მცირე ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 13 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ტოროლა (ლათ. Calandrella cinerea Gmelin, 1789) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − მცირე ტოროლა და რუხი ტოროლა

მცირე ტოროლა დაახლოებით ბეღურასოდენა ფრინველია, ფრთა 80-100 მმ, კუდი − 55-65 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 20-25 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. საერთო შეფერილობა საკმაოდ ცვალებადია, მაგრამ უპირატესად მორუხო ან ჟანგმიწისფერ-ქვიშისფერია; მუქი ღერძულა შტრიხები მხრებზე უფრო ვიწროა, ხოლო ზურგზე – უფრო ფართო. თავი მოქარცისფროა, წარბები მკრთალი ჩალისფერი; ყურების ბუმბულები მურაა, უფრო მუქი მის ზემო კიდეებზე. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, ცვილისფერი ელფერით. კისრისა და ჩიჩახვის გვერდებზე თითო მუქი ლაქაა. მკერდის გვერდები მოწაბლისფროა – არახშირი მუქი წინწკლებით. ფრთების მფარავები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით. მომქნევები და საჭის ბუმბულებიც მუქი მურაა. საჭის კიდურა ბუმბულების გარეთა მარაოები და ნაწილობრივ შიგნითა მარაოები თეთრია. საჭის შუა წყვილი ზურგის ფერისაა. ნისკარტი – მურა, ფეხები – მკრთალი მურა.

აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მცირე ტოროლა – C. c. brachydactyla Leisler, 1814.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს (არაა საჰარაში, მდ. ნიგერისა და კონგოს შორის); სამხრეთ ევროპას – ჩრდილოეთით საფრანგეთისა და უნგრეთის ცენტრალურ რაიონებამდე, კიევამდე და შუა ვოლგამდე; აზიაში – მცირე აზიას, არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ირანისა და ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილებს, შუა აზიას, ყაზახეთს, ცენტრალურ აზიას – იმიერბაიკალეთამდე. ზამთრობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მობუდარია, დასავლეთში – მიმომფრენი.

ბიოტოპი

ველებისა და ნახევარუდაბნოების ქვა-ღორღიანი, თიხნარი, ქვიშნარი ან მლაშობი ადგილები, დაბეჩავებული მცენარეულობით, მეჩხერი, დაბალმოზარდი ბუჩქნარებით.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე, აბზინდას ან რომელიმე მარცვლოვანი ბალახის კორდის ძირში, პატარა ორმოში. ბუდე კარგადაა დაწნული ხმელი ბალახისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ. დებს 4-5 კვერცხს, პირველად აპრილის ბოლოს, ხოლო მეორედ – ივნისში. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა, მაგრამ იგი დაახლოებით 12-13 დღეს უნდა უდრიდეს.

კვება

ზაფხულის საკვებში ჭარბობს მწერები – ჭიანჭველები, ხოჭოები, ფოთოლჭამიები, ბაღლინჯოები, მხედრები და სხვა. შემოდგომითა და ზამთარში ჭამს უპირატესად ხორბლის, ქერის, ფეტვის დაცვენილ მარცვლებს, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლებს.

მნიშვნელობა

მავნე მწერებისა და სარეველა მცენარეთა თესლების მასობრივად განადგურებით, მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები