ფრთათეთრი თევზიყლაპია
ფრთათეთრი თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias leucoptera Temminck, 1815) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თევზიყლაპია (Chlidonias)
ფრთათეთრი თევზიყლაპია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 190-220 მმ-ია, ნისკარტი – 20-25 მმ, წონა – 60-70 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი და ტანი ზაფხულში ხავერდოვანი შავია, მოლურჯო მეტალური ელვარებით. უფრო მურაა მუცელზე, ხოლო ასპიდურია ზურგსა და მხრებზე. ფრთა მტევნის მოხრილობასთან თეთრია, დანარჩენ ნაწილში – რუხი. უფრო მუქი აქვს შიგნითა მეორე რიგის მომქნევები. იღლია და ფრთების ქვემო მფარავებიც შავია, ხოლო კუდი – თეთრი. ნისკარტი მოშავო-წითელია, ფეხები – მკვეთრი წითელი. ზამთარში მანტია ღია ცისფერია, ხოლო დანარჩენი ბუმბულსაფარველი – თეთრი, მხოლოდ თავზე აქვს შავი სიჭრელე.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ევროპისა და აზიის ცენტრალურსა და სამხრეთ ნაწილებში. ჩრდილოეთი საზღვარი გადის ესტონეთიდან ფსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, თათრეთისა და ბაშკირეთის ასსრ-ზე, სვერდლოვსკზე, ბარნაულზე, დასავლეთ ალტაიმდე. აქ არეალი წყდება, ხოლო შემდეგ კვლავ ბუდობს ალტაიდან იმიერბაიკალეთში, ამურის გაყოლებით ზღვისპირეთამდე და სამხრეთ სახალინზე. სამხრეთით გვხვდება სპორადულად. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, საქართველოში მცირე რაოდენობით მობუდარია.
ბიოტოპი
ბინადრობს ტბებზე, მდინარეთა ყურეებში, დაჭაობებულ მდელოებზე, კარგად განვითარებული წყლისპირა მცენარეულობით. ზამთარში ეტანება შიდა წყალსატევებს, იშვიათად გვხვდება ზღვების სანაპიროებზეც. მოიპოვება უპირატესად დაბლობებში, მაგრამ კავკასიაში ადის 2000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად, ზოგჯერ განცალკევებულ წყვილებადაც. ბუდეს აკეთებს უმეტესად წყლის ზედაპირზე (მცურავ ბუდეს), წყლის მცენარეთა ხმელი ნაწილებისაგან. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
კვება
საკვების ძირითად ნაწილს შეადგენენ მწერები – ხოჭოები, კალიები, ნემსიყლაპიები, ბუზები, წყლის ნაირგვარი მწერები, უფრო იშვიათად – წვრილი თევზები, თავკომბალები, პატარა ბაყაყები, ჭიები, ობობები და სხვ.
მნიშვნელობა
მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.