თოჯინების თეატრი
თოჯინების თეატრი – თეატრალური წარმოდგენის სახეობა, რომელშიც თოჯინები მოქმედებენ (მოცულობითი და ბრტყელი). მათ ამოძრავებენ მსახიობ-თოჯინამატარებლები, რომლებსაც, უმეტესწილად, მაყურებელი ვერ ხედავს. ზოგჯერ თოჯინური პერსონაჟი ხდება პირობითი საგანი – კუბიკი, ბურთულა, ჩხირი (და ა.შ.)
თოჯინური წარმოდგენების მრავალსახეობას განაპირობებს თოჯინების სხადასხვაგვარობა და მათი მართვის მრავალფეროვანი სისტემები: მარიონეტები (თოჯინები ძაფებზე), ე.წ. ზედა თოჯინები (სახელთათმნო), ხელჯოხით სამართავი, მექანიკურები, ჩრდილების თოჯინები. თოჯინები სხვადასხვა ზომისაა (რამდენიმე სანტიმეტრიდან დაწყებული, ზოგჯერ ადამიანის ზომაზე ორჯერ მეტი).
თოჯინური წარმოდგენებს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და თამაშობებში; იგი სათავეს იღებს რელიგიურ ისტერიულ სანახაობებიდან. ძველ ეგვიპტეში, ძვ.წ. XVI ს. თოჯინების გათამაშებით წარმოადგენდნენ მისტერიას ოსირისისა და ისიდას შესახებ. თოჯინები მონაწილეობდნენ ძველი ინდოეთისა და ჩინეთის საკულტო წარმოდგენებში. თოჯინები ხსენიებულია ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, არისტოტელეს, ჰორაციუსის, მარკუს ავრელიუსის, პულეუსის და სხვათა შრომებში. როგორც ირკვევა, ძვ.წ. მე-5-4 სს. უკვე არსებობდა პაროდიულ-სატირული მიმართულების თოჯინური სპექტაკლები. მაგ. თოჯინების თეატრი ძველ რომში ენათესავებოდა ატელანების ხელოვნებას და მისი ერთ-ერთი პერსონაჟი იყო მაკუსი – პულჩინელას პირველსახე.