ლექსიკონი
ლექსიკონი – (ბერძ. lexikon),
1. სიტყვათა მარაგი, ლექსიკურ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის, დიალექტისათვის, ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროსა თუ ინდივიდისათვის;
2. საცნობარო წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით (ანბანურად, ბუდობრივად) განლაგებულია ამა თუ იმ ენის ლექსიკურ ერთეულთა (ჩვეულებრივ, სიტყვათა) მარაგი და მოცემულია მათი განმარტება ან ინფორმაცია მათ შესახებ. შინაარსის, დანიშნულების, მასალის მომცველობის, აღწერის გზების, სალექსიკონო ერთეულის შერჩევის, მასალის განლაგების და მისთ. მიხედვით განირჩევა ლექსიკონთა სხვადასხვა ტიპი და სახე.
იმის მიხედეით, თუ რა კუთხით არის სიტყვა განმარტებული, განასხვავებენ ლინგვისტურ და ენციკლოპედიურ ლექსიკონებს. ლინგვისტურ ლექსიკონებში მოცემულია სიტყვათა მნიშვნელობის განმარტებები, ასახულია მათი ლინგვისტური მახასიათებლები. ლინგვისტური ლექსიკონები შეიძლება იყოს განმარტებითი, დიალექტური, ისტორიული, ეტიმოლოგიური, უცხო სიტყვათა, სინონიმთა, პარონიმთა, ორთოგრაფიული, ორთოეპიული, კრებსითი, მწერლის და სხვ. ლინგვისტური (ლექსიკონი შეიძლება იყოს ერთენოვანი, ორ- და მეტენოვანი).
სალექსიკონო ერთეულები შეიძლება იყოს სიტყვაზე მცირეც და სიტყვაზე დიდიც. შესაბამისად, განსხვავებულია, ერთი მხრივ, მორფემების, ფუძეების… ხოლო, მეორე მხრივ, ფრაზეოლოგიური, სიტყვათშეხამებათა… ლექსიკონები.
სამეცნიერო მიზნით იქმნება შებრუნებული, ანუ ინვერსიული ლექსიკონი. ცალკე უნდა გამოიყოს სხვადასხვა სახის საძიებლები, ინდექსები, რომლებიც ენაში, ტექსტში ლექსიკური ერთეულების სიხშირეს (იხ. სიხშირული ლექსიკონი) , ან ტექსტში მათი შეხვედრის ადგილს (იხ. სიმფონია) გვიჩვენებენ.
ენციკლოპედიური ტიპის ლექსიკნებში განმარტებულია არა სიტყვის მნიშვნელობა, არამედ სიტყებით გამოხატული ცნება, საგანი, მოვლენა… ამ ტიპისაა ენციკლოპედიური, იდეოგრაფიული, ტერმინოლოგიური, ბიოგრაფიული და მისთ. ლექსიკონები.
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. თბ., 1965;
- ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ. 1974;
- ღლონტი ა., ქართელი ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ. 1983.