ფასიანი ქაღალდების ბაზარი
ფასიანი ქაღალდების ბაზარი - (securities market) - ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სფერო, რომლის საშუალებითაც ხდება საწარმოთა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრებისა და მოსახლეობის დანაზოგების მობილიზაცია ეკონომიკაში ინვესტირებისათვის. იყოფა პირველად და მეორეულ ბაზრებად. პირველად ბაზარზე იყიდება ახალგამოშვებული, ემიტირებული ფასიანი ქაღალდები. როგორც წესი, ფირმა-ემიტენტი თავის ფასიან ქაღალდებს ავრცელებს ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობით ხელმოწერის საფუძველზე (ღია ტიპის აქციონერული საზოგადოება) ან აქციონერდამფუძნებელთა შეზღუდულ რაოდენობას შორის (დახურული ტიპის აქციონერული საზოგადოება).
ფასიანი ქაღალების ემიტენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი. ფასიანი ქაღალდების მეორეულ ბაზარზე ინვესტორები, საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტები და შუამავლები ვაჭრობენ იმ ფასიანი ქაღალდებით, რომლებიც ერთხელ უკვე გაყიდეს მათმა ემიტენტებმა. ინვესტორები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და სახელმწიფო. შუამავალთა ძირითადი კატეგორიებია ბროკერები, დილერები და მათი შესაბამისი ორგანიზაციები, აგრეთვე საკრედიტო ინსტიტუტები. მაგ., ანგლოამერიკულ სისტემაში, როგორც წესი, ბანკები განსაკუთრებული სახის (სადაზღვევო, საპენსიო) ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ.
მეორეულ ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების გავლენით დგინდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი (კურსი). მეორეული ბაზარი იყოფა საბირჟო და ბირჟისგარეშე (ფინანსური აქტივებით ვაჭრობა „დახლზე“) ბაზრებად. ქვეყნის საბირჟო სისტემა შეიძლება იყოს მონოცენტრული (ერთი მსხვილი ბირჟა, მაგ., დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში), პოლიცენტრული (რამდენიმე მსხვილი ბირჟა, მაგ., კანადაში, გერმანიაში, ავსტრალიაში), გარდამავალი (ერთი უმსხვილესი და რამდენიმე ნაკლებად მსხვილი ბირჟა, მაგ., აშშ-ში, იაპონიაში).
ბირჟების რაოდენობის რეგლამენტირება ხდება სახელმწიფოს მიერ. ბირჟისგარე ბაზარზე ძირითადად მიმოიქცევა ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა კოტირებაც საფონდო ბირჟაზე არ ხდება, მაგ., თითქმის ყველა ბანკის (ცენტრალურის გარდა) და სადაზღვევო კომპანიების აქციები, ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური ობლიგაცია და სხვ. აქ ფასი ყალიბდება სახელშეკრულებო გზით. დილერის შემოსავალი დგინდება, როგორც ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. ბირჟის გარე ბაზარზე შესაძლებელია ბროკერისა და დილერის ფუნქციების შეთავსება.
ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად მთელი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ინდიკატორია აქციების კურსის ინდექსები. არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის ინდექსი. მაგ., აშშ-ში ყველაზე ცნობილია დოუ-ჯონსის ინდექსი.