ინანიშვილი რევაზ
რევაზ ინანიშვილი − (დ. 20 დეკემბერი, 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი), ქართველი მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977).
დაიბადა 1926 წელს სოფელ ხაშმში (საგარეჯოს რაიონი). 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; სწავლა ერთ ხანს შეწყვეტილი ჰქონდა, მუშაობდა მშენებლობაზე კახეთში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ განყოფილების გამგედ, შემდეგ — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სასცენარო განყოფილების რედაქტორად; მონაწილეობდა მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის მუშაობაში.
რევაზ ინანიშვილი უახლესი ქართული პროზის მნიშვნელოვანი ოსტატია, მისი პირველი მოთხრობა, სახელწოდებით „სახსოვარი“, 1950 წელს დაიბეჭდა სტუდენტური ალმანახის „პირველი სხივის“ ფურცლებზე. მოთხრობების პირველი კრებული „მეგობრისადმი მინაწერი წერილებიდან“ 1958 წელს გამოქვეყნდა. პირველსავე კრებულში გამოიკვეთა რევაზ ინანიშვილის შემოქმედების თავისებურებანი: თემატური სამყარო და მასალა — სოფელი და სოფლის ადამიანები, ხასიათების ძერწვა — ოსტატური და უტყუარი, ენობრივი ნიუანსებისადმი გამახვილებული ყურადღება, სიტყვიერი ქსოვილი — მდიდარი და უხინჯო, ადამიანისადმი გულშემატკივრობა და სათუთი სიყვარული, თხრობის ლირიზმი და ყველაფერი, რასაც მის პროზაში ვაჟა-ფშაველას პროზასთან ანათესავებენ, რაც არაერთხელ აღნიშნულა ჩვენს კრიტიკაში.
აღნიშვნის ღირსია რევაზ ინანიშვილის მუშაობა კინოდრამატურგიის დარგში. მწერლის კალამს ეკუთვნის სცენარები ფილმებისათვის: „არდადეგები“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ფერმა მთაში“, „ზაფხული სოფლად“, „პასტორალი“ (თანაავტორი რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „ნატვრის ხე“ (გიორგი ლეონიძის მოთხრობათა მიხედვით, თანაავტორი რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიან“ (თანაავტორი რეჟისორი გიორგი შენგელაია).
რევაზ ინანიშვილის რჩეულ თხზულებათა ყველაზე სრული და ყველაზე მთავარი გამოცემაა ერთტომეული (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1981).
1977 წელს რევაზ ინანიშვილს 1975-1976 წლებში დაწერილი მოთხრობებისათვის, რომლებიც შესულია წიგნში „შორი თეთრი მწვერვალი“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.