აშე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:53, 23 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშე – (ინგლ. Ashe, რუს. Аше), ზღვისპირა კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციის ქ. სოჭის ლაზარევსკის რაიონში, კურორტ ლაზარევსკოედან 7, ხოლო ქ. სოჭიდან 52 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. ტუაფსედან 23 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე აშეს ხეობაში. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°С. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23°С. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 13,5°С, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობაა 1200 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.

აშეს პლაჟები შემოვლებულია: პალმებით, მაგნოლიებითა და კამელიებით. საკურორტო ადგილის ტერიტორია დაფარულია: ვენახებით, ხეხილის ბაღებით (ვაშლი, მსხალი და ბალი), კაკლისა და მუხის ხეებით. აშეს მიდამოებში გავრცელებულია: ველური ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ბალის ნარგავები. ხეობები დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წაბლი) ტყით.

აშეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

აშეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები აშეში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აშეს მიდამოებში (დოლმენები (ძვ.წ. III-II ათასწლეულები) აულ შხაფათში; მამედის ხეობა; მოხუცებისა და ჩახუტების კლდეები; მდინარე აშეს ხეობა; ჩანჩქერები – „პატარძლების,“ „ფსედახი“ და „შაფსუგი“; „კუდიანების“ მღვიმე და სხვ.),
კურორტ ლაზარევსკოეზე (მართლმადიდებლური ეკლესიები − ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის სახელობის (1903 წელი) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1999 წელი); ლაზარევსკის რაიონის ისტორიის მუზეუმი; ოკეანარიუმი „ტროპიკული ამორძალი“ და ტერარიუმი; აკვაპარკები „ზღვის ვარსკვლავი“ და „ნაუტილუსი“; ღამის კლუბები – „პარადიზი“, „ატლანტისი“ და „U-2;“ ა. ოდოევსკის ძეგლი და სხვ.), კურორტ ლაზარევსკოეს მიდამოებში (დაბა დაგომისში – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1912-1917 წლები) და რუსეთის სამეფო ოჯახის მოწამეთა სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2000 წელი); გამაჯანსაღებელი კომლექსი „დაგომისი“; დაბა სოლოხაულში – ჯვართამაღლების სახელობის მართლმადიდებლური მამათა მონასტერი (2000 წელი); აულ თხაგაფშში – მეჩეთი (XIX საუკუნის 90-იანი წლები); კურორტ ლოოში – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძრის ნანგრევები (აშენებული იყო X-XII საუკუნეებში, დაინგრა XIII საუკუნეში, აღადგინეს XIV საუკუნეში და XV-XVI საუკუნეებში გადაკეთდა ციხესიმაგრედ) და წმიდა ოვანესის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია (2006 წელი); დაბა გოლოვინკაში – მოციქულთა სწორისა, ქალწულისა წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (2009-2014 წლები); დაბა კალინოვკაში - წმიდა სარქისის (სურბ სარქის) სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია (1993 წელი); კიბორჩხალების ხეობა; სვირის ხეობა და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები