ჭრელი კლდის შაშვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭრელი კლდის შაშვი (ლათ. Monticola saxatilis Linnaeus, 1766) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჭრელი კლდის შაშვი შაშვისებრთა ოჯახის საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 115-130 მმ-ია, კუდი – 55-75 მმ, ნისკარტი – 15-20 მმ, წონა − 50-70 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრული მამალი თავსა და კისერზე ზემოდან ცისფერია; ზურგის წინა ნაწილი მოცისფრო-რუხია, ხოლო უკანა ნაწილი – თეთრი. კუდზედა ბუმბულები მორუხო-ცისფერია, მაგრამ მათ შორის გრძელები − ქარცი. მომქნევები და ფრთების ზემო მფარავები შავია, მოთეთრო არშიებით; მკერდი, მუცელი, ფრთების ქვემო და კუდქვეშა ბუმბულები ქარცია. საჭის შუა წყვილი მურაა, ხოლო დანარჩენი ჟანგისფერ-ქარცი. ზრღასრული დედალი ზურგის მხარეს მორუხოა, მკრთალი ცისფერი ელფერით და მუქი და ღია ფერების სიჭრელით. საჭის ბუმბულების ბოლოებზე ჟანგისფერ-ქარცს მუქი მურაც ურევია. ყელი თეთრი აქვს, ხოლო სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე ჟანგმიწისფერია, მუქი განივი, ქერცლოვანი შესახედაობის ზოლებით. ნისკარტი შავია, ფეხები – მურა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ჭრელი კლდი შაშვი – M. s. saxatilis Linn., 1766.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში; ევროპასა და აზიაში არის რამდენიმე იზოლირებული არეალი, უპირატესად სამხრეთის მთების სისტემებზე, ვიწრო ზოლად გადაჭიმული პირენეიდან თითქმის ყვითელი ზღვის ნაპირებამდე. ევროპაში ბუდობს პორტუგალიაში, ესპანეთში, სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, კორსიკაზე, ავსტრიაში, უნგრეთში, ბალკანეთში, ტატრებსა და კარპატებში, ყირიმსა და კავკასიაში; შემდეგ – მცირე აზიაში, პალესტინაში, ირანში, ავღანეთში, მუგოჯარის, კოპეტდაღის, კაშგარიისა და ტიანშანის მთებში, ტაჯიკეთში, მონგოლეთსა და აქა-იქ ჩინეთში. ზამთარს ატარებს ცენტრალურსა და აღმოსავლეთ აფრიკაში, აგრეთვე არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი.

ბიოტოპი

მთების კლდოვანი ფერდობები, ქვების შვავები და ბურცობები, მეტწილად ღია, უტყეო ადგილებში ან მეჩხერ ბუჩქნარებში. ვერტიკალურად გვხვდება უმეტესად 1700–2000 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად, ბუდეს იკეთებს მიწაზე ან კლდეზე, ბალახისა და ბუჩქების წვრილი, ხმელი ტოტებისაგან. მაისის შუა რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ზუსტად დადგენილი არაა. ზოგიერთი არაპირდაპირი დაკვირვებით იგი 14 დღეს უნდა აღწევდეს.

კვება

ჭრელი კლდის შაშვის ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი მწერები – ხოჭოები, კალიები, აგრეთვე ობობები და ხმელეთის სხვა უხერხემლო ორგანიზმები. ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები