დეპრესიული აშლილობები
დეპრესიული აშლილობები -- დეპრესია შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს. ის აფექტური აშლილობების განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს და ჩვეულებრივ თავს იჩენს შიზოფრენიის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების, კვებითი აშლილობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის დროს. დეპრესია შეიძლება ორგანული დარღვევების შემთხვევაშიც გამოვლინდეს.
დეპრესიული აშლილობები უნდა განვასხვავოთ:
- ჩვეულებრივი დარდისგან;
- შფოთვითი აშლილობებისგან;
- შიზოფრენიისგან;
- ტვინის ორგანული სინდრომისგან.
დეპრესიისა და ჩვეულებრივი დარდის დიფერენცირება ხდება დეპრესიული სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის გათვალისწინებით. დეპრესიული აშლილობა მაღალი კომორბიდობით გამოირჩევა. ხშირია თანმხლები შფოთვითი, კვებითი და პიროვნული აშლილობები ან ნარკომოხმარება. ყველა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დეპრესიის ამოცნობა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.
სარჩევი |
დეპრესიის კლასიფიკაცია
ზოგადი შეთანხმება დეპრესიული აშლილობების კლასიფიკაციის საუკეთესო მეთოდზე ჯერჯერობით მიღწეული არ არის. არსებობს რამდენიმე მიდგომა:
- კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით;
- კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით;
- კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით.
კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით
ისტორიულად განასხვავებდნენ ორი სახის დეპრესიულ აშლილობას. ითვლებოდა, რომ ერთ შემთხვევაში სიმპტომები მხოლოდ შინაგანი, გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო განპირობებული (ენდოგენური დეპრესია), ხოლო მეორე შემთხვევაში, სიმპტომები გარე სტრესორზე საპასუხოდ ვითარდებოდა (რეაქტიული დეპრესია). მრავალი წლის განმავლობაში ასეთი დაყოფა არადამაკმაყოფილებლად იყო მიჩნეული. მაგალითად, ლუისი (Lewis, 1934) წერდა:
„ყველა დაავადება ორი ფაქტორის შედეგია - გარემო ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. კონსტიტუციური ფაქტორებია წამყვანი, თუ გარემო ფაქტორები, ეს ვერასოდეს გახდება განსჯის საგანი“.
დეპრესიის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვისას, საჭიროა სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორების ხვედრითი წილის გათვალისწინება. არც ICD-10 და არც DSM-IV კლასიფიკაციებში რეაქტიული და ენდოგენური დეპრესიის კატეგორიები არ არის შესული.
კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით
- მელანქოლიური დეპრესია
- ფსიქოზური დეპრესია
- არამელანქოლიური დეპრესია
კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით
- უნიპოლარული აშლილობები
- ბიპოლარული აშლილობები
დეპრესიული აშლილობის კლასიფიკაცია ICD-10 და DSM- IV-ის მიხედვით
ორივე კლასიფიკაციაში, ICD-10-სა და DSM-IV-შიც, დეპრესიული ეპიზოდი განისაზღვრება სიმწვავისა და ფსიქოზური სიმპტომების არსებობისა ან არარსებობის მიხედვით. ასევე, ცალკეა გამოყოფილი დეპრესიული ეპიზოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მელანქოლიური (DSM-IV მიხედვით) ან სომატური (ICD-10 მიხედვით) ნიშნები. DSM-IV კლასიფიკაციაში ასეთი დიდი დეპრესიული ეპიზოდი კლასიფიცირდება, როგორც ატიპიური დეპრესია, ხოლო ICD-10 კლასიფიკაციაში, როგორც „სხვა დეპრესიული ეპიზოდი“. როგორც DSM-IV, ასევე ICD-10 კლასიფიკაციაში შესულია რეკურენტული ხანმოკლე დეპრესია, თუმცა ოდნავ განსხვავებული სახელწოდებებით.
ICD-10 DSM IV დეპრესიული ეპიზოდი დიდი დეპრესიული ეპიზოდი მსუბუქი მსუბუქი საშუალო საშუალო მძიმე მძიმე მძიმე ფსიქოზით მძიმე ფსიქოზით სხვა დეპრესიული ეპიზოდები ატიპიური დეპრესია რეკურენტული დეპრესიული აშლილობა დიდი დეპრესიული აშლილობა რეკურენტული მიმდინარე ეპიზოდში მსუბუქი მიმდინარე ეპიზოდში ზომიერი მიმდინარე ეპიზოდში მძიმე მიმდინარე ეპიზოდში მძიმე დეპრესიული რეკურენტული აშლილობა ფსიქოზური სიმპტომებით მაგალითი რეკურენტული დეპრესიული აშლილობა რემისიის მდგომარეობაში გუნებ-განწყობის ხანგრძლივი აშლილობები დისთიმიური აშლილობები ციკლოთიმია დისთიმია გუნებ-განწყობის სხვა აშლილობანი სხვა მხრივ დაუზუსტებელი გუნებ-განწყობის აშლილობა ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია
ეპიდემიოლოგია
მოსახლეობის კვლევისას დეპრესიული ეპიზოდის ზუსტი საზღვრების დადგენა რთულია, თუმცა, უკანასკნელი კვლევებით, რომლებშიც DSM-IV-ის კრიტერიუმები გამოიყენეს, განვითარებულ ქვეყნებში შემდეგი შედეგები მიიღეს (Alonso et al., 2004):
- მოსახლეობაში დიდი დეპრესიის 12-თვიანი გავრცელების სიხშირე 2-5% -ია;
- სიცოცხლის მანძილზე დეპრესიის გამოვლენის მაჩვენებელი სხვადასხვა კვლევებში მნიშვნელოვნად განსხვავდება (4-30%). ზუსტი ციფრი, სავარაუდოდ, 10-20%-ს შორის მერყეობს;
- დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 27 წელი;
- განსხვავებულ კულტურებშიც დეპრესია თითქმის ორჯერ მეტია ქალებში, ვიდრე - მამაკაცებში;
- 1945 წელსა და შემდგომ დაბადებულ ადამიანებს დეპრესიის მაჩვენებელი შესაძლოა გაზრდილი ჰქონდეთ;
- დეპრესიის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ უმუშევარ და განქორწინებულ პირებს;
- დიდი დეპრესიის დროს ხშირია კომორბიდობა, განსაკუთრებით, შფოთვითი აშლილობებისა და
ნარკომოხმარების.
მიზეზი იმისა, თუ რატომაა ქალებს შორის მაღალი მაჩვენებელი, დადგენილი არაა. სიხშირე იზრდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და, შესაძლოა, გარკვეულწილად, ქალებში დეპრესიული სიმპტომებისადმი მომატებული მზაობის მიზეზს წარმოადგენდეს. თუმცა, ასეთი „არჩევითი” ახსნა ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება. დეპრესიის მქონე მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ალკოჰოლის დიდი ოდენობით მომხმარებლები არიან, რაც ნიღბავს დეპრესიულ სიმპტომატიკას, შესაძლებელია სწორედ ამიტომ, უპირატესად, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ. თუმცა, არც ეს მოსაზრება იძლევა სრულყოფილ ახსნას სქესთან დაკავშირებული განსხვავების თაობაზე. სქესთან დაკავშირებული ნეირო-ბიოლოგიური განსხვავებები (მაგალითად, სეროტონინული ცენტრალური გადაცემის გზის ორგანიზება) რამდენად განაპირობებს დეპრესიისადმი წინაგანწყობას, მომავალი კვლევის საგანია. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ კულტურაში ქალები სოციალური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ობიექტს წარმოადგენენ. ისინი უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ვიდრე მამაკაცები. ამდენად, მსგავსი ფაქტორებიც შესაძლოა განაპირობებენ ქალების მომატებულ დეპრესიულობას.
ადრე ითვლებოდა, რომ დეპრესიული აშლილობების განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია ყველაზე მეტად გავრცელებულია 18-44 ასაკობრივ ჯგუში. 1945 წელს და შემდგომ დაბადებული პაციენტების კვლევამ ინდუსტრიულ ქვეყნებში გამოავლინა ამ პოპულაციაში ცხოვრების მანძილზე დეპრესიის განვითარების მომატებული რისკი და პირველი ეპიზოდის განვითარების უფრო ახალგაზრდა ასაკი. ეს კვლევები ძირითადად რეტროსპექტულია და, შესაძლოა, ახალგაზრდებთან შედარებით, ასაკოვან პაციენტებთან დეპრესიული ეპიზოდების შემთხვევებში ნაკლებია, რადგან მათ დაქვეითებული აქვთ მეხსიერება, ან წარსულში გადატანილი დეპრესიული მდგომარეობის გამჟღავნება არ სურთ (Joyce, 2000; Paykel, 2000).
წყარო