ლურჯი კლდის შაშვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:31, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლურჯი კლდის შაშვი (ლათ. Monticola solitarius Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ლურჯი კლდის შაშვი შაშვისებრთა ოჯახის საშუალო ზომის ფრინველია. ფრთა 110-130 მმ-ია, კუდი – 75-85 მმ, ნისკარტი – 25-30 მმ, წონა – 55-65 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა შესამჩნევი. ზრდასრული მამალი მუქი ცისფერია ან უფრო მოცისფრო ლურჯი, მაგრამ მუცლის მხარეს რამდენადმე უფრო ღია ფერისაა. ფრთები და კუდი შავი აქვს. ფრთებისქვეშა ბუმბულები მორუხო-ლურჯია. ფეხები მუქი მურაა, ხოლო ნისკარტი და ბრჭყალები − შავი. დედალი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მკრთალი მოლურჯო ელფერით; სხეულის ქვემო მხარე უფრო ღია მურა ან მუქი-რუხია, მაგრამ ბევრია აქ მუქი მურა წინწკლები. კუდქვეშა ბუმბულები მოქარცისფრო-ჟანგისფერია, განივი ზოლებით. ფრთები და კუდი მუქი მურაა. ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – მუქი მურა.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ლურჯი კლდის შაშვი – M. s. solitarius Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი დასავლეთით იწყება აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და პირენეის ნახევარკუნძულზე, საიდანაც აღმოსავლეთით მიუყვება ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილებს და მოიპოვება სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, საბერძნეთში, მცირე აზიაში, პალესტინაში, ამიერკავკასიაში, ირანში, ავღანეთში, ტაჯიკეთში, ქაშმირში, ჰიმალაის მთებში, ტიბეტში, ჩრდილოეთ ბირმაში, ჩინეთის ზღვის ნაპირებამდე. ზამთარს ატარებს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ არაბეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში და ინდო-ავსტრალიის კუნძულებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

მთების ვრცელი მშრალი ხეობები კლდოვანი ფერდობებითა და ხრამებით, ღარიბი ქსეროფილური მცენარეული საფარით, უპირატესად ნარეკლიანი ბუჩქნარებით, ზოგან მაღალტანიანი ფოთლოვანი ტყისპირებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს დედალი ხავსის, ხმელი წვრილი ღეროებისა და სხვა მცენარეული მასალისაგან, კლდის ნაპრალებში ან ქვა-ღორღიანებში. მაისში დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14-15 დღემდე გრძელდება.

კვება

ლურჯი კლდის შაშვის საკვებს შეადგენენ ხმელეთის წვრილი უხერხემლოები, მეტწილად მწერები და მათი მუხლუხოები, აგრეთვე მოლუსკები, ობობები და მრავალი სხვა.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნების გამო სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები