არჩენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 20 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩენა –(ინგლ. Archena, რუს. Арчена), ბალნეო-კლიმატური კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მურსიის პროვინციაში, მურსიის რაიონში, ქ. მურსიიდან 24, ხოლო ქ. ალამა დე მურსიიდან 36 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. ბარსელონიდან 170 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე სეგურას ხეობაში, ზღვის დონიდან 101 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული ნახევარუდაბნოს ჰავასთან. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10,2°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 17,8°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 326 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა და ნოემბერზე (32-32 მმ), ხოლო მინიმუმი –ივლისსა (5 მმ) და აგვისტოზე (10 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა 2770 საათია წელიწადში.

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმები, ევკალიპტები, ფიჭვები, ფორთოხლის ხეები და ლიმონურა. არჩენას მიდამოებში ამ მცენარეებს ემატება: ავშანი, ცერცვეკალა, იალღუნი და სხვ.

არჩენას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის, თერმული (t – 52°C), გოგირდწყალბადის (სულფიდური), ქლორიდულ-სულფატური, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები (50 წყარო, რომელთა წყლებიდან ზოგიერთი შეიცავს მანგანუმს, ზოგიერთი – ბორს, ზოგიერთი – კალიუმს და ა.შ.) და ხმელთაშუა ზღვის ჰავასთან შეხამებული ნახევარუდაბნოს ჰავა.

არჩენაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და ინჰალაციები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არჩენაში წასასვლელად: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.


ტურისტული ობიექტები:

კურორტ არჩენასთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. მურსიასა და ქ. ალამა დე მურსიაში


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები