პოლო მარკო
მარკო პოლო – (იტალ. Marco Polo; დ. 15 სექტემბერი, 1254, ვენეცია — გ. 8 იანვარი, 1324, ვენეცია), ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, რომელიც თავის მამა ნიკოლოსთან და ბიძა მათეო პოლოსთან ერთად შეუდგა მგზავრობას შორეულ აღმოსავლეთში დიდი მონღოლ-ჩინეთის ყაენის ხუბილაის (ყუბილაის) სამეფოში. პოლოს ოჯახმა გადაჭრა მცირე აზია და ირანი და მიაღწია ვაჭრობით განთქმულ ნავსადგურ ორმუზს, სპარსეთის ყურის ნაპირას. აქედან პოლოს ოჯახს სურდა წასულიყო აღმოსავლეთისაკენ საზღვაო გზით, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან ადგილობრივ მეზღვაურთა „ხომალდები… ცუდია, და ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ხომალდი შეკრულია არა რკინის ლურსმნებით, არამედ ბაწრით, რომელიც, დამზადებულია ინდოეთის ნიგვზის ხის ქერქისაგან. ასეთი ხომალდით მგზავრობა საშიშია“. ძმებმა პოლოებმა ხმელეთის გზით წასვლა ამჯობინეს და წავიდნენ ჩრდილოეთისაკენ; ხელახლა გადასჭრეს ირანი და გადაიარეს დღევანდელი ავღანეთი, იქიდან ავიდნენ პამირზე; ისინი იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც ინახულეს ეს დიადი მთიანი ქვეყანა. „მიდიხარ სულ ჩრდილო-აღმოსავლეთით, გვაუწყებს მარკო პოლო, სულ მთა-მთა და ადიხარ, როგორც ამბობენ ხოლმე, მსოფლიოში უმაღლეს ადგილზე… თორმეტ დღეს მიდიხარ ვაკეზე, ეწოდება მას პამირი, და მთელი ამ თორმეტი დღის განმავლობაში არ გვხვდება არც საცხოვრებელი სახლი და არც ბალახი, საჭმელი თან უნდა წაიღო…
ჩამოვიდნენ თუ არა პამირიდან პოლოს ოჯახი გაემგზავრა დიდი სავაჭრო გზით, რომელსაც ჩინელი ვაჭრები უწოდებდნენ „აბრეშუმისა და ნეფრიტის გზას“. ამ გზით ჩინეთის ქარავნებს მოჰქონდათ დასავლეთისაკენ აბრეშუმი, და უკან დაბრუნებისას – აღმოსავლეთისაკენ – ჩინელებისათვის ძვირფასი ქვა - ნეფრიტი. ამ გზაზე მდებარეობდა ოაზისები მსხვილი სავაჭრო ცენტრებით –კაშგარი, იარკენდი, ხოტანი, ლოპი (ლობი), შაჯოუ, ხამი.
მარკო პოლო აგვიწერს ლობ-ნორის ოლქს უდაბნო გობის განაპირას; ეს რაიონი არც მარკო პოლომდე და არც მის შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ უნახავს არცერთ ევროპელს, და მხოლოდ 1871 წელს, ინახულა და გამოიკვლია რუსმა მოგზაურმა ნ. მ. პრჟევალსკიმ. პოლოს ოჯახმა გადაჭრა უდაბნო გობი და ბოლოს მიაღწია ყუბილაი ყაენის რეზიდენციას. უკანასკნელმა ისინი მიიღო გულთბილად; ყუბილაი ყაენს ძალიან მოეწონა ახალგაზრდა მარკო. მაშინ, როდესაც მისი მამა და ბიძა ჩინეთში სავაჭრო ოპერაციებით იყვნენ დაკავებულნი, ახალგაზრდა მარკომ მცირე ხანში შეისწავლა ადგილობრივი ენები და ყაენის მიერ აყვანილ იქნა სამსახურში. როგორც ყაენის მსახურმა (მოხელემ), მან იმოგზაურა მონღოლეთ-ჩინეთის იმპერიაში, ინახულა ჩინეთის შორეული ჩრდილო-დასავლეთი განაპირა ნაწილი, როგორც ვარაუდობენ ის იყო აგრეთვე მონღოლი ყაენების ძველ სატახტო ქალაქ ყარაყორუმშიაც; ინახულა ტიბეტიც, აგრეთვე პროვინცია იუნანი და კოხინხინა; იყო ზღვით ინდოეთშიაც. ყველა ქვეყნის შესახებ მარკო პოლომ თავის თანამედროვეებს მეტად კაზმული ენით მოუთხრო. მის მემუარებში უხვადაა მოცემული გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობები, აგრეთვე აღწერილია აღმოსავლეთ ქვეყნების ფლორა და ფაუნა. მარკო პოლო პირველად იძლევა ცნობებს ზებუს, იაკის თეთრი დათვის, სიასამურის, მარტორქისა და გეპარდის შესახებ და აგრეთვე დღეს უკვე გადაშენებული მადაგასკარის ბუმბერაზი ფრინველის შესახებ, ცნობებს იძლევა აგრეთვე სპილოს შესახებ, სხვადასხვა ცხენის ჯიშების, დუმიანი ცხვრების, სხვადასხვა სახეობის მაიმუნების, ვეებერთელა გველების შესახებ სამკურნალო და სურნელოვანი ბალახების შესახებ, ბამბისა და ბამბუკის შესახებ; მარკო პოლო იძლევა აგრეთვე ცნობებს ძვირფასი ქვების, სხვადასხვა ქანების, ქვანახშირისა და ნავთობის შესახებ და ა. შ.
ოცდაოთხი წლის შემდეგ (1271-1295 წ.წ.) შემდეგ პოლოს ოჯახი დაბრუნდა უკან თავის ქვეყანაში შემდეგი მარშრუტით: ნავსადგური ზაიტუნი – ინდოჩინეთი – იავა – მალაკის სრუტე – სუმატრა – ინდოეთი – ცეილონი – აღმოსავლეთ აფრიკისა და არაბეთის სანაპირო, ნავსადგური ორმუზი. უკან დაბრუნებისას მოგზაურობის დროს მარკო პოლომ ინახულა და აღწერა სუმატრის ტროპიკული ტყეები, ნადირობა მარტორქებზე, ანდამანის კუნძულებზე კაციჭამია ხალხის ზნე-ჩვეულება, მარგალიტების მოპოვება ცეილონის ნაპირებთან, კაშალოტებზე ნადირობა, ინდოეთის ოკეანის მეკობრეები და სხვ.
1298 წელს იტალიის რესპუბლიკების – ვენეციისა და გენუის ორი მეტოქე ფლოტს შორის მოხდა საზღვაო შეტაკება, და მარკო პოლო, რომელიც მეთაურობდა ერთ-ერთ ვენეციის ხომალდს, 7 200 თავის თანამემამულით ჩავარდა ტყვედ და დამწყვდეულ იქნა საპყრობილეში. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ მარკო პოლომ იცოცხლა 1324 წლამდე და გარდაიცვალა 70 წლის ასაკში. მარკო პოლოს მოგონებანი - განსაკუთრებით დიდი წარმატებით სარგებლობდა დიადი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, როდესაც ეს წიგნი სამაგიდო წიგნი გახდა ისეთი პიროვნებებისათვის, როგორიც იყვნენ პორტუგალიელი პრინცი ჰენრიხ მეზღვაური, ვასკო-და-გამა,. კოლუმბი და მაგელანი. მარკო პოლოს თხზულება გადათარგმნილია თითქმის ყველა ევროპულ ენაზე.