წვრილნისკარტა ლერწამა
წვრილნისკარტა ლერწამა (ლათ. Lusciniola melanopogon Temminck et Laugier, 1883) − ფრინველი, ფრინველთა გვარი. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − წვრილნისკარტა ლერწამა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − წვრილნისკარტა ლერწამა (Lusciniola)
წვრილნისკარტა ლერწამა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 58-62 მმ-ია, კუდი – 52-60 მმ, ნისკარტი ნესტოების წინა კიდეებიდან წვერომდე – 7-9 მმ, წონა – 10-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს ღია მურა-წენგოსფერია, მოქარცისფრო ელფერით, ზურგისა და თხემის ბუმბულებზე გასწვრივი მუქი მურა ლაქებით. ნისკარტის ძირიდან თვალებისა და ყურების ზემოთ საკმაოდ ფართო თეთრი ზოლები („წარბები“) გასდევს. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ სხეულის გვერდებზე, მკერდზე, უფრო ინტენსიურად კი მუცელზე და კუდქვეშა ბუმბულებზე მოჟანგმიწისფრო ელფერი გადაჰკრავს. ფოთის მოხრილობასთან, აგრეთვე იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავები თეთრია, ნისკარტი შავია, ფეხები – რუხი, ბრჭყალები – მუქი. შემოდგომით თავზე შეიმჩნევა მუქი მურა გასწვრივი ლაქები, რომლებიც მოგვიანებით ქრებიან.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აღმოსავლური წვრილნისკარტა ლერწამა – L. m. mimica Madarasz, 1903.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი შედგება რამდენიმე იზოლირებული ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს სამხრეთ ევროპას ესპანეთისა და საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, იტალიას, კუნძულ კორსიკას და სიცილიას, იუგოსლავიას, უნგრეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს; აფრიკაში ბუდობს მხოლოდ ტუნისში; აზიაში მოიპოვება წინა და შუა აზიაში – ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროებიდან, კავკასიაში, ვოლგის დელტაში და მდ. ილის აუზამდე; სამხრეთით – არაბეთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში, ტიგროსისა და ევფრატის ქვემო დინების მიდამოებში, ბელუჯისტანსა და ავღანეთში. ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთში, მესოპოტამიაში, ირანში, პაკისტანში და დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად წყალსატევების სანაპირო ლელქაშში, ბუჩქნარებში, მაღალ ბალახნარიან ჭაობებში, უმეტესად დაბლობებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ჩალეწილ ლერწმიანში, ლელქაშში, ისლნარში ან ბუჩქნარებში. საგულდაგულოდ წნავს ჯამისებური ფორმის ბუდეს. აპრილის ბოლოს დებს 4-6 კვერცხს. არის ცნობები ივნისში მეორეჯერ ბუდობის შესახებაც. საინკუბაციო პერიოდი 12 დღემდე გრძელდება.
კვება
წვრილნისკარტა ლერწამას ძირითადი საკვებია მწერები, რომელთაც პოულობს წყალსატევების სანაპირო ლერწმიანსა და ლელქაშში.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.