ჩიჩხინაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩიჩხინაკი (ლათ. Turdus mucicus LInnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩიჩხინაკი მომცრო ზომის შაშვია; ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 75-85 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა – 45-70 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არ შეიმჩნევა. შაშვის გვარის სხვა ფრინველებისაგან ადვილად გამოიცნობა თვალების ზემოთ ფართო, მოჟანგ- მიწისფრო-თეთრი ზოლებით („წარბებით“). ზურგის მხარეს საერთო შეფერილობა ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია, მომქნევები მუქი მურა. ფრთების დიდ მფარავებსა და მომქნევებს ღია ფერის არშიები აქვთ. მუცლის მხარეს მოთეთროა, მოშავო ფერის გასწვრივი ზოლებით. სხეულის გვერდები და ფრთების ქვემო მფარავები მურა-ჟანგისფერია, რითაც კარგად გამოირჩევა წრიპასაგან. მუცლის შუა ნაწილზე წინწკლები არაა. კუდქვეშა ბუმბულების მარაოებს კიდეები მუქი მურა აქვთ. ნისკარტი შავია, ფეხები – ყვითელი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ჩიჩხინაკი – T. m. musicus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ერთი ქვესახეობა ბუდობს ისლანდიაში, ფარერის კუნძულებზე და ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე ქვესახეობა ვრცელდება ევროპისა და აზიის ტაიგის ზონაში – სკანდინავიიდან მდ. კოლიმამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ტიურინგიასა და სილეზიაზე, ბელორუსიაში, პოლტავაზე, ვორონეჟზე, ტომსკზე, ბარნაულსა და ნოვოსიბირსკზე; ჩრდილოეთით – პეჩორის, ობის, ხატანგისა და კოლიმის შესართავებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში. კანარის კუნძულებზე და ალჟირში, იტალიაში, ბალკანეთში, ყირიმში, ამიერკავკასიაში, პალესტინაში და ირანში, ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობის დროს მოიპოვება ტაიგის მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, განსაკუთრებით ჭაობიან არყნარებსა და მურყნარებში. ზამთარში ეტანება კენკროვან ბუჩქნარებს და ფითრიან ხეებს.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეებზე, ხავსისა და წვრილი ხმელი ტოტებისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ, პირველად მაისის ბოლო რიცხვებში, ხოლო მეორედ ივლისის დასაწყისში დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება. ბარტყების აღზრდაზეც ორივე მშობელი ზრუნავს.

კვება

ჩიჩხინაკი იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების დროს, ჭარბობს ცხოველური საკვები, ხოლო შემოდგომითა და ზამთარში – მცენარეული. ცხოველური საკვებიდან ძირითადია მწერები, მცენარეულიდან − კენკრა.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები