ჯოორური
ჯოორური – იაპონური მარიონეტების თეატრის სახეობა (X-XIII სს.), რომელიც არსებობს დღემდე და მასში შემორჩენილია თხრობის ფორმა. მომღერალ-მთხრობელი (გიდაიუუ), სიმებიანი ინსტრუმენტების აკომპანემენტის ქვეშ, მოქმედების პარალელურად წარმოთქვამს ტექსტს.
სახელწოდება „ჯოორური“ სათავეს იღებს ხალხური ბალადებიდან, სადაც აღწერილია ცნობილი გმირის, იოსიცუნესა და სილამაზით განთქმული ჯოორურის სამიჯნურო ისტორია მოხეტიალე მთხრობელები, ხატოვნად და წამღერებით, სიამისენის (სამსიმიანი ფანდურ-გიტარის მსგავსი ინსტრუმენტი) და ბივას ჰანგების ფონზე, ხშირად, თოჯინების გამოყენებით, მსმენელებს მოუთხრობდნენ ჯოორურის სასიყვარულო ამბავს. შემდგომ, მათი გავლენით, ყველა თოჯინურ დადგმას ჯოორურთან აიგივებდნენ. ეს სახელი თეატრალურ ჟანრს დღემდე შემორჩა.
ჯოორურის მუსიკალური მელოდიები დაკავშირებულია ნოოს თეატრთან, თოჯინების ტარების ხელოვნება ნასესხებია სანგაკუს წარმოდგენებიდან. ჯოორურის სპექტაკლები იმართებოდა ჯერ კიოტოში, XVII ს. დასაწყისიდან კი ედოში (ამჟამინდელი ტოკიო).
1657 წელს დედაქალაქში მომხდარი ხანძრის შემდეგ, თოჯინების თეატრებმა გადაინაცვლეს და საბოლოოდ დამკვიდრდნენ ოსაკა-კიოტოში. წარმოიშვა სტაციონარული თოჯინების თეატრები კარგად მოწყობილი სცენით. ჯოორური უდიდესი პოპულარობით გამოირჩევა თანამედროვე იაპონიაშიც.