ზღვის კაჭკაჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 31 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის კაჭკაჭი (ლათ. Haematopus ostralegus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ზღვის კაჭკაჭი

ზღვის კაჭკაჭი დაახლოებით მტრედისოდენა ფრინველია, ფრთა 235-265 მმ-ია, გალო – 45-55 მმ, ნისკარტი – 65-100 მმ, წონა – 470-580 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი, ბეჭებს შორის არე და ჩიჩახვი შავია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა, მაგრამ აქვთ ღერძულა თეთრი ლაქები წვეროს ნაწილში; თეთრია მათი შიგნითა მარაოების ძირებიც. შიგნითა მეორე რიგის მომქნევების წვეროები და მესამე რიგის მომქნევები შავია. ფრთის ზემო პატარა მფარავები მოშავოა. საჭის ბუმბულები თეთრია მის ძირითად ნახევარში და მოშავო-მურა – ბოლო ნახევარში. ბუმბულსაფარველის დანარჩენი ნაწილი თეთრია. პატარა თეთრი ლაქა აქვს თვალის ქვემოთაც. ნარინჯისფერ-წითელი ნისკარტი სწორი, გრძელი და მაგარია, გვერდებიდან შეზნექილი და წვეროში ბლაგვი. სამთითიანი ფეხები მოწითალო-ხორცისფერია. ზამთარში ყელზე თეთრი ლაქა უჩნდება.

აღწერილია 17 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კონტინენტური ზღვის კაჭკაჭი – H. o. longipes Buturlin, 1910.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიპოვება ყველა კონტინენტზე ოკეანეთა კუნძულების ჩათვლით, თუმცა აზიასა და ამერიკაში იშვიათად შედის ტყისა და ტუნდრის ზონებში. ზამთარს ატარებს ტროპიკული, ნაწილობრივ სუბტროპიკული ზონის ზღვების სანაპიროებზე. ნაპოვნია ამ ფრინველის ბუდობა სომხეთში. საქართველოში მისი ბუდობის შემთხვევა დადასტურებული არაა და მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ზღვების სანაპიროებზე. ზოგიერთი ქვესახეობა, მათ შორის კონტინენტური ზღვის კაჭკაჭი, ბუდობს შიდა წყალსატევების – ტბებისა და მდინარეების ნაპირებზე. ეტანება ზღვისა და შიდა წყალსატევების ქვა-ღორღიან ნაპირებს, სადაც უფრო მრავლადაა მოლუსკები.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, უშუალოდ წყლის ნაპირას რიყეზე ან ქვიშაში, რომელიც მცირედაა ამოფენილი ბალახითა და ფოთლებით. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 21-24 დღეს გრძელდება.

კვება

ზღვის კაჭკაჭის ძირითად საკვებს შეადგენენ მოლუსკები, კიბოსნაირები, ნაირგვარი ჭიები, მწერები და წყლის სხვა უხერხემლოები. ჭამს თევზების ლიფსიტებსაც. აღნიშნულია სხვა ფრინველების კვერცხებისა და ბარტყების შეჭმის შემთხვევაც.

მნიშვნელობა

ჩვენი რესპუბლიკისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები