მწვანე კვირიონი
მწვანე კვირიონი (ლათ. Merops superciliosus Linnaeus 1766) − ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ყაპყაპისნაირნი (Coraciiformes)
- ოჯახი − კვირიონისებრნი (Meropidae)
- გვარი − კვირიონი (Merops)
მწვანე კვირიონი პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 145-160 მმ-ია, კუდი (საჭის შუა წყვილი) − 130-155 მმ, ნისკარტი − 35-40 მმ, წონა − 40-50 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. საერთო შეფერილობაში ჭარბობს მწვანე ფერი. ბუმბულსაფარველი საკმაოდ რბილია, მაგრამ მჭიდროდაა მიტმასნილი სხეულზე და თანაბრად ლაპლაპა ზედაპირს წარმოქმნის. შუბლი ნისკარტის ძირში მოთეთროა, რომელიც შემდეგ თვალების ზემოთ მოცისფრო ზოლში გადადის პირის კუთხეებიდან, თვალების გავლით, ყურების მფარავებამდე საკმაოდ ფართო შავი ზოლი გადის. ლოყები ცისფერია, ნიკაპი ყვითელი, ხოლო ყელი – ყავისფერი. თავი ზემოდან, ზურგი, მკერდი და მუცელი ფირუზისფერ-მწვანეა. კუდის ზედა მფარავები და შიგნითა მეორე რიგის მომქნევები მოცისფრო. ფრთები ზემოდან მწვანეა, პირველი რიგის მომქნევების ბოლოები − მურა საჭის ბუმბულები ზემოდან მწვანეა, ხოლო შუა წაგრძელებულ წყვილს ბოლოები მურა ფერის აქვთ. დედალს საჭის ეს შუა წყვილი შედარებით მოკლე აქვს.
აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მწვანე კვირიონი — M. s. persicus Pallas, 1773.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში − ტუნისისა და ალჟირის სამხრეთ და საჰარის ჩრდილოეთ ნაწილებს, ეგვიპტეს, კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილს, აგრეთვე მადაგასკარს; აზიაში − სირიას, პალესტინას, მესოპოტამიას, ირანს, ავღანეთს, ბელუჯისტანს, ინდოეთს, ბირმას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთს, ინდოჩინეთს, ახალ გვინეას და ინდო-ავსტრალიის კუნძულებს. იზამთრებს სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის სამხრეთ ნაწილში და ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე. საქართველოში მცირე რაოდენობით მობუდარია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში.
ბიოტოპი
ველები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები დაბალი გორაკებით, ბორცვიანი ქვიშებითა და ხრამებით; მდინარეთა ხეობები, ფლატეებიანი ნაპირებით; ოაზისები, ჭები, ადამიანის სამოსახლოების მახლობელი ადგილები. ყველგან მეჩხერი ბუჩქნარებით ან ლელიანებით.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. თხრის ღრმა სოროს ფლატეებზე, გორაკებსა თუ ბორცვებზე. მაისის პირველ ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 20 დღეს გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია მწერები, უპირატესად სიფრიფანაფრთიანები, რომელთაც იჭერს და ჭამს ფრენის დროს.
მნიშვნელობა
საფუტკრეების მახლობლად შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა. სხვაგან სასარგებლოცაა მავნე მწერების განადგურების გამო.