ქედანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 15 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქედანი (ლათ. Columba palumbus Linnaeus, 1758) − ფრინველი მტრედისნაირთა რიგიდან.

ქედანი საქართველოში გავრცელებულ მტრედისნაირებს შორის ყველაზე დიდია, ფრთა 225-270 მმ-ია, კუდი – 145-180 მმ, ნისკარტი 20-24 მმ, წონა – 530-625 გ. მამალი სიდიდითა და შეფერილობით დედლის მსგავსია. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა მტრედისფერია. ზურგის მხარეს ნაცარაა, მაგრამ წინა ნაწილში, აგრეთვე მხრებისა და ფრთების მფარავებს მურა ფერი ურევია. ზურგის უკანა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები უფრო სუფთა ცისფერია. მეორე რიგის მომქნევების მფარავებს გარეთა მარაოებზე აქვთ ფართო თეთრი არშიები, რომლებიც დაკეცილ ფრთაზე თეთრ ლაქას წარმოქმნიან. კისრის გვერდებზე და უკანა მხარეს მომწვანო და მეწამულ-წითელი ანარეკლის მეტალური ელვარებაა. გარდა ამისა, კისრის გვერდებზე არის თეთრი ან ქარცი ფერის ლაქები. საჭის ბუმბულებზე, შუა წყვილის გარდა, ფართო ნათელი ზოლებია. მათი ბოლოები კი ისევ ნაცარაა. ჩიჩახვი და მკერდი მოვარდისფროა, მუცელი მოთეთრო-რუხი. ნისკარტი ძირში წითელია, ხოლო წვეროში ნარინჯისფერ-ყვითელი. ფეხები წითელია.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ქედანი – C. p. palumbus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალის ძირითადი ნაწილი ევროპაშია და მოიცავს ტერიტორიას ჩრდილოეთით 65-ე პარალელიდან, სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვამდე. არეალი გადადის ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაშიც. აღმოსავლეთით მოიპოვება მცირე აზიაში, ერაყში, ირანსა და ავღანეთში, აღწევს ჰიმალაიმდეც. ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მობინადრე ან მომთაბარე ფრინველი. აქ იზამთრებენ ჩრდილოეთიდან მოფრენილნიც. ამიტომ ზამთარში უფრო რიცხვმრავალია.

ბიოტოპი

ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში და ბუჩქნარებში. საქართველოში მოიპოვება მეტწილად ჭალის ტყეებში, სადაც ეტანება ვერხვიანებს, განსაკუთრებით ზამთარში.

გამრავლება

აპრილის მეორე ნახევარში იწყება დაწყვილება. ბუდეს იკეთებს მაღალი ხის ჰორიზონტალურ ტოტზე. ბუდე მარტივია. მაისის პირველ რიცხვებში დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 17-18 დღეს აღწევს. ახალნაჩეკი ბუდეში 30-38 დღეს რჩება.

კვება

ქედანის ძირითადი საკვებია მცენარეულობა. ცხოველური საკვების მოხმარება იშვიათია. მცენარეული საკვებიდან მთავარია ველური და კულტურული მარცვლოვანებისა და პარკოსნების თესლები, აგრეთვე წიწვიანების თესლები, მუხისა და წიფლის ნაყოფები, კენკროვანები და სხვ. ზამთარში იკვებება ვერხვისა და ზოგიერთი სხვა ხეების კვირტებითაც.

მნიშვნელობა

ქედანი სპორტული ნადირობის ობიექტია. საქართველოშიც მოიპოვებენ შემოდგომითა და ზამთრობით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები