კვირიონი
კვირიონი (ლათ. Merops apiaster Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − კვირიონი და მწვანე კვირიონი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ყაპყაპისნაირნი (Coraciiformes)
- ოჯახი − კვირიონისებრნი (Meropidae)
- გვარი − კვირიონი (Merops)
კვირიონი პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 140-160 მმ-ია, კუდი (საჭის შუა წყვილი) − 100-130 მმ, ნისკარტი − 30-35 მმ, წონა 40-60 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, კისერი და ზურგი წაბლისფერი აქვს; ზურგის უკანა ნაწილი და წელი − ოქროსფერ-ქარცი; კუდის ზემო მფარავები მოცისფრო-მწვანე. საჭის ბუმბულები მოლურჯოა, მუქი წვეროებით. საჭის შუა წყვილი ბოლოში მკვეთრადაა შევიწროებული და ბევრად გრძელია საჭის სხვა ბუმბულებზე. შუბლი თეთრია. პირის კუთხეებიდან თვალებსა და ყურების მფარავებზე შავი ზოლები გადის. ნიკაპი და ყელი მკვეთრი ყვითელია, ხოლო ჩიჩახვი და მუცელი − მომწვანო-ცისფერი. მათ შორის განივი შავი ზოლია. პირველი რიგის მომქნევები მურა-ლურჯია, უფრო მუქი − შიგნითა მარაოებსა და წვეროებზე. ფრთების საშუალო და დიდი მფარავები წაბლისფერია, ხოლო პატარა მფარავები − მურა-მწვანე. ნისკარტი შავია, ფეხები − მურა-შავი. დედალი გამოირჩევა მამლისაგან სხეულის ქვემო მხრისა და ყელის ოდნავ მკრთალი შეფერილობით, უფრო მოკლე საჭის შუა წყვილი ბუმბულებით, აგრეთვე ოდნავ პატარა ზომით.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში − პირენეის ნახევარკუნძულს, სამხრეთ საფრანგეთს, იტალიას, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, ბალკანეთს, უნგრეთს, ავსტრიას, იუგოსლავიას, სსრკ ევროპული ნაწილის სამხრეთ ზოლს; აფრიკაში − მაროკოს, ალჟირს, ტუნისს, სამხრეთ აფრიკას; აზიაში სირიას, პალესტინას, მესოპოტამიას, მცირე აზიას, ირანს, ავღანეთს, შუა აზიას, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. იზამთრებს აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ნაწილობრივ არაბეთსა და ინდოეთში. საქართველოში მობუდარია.
ბიოტოპი
ხევებით, ხრამებითა და ფლატეებით გადაკვეთილი გაშლილი ველები, დაფარული ბუჩქნარებით ან ცალკე მდგომი ხეებით. ხალისით სახლდება სოფლების, ბაღებისა და განსაკუთრებით საფუტკრეების მახლობლად. ეტანება დაბლობებს, თუმცა ხევსურეთში ბუდობს 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს ფლატეებზე ღრმა სოროებში. ბუდობა კოლონიურია. სოროს თხრის თვითონ, ნისკარტით, რასაც ანდომებს 10-20 დღეს. მაისის დასაწყისში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს — დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20 დღეს გრძელდება.
კვება
კვირიონის ძირითადი საკვებია სიფრიფანაფრთიანები, აგრეთვე ხოჭოები, პეპლები, ორფრთიანები, სწორფრთიანები და სხვა მწერები, რომელთაც იჭერს და ჭამს ფრენის დროს.
მნიშვნელობა
გაზაფხულზე და ბუდობის პერიოდში, მრავალი მავნე მწერის განადგურებით, სარგებლობა მოაქვს. შემოდგომით, მომთაბარეობის დროს მავნებელია მეფუტკრეობისათვის.