წრიპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრიპა (ლათ. Turdus ericetorum Turton, 1807) ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წრიპა მომცრო ზომის შაშვია, ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 75-90 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა − 50-90 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-წენგოსფერია, მაგრამ კუდზედა ბუმბულები მორუხოა. მომქნევები მუქი მურაა, რომელთა გარეთა მარაოების კიდეებზე ვიწრო ღია ქარცი ზოლებია. ფრთების საშუალო და დიდ მფარავებს წვეროებზე მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ლაქები აქვთ. მუცლის მხარე მოთეთროა, ჟანგმიწისფერი ელფერით, უპირატესად მკერდსა და ჩიჩახვზე. მთელ ქვემო მხარეზე, ნიკაპისა და ყელის გარდა, მომრგვალო ან ოდნავ მოგრძო ფორმის მოშავო-მურა კოპლებია. ამით იგი ძალიან ჰგავს ჩხართვს. იღლიისა და ფრთებისქვეშა ბუმბულები, ჩიჩხინაკისაგან განსხვავებით, მოყვითალო–ჟანგმიწისფერია. საჭის ბუმბულები, ისევე როგორც ზურგი, მურა-წენგოსფერია, მაგრამ მასზე არის სუსტად გამოხატული მოწითალო ანარეკლი. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მოყვითალო-მურა.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური წრიპა – T. e. philomelos Brehm, 1831.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს და დასავლეთ ციმბირს – ბრიტანეთის კუნძულებიდან ბაიკალის ტბამდე. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა ტყის საზღვარს და გადის სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილიდან პეჩორის შუა და ობისა და ტუნგუსკის ქვემო დინებებზე; სამხრეთით მოიპოვება სამხრეთ საფრანგეთამდე, ესპანეთის, იტალიისა და ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილებამდე. სსრ კავშირში სამხრეთი საზღვარი ემთხვევა ტყე-ველების საზღვარს ევროპულ ნაწილსა და დასავლეთ ციმბირში. გარდა ამისა, არის მცირე აზიაში, კავკასიასა და ირანში. ზამთარს ატარებს დასავლეთ ევროპაში – ინგლისიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ჩრდილოეთ აფრიკაში, ირანსა და სირიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მეტწილად მთების ფერდობების შერეული ტიპის ტყეებში, ბუჩქნარებსა და არყნარებში, სადაც მრავლადაა ხმელეთის უხერხემლო ცხოველები. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხეებზე, მეტწილად ტყისპირებში, ხავსის, ხმელი წვრილი ტოტებისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. წელიწადში ორჯერ ასწრებს გამრავლებას. პირველად აპრილის მეორე ნახევარში დებს 5-6 კვერცხს, ხოლო მეორედ – ივნისის შუა რიცხვებში – 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.

კვება

წრიპას საკვებს შეადგენენ უხერხემლო ცხოველები და მცენარეთა არა მარტო კენკრა, არამედ თესლები და ვეგეტატიური ნაწილებიც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის. ამასთან ბულბულის შემდეგ ჩვენში ყველაზე კარგი მგალობელია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები