ტყის ჭვინტაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყის ჭვინტაკა (ლათ. Prunella modularis Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ტყის ჭვინტაკა ბეღურაზე პატარა ფრინველია, ფრთა 65-70 მმ-ია, კუდი − 55-65 მმ, გალო – 20-22 მმ, ნისკარტი – 9-12 მმ, წონა – 15-23 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრულ ფრინველს თავზე ბუმბულები მურა აქვს, ძნელად შესამჩნევი ვიწრო მორუხო-მურა არშიებით; თავის გვერდებზე მოთეთრო წვრილი შტრიხებია. ზურგის, ფრთების ზემო მფარავებისა და მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოებს მურა-მოქარცისფრო არშიები, ხოლო ცენტრში – მუქი მურა გასწვრივი ლაქები აქვთ. მუცლის მხარე მორუხოა, მაგრამ ჩიჩახვსა და მკერდზე, ღია მურა ფერის ბუმბულების წვეროებზე აქვს მკრთალი რუხი ფერის წვრილი წინწკლები, რომლებიც მკერდის არეში მატულობს, ხოლო მუცელზე ძირითადი ფერი ხდება, მურა-მოქარცისფრო ნარევით. მომქნევები და საჭის ბუმბულები ღია მურა ფერისაა, გარეთა მარაოებზე მოყავისფრო კიდეებით. ნისკარტი მოშავო-რქისფერია, ხოლო ფეხები - მოყვითალო-ხორცისფერი.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში ბინადრობს კავკასიური ტყის ჭვინტაკა – P. m. obscura Hablizl, 1783. ზამთარში მოიპოვება ევროპული ტყის ჭვინტაკაც – P. m. modularis Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას: დასავლეთით – პირენეის ნახევარკუნძულსა და ბრიტანეთის კუნძულებს; ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 70-ე პარალელამდე, სსრ კავშირში – თეთრ ზღვამდე და პეჩორის სათავეებამდე (არაა კოლის ნახევარკუნძულზე); აღმოსავლეთით ზოგან აღწევს ურალის ქედამდე, უფრო სამხრეთით კი – ტამბოვამდე და პოლესიემდე; სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მაგრამ არაა სამხრეთ იტალიასა და საბერძნეთში; გარდა ამისა, არის მცირე აზიაში, კავკასიაში და დასავლეთ ირანში. ჩრდილოეთის პოპულაციები გადამფრენია და ზამთრობენ ბრიტანეთში, დასავლეთ გერმანიის სამხრეთით მთელ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში კავკასიური ქვესახეობა მობინადრეა, ხოლო ევროპული – მოზამთრე.

ბიოტოპი

ბინადრობს ყოველგვარი ტიპის ტყეში – წიწვიანებშიც და ფოთლოვანებშიც, სადაც არის ხშირი, ადამიანისათვის თითქმის გაუვალი ბუჩქნარების, ბალახნარებისა და ეკალ-ბარდების ქვეტყე. ზაფხულში ადის ტყის ზემო საზღვრამდე, ხოლო ზამთარში ეშვება უფრო დაბლა.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მეტწილად ბუჩქებზე, ზოგჯერ მიწაზე – ბუჩქის ძირში. ბუდის აგებასა და კრუხობაში მამალი არ მონაწილეობს. მაისში დებს 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 12 დღემდე გრძელდება.

კვება

ტყის ჭვინტაკას საკვებს შეადგენენ მწერები, ობობები, პატარა ლოკოკინები, მცენარეთა თესლები, ზოგჯერ წვრილი კენკრაც. საკვებს ეძებს და პოულობს მხოლოდ მიწაზე.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები