ალბიე-მონტრონდი
ალბიე-მონტრონდი – (ინგლ. Albiez-Montrond, რუს. Альбье-Монтронд), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონაალპების რეგიონში, სავოიის დეპარტამენტის სენ-ჟან-დე-მორიენის ოლქში, ალბიეს კომუნაში, ქ. სენ-ჟან-დე-მორიენიდან 8 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. გრენობლიდან 52 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. შამბერიდან 44, ხოლო ქ. ლიონიდან 133 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში. კურორტ ალბიე-მონტრონდის ადგილმდებარეობის მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1500 მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 2020 მ. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზღვის დონიდან 1500-1700 მ-ის სიმაღლეზე, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსული ტურისტები ცხოვრობენ, ჰავა ზომიერად კონტინენტურია, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,3°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1211 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარსა (313 მმ) და შემოდგომაზე (312 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (282 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა დეკემბერი (114 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – ივლისი (80 მმ).
მცენარეული საფარი – ალბიე-მონტრონდში გვხვდება: მუხის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: სოჭის, ნაძვისა და ფიჭვის მასივები, მაღალი მთის ბუჩქნარი (დეკა, მთის ფიჭვი და სხვ.) და დაბალბალახიანი ალპური მდელოები, სადაც ხარობს: ფხიჭა, ფურისულა, ყოჩივარდა, ასტრა და სხვ.
ალბიე-მონტრონდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალბიე-მონტრონდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალბიე-მონტრონდში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; მთების ფერდობებიდან პარაშუტით ხტომა; ფრენა ვერტმფრენითა და დელტაპლანით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.