ფოქშანის კონგრესი 1772
ფოქშანის კონგრესი 1772 – მიმდინარეობდა 27.VII (7.VIII) – 28.VIII (8.IX) ფოქშანში (რუმინეთი). კონგრესი მოიწვიეს რუსეთ-თურქეთის ომის შეწყვეტის მიზნით.
1768 თურქეთმა საფრანგეთის წაქეზებით ომი დაიწყო რუსეთთან. მაგრამ ამ ომმა ოსმალეთი მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში ჩააგდო. თურქეთის დიდი ვეზირის თხოვნით დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. კონგრესზე რუსეთი წავიდა რამდენიმე დათმობაზე, მაგრამ საბოლოო კომპრომისი მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული. მართალია, რუსეთი აღარ ითხოვდა მოლდავეთისა და ვლახეთის გამოყოფას თურქეთისგან, მაგრამ ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობის ცხობას რუსეთის მხარე კატეგორიულად აყენებდა, ამასთანავე რუსეთის გემებს თავისუფლად უნდა ემოძრავათ შავ ზღვაზე. ოსმალეთი წინააღმდეგი იყო რუსეთის მხარის მიერ შემოთავაზებული პუნქტებისა. თურქეთს კარგად ესმოდა, რომ ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი რუსეთის გავლენაში მოექცეოდა. საბოლოოდ მოლაპარაკება ჩიხში მოექცა. 1772 აგვისტოში რუსეთის წარმომადგენელმა კონგრესზე გრაფმა ა. ორლოვმა, შეიტყო რა პეტერბურგში თავისი ავტორიტეტის დაცემა, დატოვა ფოქშანი და პეტერბურგს გაემგზავრა. ამით ისარგებლა თურქეთის დელეგაციამ და მიატოვა კონგრესი. ფოქშანის კონგრესი უშედეგო გამოდგა. 1772 დიდი ვეზირის თხოვნით სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდა ბუქარესტის კონგრესზე, მაგრამ აქაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. საზავო ხელშეკრულება რუსეთსა ღა თურქეთს შორის მხოლოდ 1774 დაიდო ქუჩუქ-კაინარჯში.