აოსტა
აოსტა — (ინგლ. Aosta, რუს. Аоста), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ იტალიაში, ვალე დ’აოსტას ავტონომიურ ოლქში, აოსტას პროვინციაში, ქ. ტურინიდან 107, ხოლო ქ. მილანიდან – 154 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ვალე-დ’აოსტის ველზე, ალპების ემილიუსის მთის ძირში, მდინარე დორა-ბალტეას (მდინარე პოს მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, იქ, სადაც ამ მდინარეს ერთვის მდინარე ბუტიე, მონბლანისა და გრან სან-ბერნარდის გზების გადაკვეთაზე, ზღვის დონიდან 583 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ხანგრძლივია და ზომიერად ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 0,1°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7°C, ხოლო ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 805 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (227მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (169 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა აგვისტო (82 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი _ იანვარი (51 მმ).
აოსტას ტერიტორია დაფარულია: ვენახებითა და ხეხილის ბაღებით (ვაშლი, ატამი, გარგარი და სხვ.), მუხისა და წაბლის ნარგავებით. აოსტას მიდამოებში, ვენახებისა და ხეხილის ბაღების გარდა, გავრცელებულია: მუხისა და წაბლის კორომები, არყისა და ნეკერჩხლის ტყის მასივები და საძოვრები. მდინარე დორა- ბალტეას ნაპირებზე გვხვდება: ლერწმის ბარდები, ვერხვის, ალვის ხისა და ტირიფის ნარგავები.
აოსტას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა და მთის ჰაერი, გაჯერებული აეროიონებითა და ფიტონციდებით.
აოსტაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აოსტაში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხ- ლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
აოსტაში (რომაელების მიერ აშენებული ობიექტები ან მათი ნაშთები – ავგუსტუსის თაღი (აშენდა ძვ.წ. 25 წელს, რესტავრაცია ჩაუტარდა XIV საუკუნის დასაწყისში, 1716, 1912 და 1913 წლებში), რომაელების ქალაქის აუგუსტა პრეტორია სალასორიუმის ციხესიმაგრის (ძვ. წ. I საუკუნე) ნანგრევები, მისი კედლების (ძვ.წ. I საუკუნე) ნაშთები და ამ კედლების სამხრეთისა და აღმოსავლეთის ჭიშკრები (ახ. წ. I საუკუნე), დახურული გალერეა – კრიპტოპორტიკი (ძვ.წ. I საუკუნე), მავზოლეუმის (ძვ. წ. I საუკუნე) ნანგრევები ქალაქის სასაფლაოზე; არსენალისა და 3 პატარა ტაძრის (ძვ.წ. I საუკუნე) ნანგრევები, ვილა დელა-კონსოლატას და ამფითეატრის (ძვ.წ. I საუკუნე) ნანგრევები, თერმები და ხიდი პონტე და პიეტრა (ძვ.წ. I საუკუნე), თეატრის შენობა (ახ. წ. I საუკუნე) და სხვ.; სანტა-მარია ასუნტას სახელობის საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (აშენდა IV საუკუნეში, გადაკეთდა XI, XIII, XV, XVI და XIX საუკუნეებში) კრიპტით (XI საუკუნე), კლუატრით (XV საუკუნე) და მუზეუმით; წმიდა ურსის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა V საუკუნეში, გადაკეთდა IX, XIV და XV საუკუნეებში) კრიპტითა (V საუკუნე) და კლუატრით (XIV საუკუნე); წმიდა პეტრეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (VII საუკუნე); წმიდა ურსის სახელობის და წმიდა პეტრეს სახელობის ეკლესიების სამრეკლო (აშენდა 989 წელს, გადაკეთდა XII საუკუნეში); სან-გრატოს სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XI საუკუნე); კოლეჯ სენტ-ბენინის შენობა (X-XI საუკუნეები); რატუშა (XVIII საუკუნე); კოშკები – ბრამაფანი (XI საუკუნე), ტურ ნევი (XIII საუკუნე), ტურ დიუ პაიერონი და ტურ დიუ ბაიიაჟი (XIV საუკუნე), ტურ ფრომაჟი (XV საუკუნე) და სხვ.; რეგიონალური არქეოლოგიური მუზეუმი; სამხატვრო გალერეები და სხვ.),
ქ. აოსტას მიდამოებში (ბუნებრივი ნაკრძალი „ცატელეტი“, მდინარე ბუტიეს მდინარე დორა- ბალტეასთან შეერთების რეგიონში; ქ. აოსტასთან გვხვდება გვიანი ნეოლითის ხანის ნასახლართა (ძვ. წ. XXX საუკუნე) ნაშთები, ნეკროპოლი ამ ნაშთების ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეგალითური აკლდამებითა და დოლმენებით; ყორღანი აღნიშნული ნაშთების სამხრეთით (XX საუკუნე); მეგალითური აკლდამები და დოლმენები (ძვ. წ. XXX საუკუნე) ქ. სენ-მარტენ-დე-კორლეანთან; რომაელების მიერ აშენებული თაღი (ძვ.წ I საუკუნე),
ქ. დანასში, ხიდები პონ დ’აიოლის (ძვ.წ. III საუკუნე), ქ. პონ დ’აიალიში და პონტე სან-მარტინო (ძვ. წ. I საუკუნე) აოსტის ველიდან გამოსასვლელში; ფენისის ციხე-დარბაზი (1340 წელი),
ქ. ფენისში; ციხე-დარბაზები – ვერესი (1390 წელი) და ისონი შადრევნით (1490 წელი), მონტე-ავისის ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე;
ქ. სან-პიერში – ციხე-დარბაზი სერიოდ-დე-დატური (აშენდა X-XII საუკუნეებში, გადაკეთდა და გაფართოვდა XV საუკუნეში), ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (1478 წელი) და სხვ.; ბუნების- მეტყველების მუზეუმი და სხვ.;
ქალაქ კასტელო ინტროდში – ციხე-დარბაზი კასტელო ინტროდი (აშენდა XIII საუკუნის დასაწყისში, გადაკეთდა XV და XX საუკუნეებში), XV საუკუნეში აშენებული ხის სახლი და სხვ; მეფის სამონადი- რეო ციხე-დარბაზი (1710 წელი), ქ. სარეში; მინერალური წყლის წყაროები მონტე-ბიანკოს მთის ძირში და ქ. სან-ვინჩენცოში; ბუნებრივი ნაკრძალი „ლოლერის ტბა“ და სხვ.),
ქ. ტურინსა და მის მიდამოებში (ძველი რომაული ამფითეატრი (ძვ.წ. I-ახ.წ. I საუკუნეები); რენესანსის ეპოქაში აშენებული ტურინის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (მშენებლობა დაიწყო 1490 წელს, დასრულდა XVIII საუკუნეში); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები − წმიდა ლორენცოს სახელობის (1668-1687 წლები) და წმიდა ფილიპო ნერის სახელობის (XVII-XVIII საუკუნეები); კარინიანოს პალაცო (სასახლე) (XVII საუკუნე); მოედანი პიეცა სან-კარლო (1638 წელი); სუპერგასის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (1715-1731 წლები); სტუპინიჯის ციხე-დარბაზი (1729-1734 წლები) და სხვ.) და
მილანში (სფორცას ციხე-დარბაზი (XV–XVI საუკუნეები); მილანის რომაულ-კათოლიკური გოთიკური ტაძარი (1386-1856 წლები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სან-ლორენცო მაჯორეს სახელობის (მშენებლობა დაიწყო IV საუკუნეში, გადაკეთდა XI და XVI საუკუნეებში), სანტ-ეუსტორჯოს სახელობის (XII-XIII საუკუნეები) და სანტა-მარია დელა გრაციეს სახელობის (1466-1497 წლები) და სხვ.; კარტეზიანთა მონასტერი (XVII-XVIII საუკუნეები); პორტინარის რომაულ-კათოლიკური კაპელა (1462-1468 წლები); მეფის სასახლე (XIX საუკუნე); ამბროზიანას ბაზილიკა (XIV საუკუნე); ოპერის თეატრი „ლა სკალა“ (1776-1778 წლები); ამბროზიანას ბიბლიოთეკა; ბრერის სამხატვრო აკადემია; მუზეუმები − პოლდი- პეცოლის, XX საუკუნისა და სხვ.; ვიქტორ-ემანუელის გალერეა; თანამედროვე ხელოვნების პავილიონი და სხვ.).