კარტოგრაფია
კარტოგრაფია – (cartography, mapping science), უძველესი მეცნიერება, როგორც ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია. ძველ დროში კარტოგრაფია გეოგრაფიის წიაღში ვითარდებოდა. ბერძენმა მეცნიერმა კლავდიოს პტოლემემ (ახ. წ. .II ს.) დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციების თეორია და განსაზღვრა 8 000 პუნქტის კოორდინატი. მის ნაშრომში, „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, სადაც მოცემულია მსოფლიოსა და მისი ნაწილების რუკები, ნათქვამია, რომ გეოგრაფია არის დედამიწის ცნობილი ნაწილის ხაზობრივი გამოსახულება. ტერმინი „კარტოგრაფია“ პირველად იქნა მოხსენიებული 1840 წელს „გეოგრაფიული საზოგადოების ბიულეტენის“ ფრანგულ გამოცემაში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის განსხვავებული ინტერესების გამო კარტოგრაფია გამოეყო გეოგრაფიას და XX საუკუნიდან განიხილება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება გეოგრაფიასთან კავშირში.