პელუზიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:23, 4 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პელუზიუმიქალაქი ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ნილოსის დელტის პელუზიურ ტოტზე, თანამედროვე ელ-ფარამას ადგილზე (პორტ-საიდიდან 40 კმ. სამხრეთ-აღმოსავლეთით). მისი ეგვიპტური სახელები იყო პერამონი (Pr Im, „ამონის სახლი“, საიდანაც წარმოიშვა თანამედრ. „ფარამა“) და სუნი („swn“ ეგვიპტურად ნიშნავს „ფორტს“).

პელუზიუმის იქით, სტრაბონის ცნობით, უკვე ახალი ქვეყანა იწყებოდა. ამგვარად, პელუზიუმი იყო ეგვიპტის კარიბჭე. იგივე სტრაბონის ცნობით, ჭაობების გამო ჯარის გავლა აქ საკმაო სირთულესთან იყო დაკავშირებული, და ადგილის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „pelos“ (ტალახი). გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე პელუზიუმთან, როგორც სასაზღვრო ქალაქთან, ბევრი ბრძოლა და ლეგენდაა დაკავშირებული და აქ რამდენჯერმე გადაწყდა ეგვიპტის ბედი. ჰეროდოტეს თანახმად, პელუზიუმთან დაბანაკებულ სინაქერიბის ჯარს თაგვებმა ერთ ღამეში გადაუხრეს მშვილდები, და ასურელები იძულებულები გახდნენ, გაქცეულიყვნენ. ქრონოლოგიურად ეს ამბავი ემთხვევა XXV დინასტიის პერიოდს, როცა შებიტკუს მეფობის დროს სინაქერიბმა ჯარი მოულოდნელად დააბრუნა ნინევიაში, რასაც სავარაუდოდ ეპიდემიის გავრცელებით ხსნიან. ჩვ.წ.-მდე 525 წ. კამბიზ II-მ პელუზიუმთან დაამარცხა ფსამტიხ III-ის ჯარი, და ამ დამარცხების შედეგად ეგვიპტე სპარსეთის სატრაპიად გადაიქცა. ორი საუკუნის შემდეგ (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 373 წ.) უკვე არტაქსერქსე III-მ დაამარცხა ნექტანებოს II-ის ჯარი პელუზიუმთან, და ამ დამარცხების შედეგად ეგვიპტე მეორეჯერ აღმოჩნდა სპარსული უღელის ქვეშ. ჩვ.წ.-მდე 333 წ. სწორედ პელუზიუმმა გაუღო ჭიშკარი ალექსანდრე დიდს. ეგვიპტელები შეეგებნენ მას, როგორც სპარსული უღელისაგან განმათავისუფლებელს. ამ ქალაქიდან დაიწყო მისი ბრწყინვალე მარში ეგვიპტეში და ახალი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში. დაახლ. ჩვ.წ.-ით I საუკუნეში ნილოსის პელუზიური ტოტი შლამით ამოივსო და დღეს ქალაქის ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 4 კმ-ით უფრო დაშორებულია, ვიდრე ძველად, და უდაბნოში მდებარეობს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები