გილბერტი უილიამ
უილიამ გილბერტი - (ინგლ. William Gilbert , 1540-1603 წ.), ინგლისელი ფიზიკოსი და ექიმი.
ბიოგრაფია
უილიამ გილბერტი დაიბადა 1540 წლის 24 მაისს კოლჩესტერში. სწავლა მშობლიური ქალაქის სკოლაში დაიწყო. 1558 წ. კი კემბრიჯის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა რომელიც დაამთავრა 1569 წ. სადოქტორო ხარისხით.
ჩაატარა ცდები მანძილზე მოქმედი ელექტრული და მაგნიტური ძალების ბუნების გამოკვლევებზე. მისმა თანამედროვეებმა იგი დიდ მეცნიერად აღიარეს, ამაზე მეტყველებს ის, რომ 1601 წელს დაინიშნა დედოფალ ელისაბედის კარის ექიმად. ხელფასი წელიწადში 100 გირვანქა სტერლინგი დაუნიშნეს.
გარდაიცვალა 1603 წლის 10 დეკემბერს ლონდონში ან კოლჩესტერში.
შრომები
მისი ძირითადი მეცნიერული ნაშრომი მაგნეტიზმზე გამოქვეყნდა ლონდონში 1600 წელს „De magnete, magneticisgue et de magno magnete tellure“ – „მაგნიტზე, მაგნიტურ სხეულებზე და დიდ მაგნიტზე – დედამიწაზე“. ეს ნაშრომი იმით არის საყურადღებო, რომ გილბერტმა, უარყო რა, ლეგენდები და თქმულებები, მასში ჩამოაყალიბა პირადად მის მიერ ჩატარებული ცდები, იმ დროს გავრცელებული იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მაგნიტური ისარი ცის თაღზე რომელიღაც წერტილის მიმართულებით დგება. მაგნიტური ისრის ორიენტირების მიზეზად გილბერტი დედამიწის მაგნეტიზმს თვლიდა. თავისი თეორიის დასამტკიცებლად მან გააკეთა სფერო, დაამაგნიტა და შემდეგ მის ზედაპირზე მოათავსა მაგნიტური ისარი, ასეთი გზით დაადგინა, რომ სფეროს მაგნიტური თვისებები შეესატყვისება დიდი მაგნიტის – დედამიწის მაგნიტურ თვისებებს, ისარი სხვადასხვა განედზე სხვადასხვა კუთხეზე იხრება. მაგნიტური მოვლენების შემდგომი გამოკვლევით გილბერტმა აღმოაჩინა მაგნიტური ინდუქცია. დაადგინა, რომ ფოლადის ღერო-გულანა აძლიერებს მაგნიტურ მოქმედებას, რომ რკინა და ფოლადი ურთიერთ დამაგნიტებას განიცდიან, ამასთან ფოლადი ინარჩუნებს თავის მაგნიტურ თვისებებს, რომ მაგნიტურ მერიდიანზე მოჭიმული რკინის მავთული ჭედვის შემდეგ იძენს მაგნიტურ თვისებებს.
გილბერტი ელექტრულ მოვლენებსაც სწავლობდა. თავისი ექსპერიმენტული მეთოდების ერთგულმა, ჩაატარა ცდები და დაამტკიცა, რომ ქარვა ხახუნის შემდეგ ნამდვილად იზიდავს წვრილი თივის, ბალახის და ა. შ. წვრილ ღეროებს, აგრეთვე აღმოაჩინა, რომ ამგვარი თვისებები ახასიათებთ სხვა სხეულებსაც. ამგვარადვე იკვლევდა კეთილშობილ ქვებს, გოგირდს, ფისს, ამ ცდების შედეგად მან განსაზღვრა ოცზე მეტი სხეული, რომლების ელექტრიზაციაც შეიძლებოდა ჩვეულებრივი ხახუნის შედეგად. სხეულთა ელექტრული და მაგნიტური თვისებების შედარებამ გილბერტი მიიყვანა მცდარ დასკვნამდე, თითქოს ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს არაფერი საერთო არა აქვთ. ამ აზრმა სერიოზული გავლენა მოახდინა მომავალ მკვლევარებზე და ელექტრომაგნიტიზმის მთელ ისტორიაზე XVIII საუკუნემდე.
აქვე საჭიროა აღვნიშნოთ, რომ გილბერტი ინგლისში პირველი მიემხრო კოპერნიკის შეხედულებებს.