ტუღუში ნათელა
ნათელა ტუღუში – (31 მარტი 1931, გორი – 17 მაისი 1995, თბილისი), ქართველი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო) საქარტველოს სახალხო არტისტი (1970).
1954 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. შვედოვის კლ.). 1955-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მის მიერ შესრულებული პარტიებია: მარო, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მარგარიტა (ო. თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“), ლიუდმილა (გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“), ლუჩია, ნორინა (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“, „დონ პასკუალე“), ჯილდა, ვიოლეტა (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვ. ნათელა ტუღუშს ბევრჯერ უმღერია სსრკ დიდი თეატრის სცენაზე. გამოდიოდა სოლო კონცერტებით, გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ. 1975-იდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო.