ვაშაკიძე ტარასი
ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე - (8.VI.1876 - 26.II.1937) - ლეგენდარული ქართველი ოფიცერი და სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, I მსოფლიო ომის მონაწილე, წმ. გიორგის ორდენის კავალერი. მეტსახელად ,,შაითან კაპიტანი”.
დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ გუბში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს, სამხედრო სამსახური დაიწყო შავიზღვისპირეთის 149-ე ქვეით პოლკში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი, მიენიჭა პრაპორშიკის სამხედრო წოდება და დაიწყო სამსახური დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში.
1897 წელს ხდება პოდპორუჩიკი, ხოლო 1901 წელს – პორუჩიკი. 1905 წელს ენიჭება შტაბს- კაპიტნის წოდება. 1913 წელს ინიშნება 154-ე ქვეითი პოლკის მე-14 ასეულის მეთაურად და ენიჭება კაპიტნის წოდება.
სწორედ ამ თანამდებობაზე და ამ წოდებით შეხვდა იგი I მსოფლიო ომის დაწყებას. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. სარიყამიშის ოპერაციის დროს (1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარი) გამოიჩინა საარაკო გმირობა და თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი. სწორედ მაშინ ეწოდა მას ,,შაითან-კაპიტანი“. ამ ამბავს იგი ასე აგვიწერს 1915 წლის 22 ივლისს პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი გაგზავნილ წერილში:
„1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: ,,დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა:
,,ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის სარდალი გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".
სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა . გამოჩენილი გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916 წ.). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი უბოძა სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ (1915 წლის 31 ივლისი), რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. ეს ჯილდო მას პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გადასცა.
კაპიტან ვაშაკიძის ამ საარაკო გმირობამ ფაქტობრივად განსაზღვრა კიდეც სარიყამიშის ოპერაციის შედეგები, რომელიც ოსმალთათვის სრული კატასტროფით დასრულდა.
გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის ორდენის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 7 იანვარს); წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (მახვილებით – 1915 წ.); წმ. ანას II (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) ხარისხის ორდენით.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. იმავე წლის მარტში ტარას ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. მსახურობდა კავკასიის ფრონტზე. 1918 წლის 8 მაისს ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის მიერ ენიჭება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ირიცხებოდა გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში, რომელმაც რუსი ბოლშევიკური შენაერთებისაგან გაწმინდა აფხაზეთი და შავიზღვისპირეთი. 1918 წლის ივნისში იყო გაგრის ფრონტის სარდალი, შემდეგ – ქალაქ ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი.
თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ მხრიდან სამხედრო აგრესიის აღკვეთისა და ლიკვიდაციის შემდეგ, 1919 წლის ივნისიდან, ინიშნება ახალციხის ფრონტის სარდლად და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორად.
1920 წლის დასაწყისში დაინიშნა დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ლი ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი სხვა გენერლის მსგავსად არ წასულა საქართველოდან და დარჩა სამშობლოში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ,,სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს. იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში.
გარდაიცვალა 1937 წლის 26 თებერვალს. დეტალები უცნობია. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი გენერლები
- რუსეთის არმიის ქართველი გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები
- ვაშაკიძეები