მჭედლიძე დიმიტრი
დიმიტრი მჭედლიძე – (14. I. 1904, სოფ. სვირი, ზესტაფონის რ-ნი – 21. XII. 1983, თბილისი) ქართველი მომღერალი (ბანი). საქრთველოს სახალხო არტისტი (1954). სწავლობდა თბილისისა (1922-25, ე. რიადნოვის კლ.) და ლენინგრადის (1925-32, პ. ანდრეევის კლ.) კონსერვატორიებში. 1927-32 მ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1933-52 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი, 1950-52 ამ თეატრის სარეპერტუარო ნაწილისა და საოპერო დასის გამგე. 1952-63 და 1967-73 იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1969-73 ამ თეატრის ფილიალის- ქუთაისის საოპერო თეატრის დირექტორი. ფლობდა ლამაზი ტემბრის ხმას. დაჯილდოებული იყო სცენური ნიჭით. მთავარი პარტიებია: ცანგალა (ფალიაშვილის „დაისი“), ბორისი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), გუდალი (რუბინშტეინის „დემონი“ და სხვ.). 1955-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მოწაფეები: თ. ლაფერაშვილი, ჯ. მდივანი, რ. კუბლაშვილი და სხვ. ავტორია წიგნისა „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“ (თბ. 1968) და სხვ.