მწყერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:26, 3 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწყერი

მწყერი (ლათ. Coturnix coturnix Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მწყერი

მწყერი ყველაზე პატარა ფრინველია ქათმისნაირებს შორის, ფრთა 100-115 მმ-ია, კუდი – 35-50 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 90-120 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა მოჟანგისფრო-მურაა, მუქი ჟანგმიწისფერ-ქარცი განივი ზოლებით. თავი ზემოდან მოყავისფრო-მურაა, შუა ნაწილში ვიწრო ღია ფერის ზოლით. თვალების ზემოთ მოთეთრო ზოლებია. ნიკაპი, ყელი და კისერი წინა მხარეს მოჟანგისფრო-ქარცი ან მუქი მურაა, რაც გამოყოფილია მოწითალო-მურა ლოყებისა და ჟანგმიწისფერი ჩიჩახვისაგან ვიწრო თეთრი ზოლით. მკერდი მკრთალი ჟანგმიწისფერია, ხოლო მუცელი – მოთეთრო. დედალი ძალიან ჰგავს მამალს, მაგრამ ნიკაპი, ყელი და კისერი წინიდან მოთეთროა. ნისკარტი ღია რქისფერია, ხოლო ფეხები – მოწაბლისფრო-ხორცისფერი.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთით აზორისა და კანარის კუნძულებს, ხოლო აღმოსავლეთით – ბაიკალის ტბამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთ მონგოლეთამდე. ჩრდილოეთით სკანდინავიასა და ფინეთში ვრცელდება 65-ე პარალელამდე, ურალის ქედზე – მე-60, ხოლო ენისეის აუზში – 61-ე პარალელებამდე. სამხრეთით მოიპოვება მაროკოსა და ეგვიპტეში; აზიაშიპალესტინაში, მესოპოტამიაში, ბელუჯისტანის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს აფრიკის ეკვატორულ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში, ევროპისა და აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე და მთელ კონტინენტურ სამხრეთ აზიაში. საქართველოში ბუდობს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მრავლად მოიპოვება მიმოფრენის დროს, განსაკუთრებით შემოდგომით.

ბიოტოპი

მწყერის საბინადროა ღია ადგილები, უმეტესად კულტურულ ლანდშაფტში, თავთავიან მარცვლოვანთა ნათესებში, ბაღებში, ბოსტნებში, აგრეთვე მაღალბალახნარიან მდელოებსა და მინდვრებზე, ბარშიც და მთაშიც, სუბალპური მდელოების ჩათვლით.

გამრავლება

ტიხტიხი იწყება აპრილში – მოფრენიდან რამდენიმე დღის შემდეგ. გამრავლება პოლიგამიურია. დედალი ბუდეს იკეთებს მიწის პატარა ჩაღრმავებაში, ბალახისა და ბუმბულის მცირე ამონაფენით. დებს უფრო ხშირად 10-12, ზოგჯერ 18-მდე კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება. ადრეული ბუდობა მაისის პირველ ნახევარშია და თვის ბოლოსათვის უკვე არსებობს ახალნაჩეკი თაობა. მოგვიანებული ნორმალური ბუდობა აგვისტოს პირველ რიცხვებშიც შეიძლება შეგვხვდეს.

კვება

მწყერი უმთავრესად მცენარეულობით იკვებება. გაზაფხულის საკვებს შეადგენს ბალახოვანი მცენარეების ნორჩი მწვანე ნაწილები. ზაფხულსა და შემოდგომით ძირითადია კულტურული და ველური მარცვლოვანების თესლები. ზაფხულის საკვებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მწერებსაც.

მნიშვნელობა

მასობრივი სპორტული ნადირობის მხრივ საქართველოს ორნითოფაუნაში პირველი ადგილი უჭირავს. ნადირობენ უმთავრესად თოფით, მეძებარი ძაღლის დახმარებით ან უძაღლოდაც. დასავლეთ საქართველოში მწყერზე ნადირობისათვის იჭერენ და წვრთნიან მიმინოს. მასობრივად მოიპოვებენ მწყერს შემოდგომის მიმოფრენის დროს შავი ზღვის სანაპიროებზე.

წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები