-3 სექტემბერი, პარიზი

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 3 427 დელეგატი. მიიღეს რეზოლუციები თემებზე: „ოლიმპიზმი და მისი ეთიკა”, „ოლიმპიური მოძრაობის სტრუქტურა”, „სპორტი და გარე სამყარო”, „სპორტსმენის როლი და ადგილი საზოგადოებაში”, „სპორტი და პოლიტიკა”, „სპორტი და ეკონომიკა”, „სპორტი განვითარებად ქვეყნებში”, „სპორტი და მასმედია” და სხვა.

2009 წლის 2-5 ოქტომბერი, კოპენჰაგენი

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 1000-ზე მეტი დელეგატი. კონგრესის სახელწოდება იყო „ოლიმპიური მოძრაობა საზოგადოებაში”. დელეგატებმა განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: „ათლეტები”, „ოლიმპიური თამაშები”, „ოლიმპიური მოძრაობის სტრუქტურა”, „ოლიმპიზმი და ახალგაზრდობა”,~ „ციფრული რევოლუცია”.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები