კაბუკი
კაბუკი – იაპონური თეატრის სახეობა. ჩამოყალიბდა და განვითარდა მე-17-18 საუკუნეებში.
მე-16 საუკუნეში სიტყვა „კაბუკით“ აღნიშნავდნენ ექსტრავაგანტურ ქცევას, მანერას, ჩაცმულობას; ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ, აგრეთვე, მოხეტიალე მსახიობებსაც. კაბუკის ხელოვნება აღმოცენდა კომედიანტების მიერ სიმღერით და ცეკვით შესრულებულ პატარა სცენების, ფარსების საფუძველზე. დასაწყისში წარმოდგენებს მართავდნენ ღია მოედნებზე, შემდგომ კი სახელდახელო ნაგებობებში, ბალაგანებში. განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალების მიერ სიმღერით და ცეკვით შესრულებული წარმოდგენები. მე-17 ს. დასაწყისში სახელი გაითქვა ქალთა დასმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ო-კუნი. ისტორიულად კი, კაბუკის თეატრის წარმოშობა ბუდისტური ტაძრის ქურუმი მოცეკვავე ქალის, ოჯიმუ-ნოს სახელთანაა დაკავშირებული.
1629 წ. საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის მიზნით, აკრძალულ იქნა ქალთა დასების თეატრალური მოღვაწეობა. მათი ადგილი დაიკავა ჭაბუკების დასებმა, რომელთა მოღვაწეობაც 1651 წელს ასევე ზნეობის დაცვის მოსაზრებით აიკრძალა. ამ დროიდან მოყოლებული, დასები იქმნებოდა მსახიობ-მამაკაცებისაგან. გამომუშავდა ქალების როლების შემსრულებელთა განსაკუთრებული ამპლუა. ეს დასები მოღვაწეობდნენ ფეოდალური იაპონიის დიდი ქალაქების – კიოტოს, ოსაკას, ედოს მუდმივ თეატრალურ ნაგებობებში.
მე-17 საუკუნის დამლევს კაბუკის ხელოვნება ჩამოყალიბდა მაღალგანვითარებულ პროფესიულ თეატრად. მისი დრამატურგიის ფორმირებას ხელი შეუწყო ჩიკამაცუ მონძაემონის შემოქმედებამ, რომელიც პიესებს წერდა მსახიობ საკატა ტოოჯუუროოსათვის. კაბუკის დრამატურგიის განვითარება დაკავშირებულია მე-14-15 საუკუნეებში სალაპარაკო დრამის, კიოგენის აღმოცენებასთან. სამსახიობო შესრულება აგებული იყო „მიბაძვის“ საფუძველზე, ანუ სინამდვილის ასახვისა და ადამიანის სულიერი ცხოვრების გადმოცემის პრინციპებზე. მამაკაცის ტრაგიკული როლების შემსრულებლები გადმოსცემდნენ ძალას, ვნებათა ბობოქრობას, ტემპერამენტს. ქალების ტრაგიკული როლების შემსრულებლები გადმოსცემდნენ სირბილეს, სიძაბუნეს. ამ ელემენტების საფუძველზე ჩამოყალიბდა ისტორიული ტრაგედია ძიდაიმონო – კაბუკის დრამატურგიის ორ მთავარ ჟანრს შორის პირველი. თანამედროვეობის ამსახველ პიესებში, რომლის მთავარი გმირები იყვნენ „სიყვარულის უბნის“ მცხოვრებლები, მსახიობები გადმოსცემდნენ მწუხარე სასიყვარულო განცდებს. ასე იშვა კაბუკის თეატრში მგრძნობიარე მელოდრამა. იმ პიესების მიხედვით, სადაც ასახული იყო ვაჭართა და თავადაზნაურთა ცხოვრება, ჩამოყალიბდა ყოფითი დრამა „სევამონო“, მნიშვნელობით მეორე, კაბუკის დრამატურგიის ორ ძირითად ჟანრს შორის. კაბუკის თეატრის წარმოდგენებში, რომლებიც თავდაპირველად საცეკვაო სცენებისგან შედგებოდა, მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩაერთო ტექსტი, რომელსაც იმ დროისათვის თავად მსახიობები წერდნენ.
კაბუკის თეატრის ხელოვნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როცა მის რეპერტუარში შევიდა ჯოორურის მარიონეტების თეატრის პიესები. მოხდა ერთგვარი მისადაგება კაბუკის და ჯოორურის ტრადიციებისა, რამაც კაბუკის შესძინა ახალი მხატვრული გამომსახველობა. სპექტაკლში შენარჩუნებულ იქნა მთხრობელი, ჯოორურის წარმოდგენების აუცილებელი პერსონაჟი მის მონათხრობს მსახიობები ასახავდნენ პანტომიმით. ასე დამკვიდრდა კაბუკის თეატრში პანტომიმა. კაბუკიში ყველა მნიშვნელოვან სცენას ახლდა მუსიკა, რომლის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა. ასეთმა მრავალფეროვნებამ მოითხოვა შესაბამისი აქტიორული ტექნიკის შემუშავება და ფორმის („კატა“) გამოკვეთა („ტაჩიმავარი“, „ტომბოგაერი“, „ჰიკინუკი“, სტოპ-კადრის მოძრაობა – „მიე“). შეიქმნა პოზების და მოძრაობების კომპლექსი, რომელთა მიხედვით მსახიობს უნდა გადმოეცა გმირის სულიერი განცდები. ისინი დანაწილებულ იქნა ამპლუების შესაბამისად. თავისი ფორმა შეიძინა ყველა ემოციამ, ყოველმა სცენურმა სიტუაციამ. ამას ხელი შეუწყო კაბუკიში მარიონეტების ხელოვნების შეჭრამ.
კაბუკიში ჩამოყალიბდა ამპლუები: გმირი, ბოროტმოქმედი, გოგონა, ჭაბუკი, მოხუცი ქალი, მოხუცი კაცი, კომიკოსი. მსახიობები, რომლებიც ქმნიდნენ შესრულების საკუთარ სტილს, მას მემკვიდრეობით გადასცემდნენ თავის მოწაფეებს, რომელთა შორის საუკეთესო იღებდა მასწავლებლის სახელსაც. პროფესიულ-ამქრული ჩაკეტილი ორგანიზაციის გამო, მემკვიდრეობა გადადიოდა მამიდან შვილზე ან ნაშვილებზე. ასეთმა მემკვიდრეობითობამ წარმოშვა მსახიობთა დინასტიები.
მოქმედების ადგილის ხშირი ცვლა კაბუკის თეატრში, მოითხოვდა დეკორაციების ხშირ ცვლას; ეს მიღწეულ იქნა მბრუნავი სცენის („მავარი ბუტაი“) მეშვეობით, მოქმედების ადგილის სცენიდან ავანსცენაზე და ჰანამიჩიზე („ყვავილთა ბილიკი“) – მაყურებელთა დარბაზის შუაგულში ამაღლებულ ფიცარნაგზე გადატანით. „ყვავილთა ბილიკი“ განკუთვნილი იყო, ძირითადად, პერსონაჟების სცენაზე შემოსასვლელად და გასასვლელად, თუკი ამას მოქმედება მოითხოვდა.
კაბუკის თეატრისათვის პიესები იწერებოდა პარტიტურის მსგავსად. მასში მოცემული იყო ტექსტი, სარეჟისორი გეგმა, მითითებანი მსახიობთათვის, მთხრობელისა და მუსიკოსებისათვის. ასეთი პარტიტურის შესაქმნელად დასში არსებობდა სპეციალური საამქრო. მათი შემადგენლობიდან გამოყოფილი იყო მთავარი დრამატურგი და პიესა იდგმებოდა მისი ავტორობით. ხშირად დრამატურგი ქმნიდა მხოლოდ მონახაზს, რომელსაც შემდგომ ამუშავებდნენ მისი თანაშემწეები. კაბუკის გამოჩენილი დრამატურგები გახდნენ: საკატა ტოძიურო, იოსიძავა აიამე, იტიკავა დანსურო I, ვატაკავე მოკუამი, ნამიკი სიოძო, ნამიკი გოპეი, საკურადა ძისკე და რაც მთავარია, მონძაემონ ჩიკამაცუ. ჩიკამაცუ ხშირად ჯოორურის თეატრისთვისაც წერდა და ეს პიესები კაბუკის თეატრშიც იდგმებოდა.
მე-19 ს. 70-იან წწ. იაპონიაში დამყარდა კაპიტალიზმი. წარმოიშვა ახალი მოთხოვნები თეატრის მიმართ. ამან გამოიწვია ევროპული ტიპის თეატრების წარმოშობა და გავლენა იქონია კაბუკის თეატრზეც. დაიწყო ბრძოლა შტამპების, დაკანონებული პირობითობების წინააღმდეგ. განახლდა სამსახიობო ხელოვნება. კაბუკის თეატრმა შეძლო საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და ამავე დროს იქცა თანამედროვეობის მსახველ უნიკალურ თეატრად.