ტრიანონის საზავო ხელშეკრულება 1920

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიანონის საზავო ხელშეკრულება 1920 – ხელი მოაწერეს 4 ივნისს ვერსალის დიდი ტრიანონის სასახლეში, ერთი მხრივ, უნგრეთის (1914-18 პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის წევრის) და, მეორე მხრივ, მოკავშირე სახელმწიფოთა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, აგრეთვე მათთან გაერთიანებული ქვეყნების: ბელგია, კუბა, ნიკარაგუა, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სახელმწიფო, სიამი (ტაილანდი), ჩეხოსლოვაკია და ჩინეთი – მიერ.

ხელშეკრულება ვერსალის სისტემის ნაწილს წარმოადგენდა. ძალაში შევიდა 1921 წლის 26 ივლისს, უნგრეთისა და ოთხი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ. აშშ-მა უარი განაცხადა ტრიანონის საზავო ხელშეკრულების რატიფიკაციაზე და 1921 წლის 29 აგვისტოს უნგრეთთან ცალკე ხელშეკრულება გააფორმა.

ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით რუმინეთს შეუერთდა ტრანსილვანია და ბანატის აღმოსავლეთი ნაწილი; სერბების, ხორვატებისა და სლოვენების (სსს) სამეფოს – ხორვატია, ბაჩკა და ბანატის დასავლეთი ნაწილი; ჩეხოსლოვაკიას – სლოვაკია და იმიერკარპატების უკრაინა; ავსტრიას – ბურგენლანდის პროვინცია. უნგრეთი უარს ამბობდა ნავსადგურ რიეკაზე (ხორვატია), აგრეთვე უარყოფდა ყოველგვარ უფლებასა და პრეტენზიას ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ან მის მოკავშირეთა ყოფილ ტერიტორიებზე, რომლებიც არ შევიდა უნგრეთის საზღვრებში; აღიარებდა სხს-ის სამეფოსა და ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობას; ვალდებულებას იღებდა, პატივი ეცა ყოფილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1914 წლის 1 აგვისტოსათვის შემავალი ყველა ტერიტორიის დამოუკიდებლობისათვის, ეღიარებინა ბრესტ-ლიტოვსკის (ბრესტის) საზავო ხელშეკრულების 1918 გაუქმება. უნგრეთს უნდა ეცნო ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რომელსაც „მოკავშირე და მათთან გაერთიანებული სახელმწიფოები“ დადებდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებთან. უნგრეთს უარს ამბობდა ყველა უფლებასა და პრივილეგიაზე ევროპის გარე ტერიტორიებზე, რომლებიც ოდესმე ეკუთვნოდა ავსტრია-უნგრეთის მონარქიას ან მის მოკავშირეებს. უნგრეთის არმიის ზღვრული ოდენობა 35 ათასი კაცით განისაზღვრა. სავალდებულო სამხედრო სამსახური უნგრეთში იკრძალებოდა. ქვეყანას უნდა ჰყოლოდა მხოლოდ დაქირავებული ჯარი ავიაციის, ტანკებისა და მძიმე არტილერიის გარეშე. იკრძალებოდა უნგრეთში იარაღის შეტანა. ყოფილი ავსტრია-უნგრეთის მთელი ფლოტი ექვემდებარებოდა მოკავშირეებისათვის გადაცემას ან განადგურებას. „მოკავშირე და მათთან გაერთიანებული სახელმწიფოებისათვის“ უნგრეთს უნდა მიეწოდებინა ყველა ცნობა სამხედრო მოქმედებების დროს უნგრეთის საზღვაო ძალების მიერ ჩაძირული ან დაზიანებული გემების შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოთა თვითმფრინავებს უნგრეთის ტერიტორიაზე ფრენისა და დაშვების სრული თავისუფლება ენიჭებოდა. ტრიანონის საზავო ხელშეკრულების თანახმად, უნდა გაუქმებულიყო ავსტრია-უნგრეთის ბანკი.

ტრიანონის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ უნგრეთმა, დიდი ბრიტანეთის წაყრუების შედეგად, რომელსაც ეწადა უნგრეთის გაძლიერება პროფრანგულად განწყობილი მცირე ანტანტის საპირისპიროდ, დაიწყო ხელშეკრულების სარევიზიო პოლიტიკის გატარება. 1927 იტალიამ უნგრეთთან გააფორმა ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ და დაიწყო მისი შეიარაღება. 1938 უნგრეთმა დადო ხელშეკრულება ჩეხოსლოვაკიასთან, რუმინეთსა და იუგოსლავიასთან, რითაც მან მიაღწია შეიარაღების გაზრდის უფლების ფორმალურ აღიარებას, მალე უნგრეთმა გერმანიისა და იტალიის მხარდაჭერით მიაღწია ტრიანონის საზავო ხელშეკრულების ტერიტორიული მუხლების გადასინჯვას, რითაც ხელშეკრულებამ მნიშვნელობა დაკარგა.


იხილე აგრეთვე

ვენის არბიტრაჟები 1938, 1940

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები