ბაგრატიონი იოანე
ბაგრატიონი იოანე - (1768-1830), XVIII საუკუნის პირველი მესამედის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე და მოაზროვნეა. იგი იყო საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილი, დავით ბაგრატიონის ძმა. იოანე სწავლობდა ერეკლე მეორესა და ანტონის მიერ დაარსებულ თელავის სასულიერო სემინარიაში, სადაც, მსგავსად თბილისის სემინარიისა, ფილოსოფიური საგნების სწავლება მაღალ დონეზე იდგა. მის სოლიდურ ფილოსოფიურ განათლებაზე მეტყველებს მისი ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „კალმასობა“. გარდა ამ თხხულებისა, იოანე ბაგრატიონს შეუდგენია საბუნებისმეტყველო ენციკლოპედია, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ქართული ლექსიკონი, დაწერილი აქვს პოეტური ნაწარმოებები, ქართულ ენაზე თარგმნა კონდილიაკის თხზულება „ლოგიკა“ და სხვა.
იოანე ბაგრატიონის მთავარ თხხულებას წარმოადგენს „კალმასობა“ , რომელსაც მართლაც ენციკლოპედიური ხასიათი აქვს და იმ ეპოქის საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურსა და კულტურულ ვითარებას ასახავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თხზულების ფილოსოფიური ნაწილი, რომელიც ორიგინალური არ არის, მაგრამ იმდროინდელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების დონეს გამოხატავს. იოანე ბაგრატიონი, ისევე როგორც სხვა ბატონიშვილები, რუსეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა პეტერბურგში, დასაფლავებულია იქვე.
იოანე ბაგრატიონის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა იდეალისტურია. მატერიალური სამყარო, მისი აზრით, ოთხი ელემენტისაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი) შედგება. ყოველი მატერიალური სხეული შედგენილი და წარმავალია. ასეთივეა ადამიანის სხეულიც, სული კი იდეალურია. მარტივი და უკვდავი.
იოანე ბაგრატიონი, არისტოტელეს კვალდაკვალ, ერთმანეთისაგან განასხვავებს პირველადსა და მეორად მიზეზებს. პირველადი მიზეზები მეტაფიზიკურია, ძირითადად ზეგრძნობადი და ღვთაებრივია, მეორადი მიზეზები კი მატერიალურია არისტოტელეს მოძღვრებას ოთხი მიზეზის შესახებ (მატერიალური, ფორმალური, მოქმედი და ფინალური) იოანე პროკლეს გავლენით უმატებს მეხუთე მიზეზს რომელსაც იგი „ორღანოებითს“ უწოდებს. სივრცისა და დროის ცნებებიც არისტოტელეს მიხედვით ესმის. იგი ლაპარაკობს ადგილის, როგორც კონკრეტული სივრცის შესახებ, რომელიც სხეულების საზღვარია („გარეშეწერა სხეულისა“). იოანე ბაგრატიონის კალამს ეკუთვნის აგრეთვე, ორიგინალური თხზულება „ძალნი სულისანი“, რომელიც დაწერილია მის მიერ თარგმნილი კონდილიაკის „ლოგიკის“ გავლენით. იოანე ბაგრატიონიც, კონდილიაკის მსგავსად, სენსუალისტურ იდეებს იცავს და რაციონალიზმს ეწინააღმდეგება.
იოანე ბაგრატიონის ნაწერებში სოლიდური ადგილი უჭირავს ლოგიკის პრობლემებს. ამის შესახებ ლაპარაკია არა მარტო „კალმასობაში“, არამედ კონდილიაკის „ლოგიკის“ მისეული თარგმანის წინასიტყვაობაშიც. იგი ამტკიცებს ლოგიკის შემეცნებით ღირებულებას და, მაშასადამე, იცავს ლოგიკისა და შემეცნების თეორიის აუცილებელი კავშირის იდეას. იოანე ბაგრატიონი იყენებს თავისი ძმის - დავითის ნაშრომებს „შემოკლებული ფისიკა“ და „შემოკლებული კატიღორია“; ამ უკანასკნელს იგი ავსებს არისტოტელეს მოძღვრებით სილოგიზმისა და ოთხი ბუნებრივი მიზეზის შესახებ. ამაში გამოიხატებოდა მისი მოღვაწეობის განმანათლებლური ხასიათი. იოანე ბაგრატიონი თავისი ეპოქის ერთერთი თვალსაჩინო განმანათლებელი იყო საქართველოში.
თხზულებები
- „კალმასობა“ ტ. I-II (თბილისი, 1936-1948. კ. კეკელიძისა და
- ალ. ბარამიძის გამოცემა);
- „კალმასობა (ფილოსოფიური ნაწილი)“ (იხ. ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები. ტ. III, თბილისი. 1974, გ. დედაბრიშვილის გამოცემა).
იხილე აგრეთვე
იოანე ბატონიშვილი ბაგრატიონი იოანე