ჭაობის მეჩალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 29 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭაობის მეჩალია (ლათ. Acrocephalus palustris Bechstein, 1798) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჭაობის მეჩალია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-72 მმ-ია, კუდი – 50-55 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 10-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს წენგოსფერ-რუხია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა-რქისფერი, მორუხო-წენგოსფერი არშიებით. წარბებზედა ვიწრო ზოლები მოთეთრო-ყვითელია. ყელი თეთრია; დანარჩენი ქვემო მხარე მოთეთრო-ჟანგმიწისფერია, მოწენგოსფრო ელფერით სხეულის გვერდებზე. გაცვეთილ, ძველ ბუმბულსაფარველზე, ზურგის მხარეს, უფრო მეტად ჩანს მომწვანო-რუხი, ხოლო მუცლის მხარეს – მოთეთრო ელფერი. ახალ, შემოდგომის ბუმბულსაფარველზე, ზურგის მხარეს უფრო ინტენსიურია მოჟანგისფრო-ყვითელი, ხოლო მუცლის მხარეს – ჟანგმიწისფერი ელფერი. ნისკარტზედა მურა-რქისფერია, ნისკარტქვედა – მკრთალი მოყვითალო, ფეხები – რუხი. ამგვარად, სიდიდითა და შეფერილობით ძალიან ჰგავს ლელიანის მეჩალიას, მაგრამ განსხვავდება ფრთის აგებულებით და პატარა ტერფით.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს, კავკასიას და ჩრდილოეთ ირანს. გავრცელების საზღვრები ასეთია: ჩრდილოეთითბრიტანეთისა და შვეციის სამხრეთი ნაწილები, ფინეთის ყურე, ფსკოვი, კალინინი, იაროსლავლი, კოსტრომა, ყაზანი, უფა, ორენბურგი; აღმოსავლეთით – მდ. ილეკი და ურალი; სამხრეთით – სამხრეთ-აღმოსავლეთი საფრანგეთი, ჩრდილოეთი იტალია, ბულგარეთი, ბესარაბია, დნესტრის ქვემო დინება, შავი ზღვის სანაპიროებით ამიერკავკასია და ჩრდილოეთი ირანი. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ნაირგვარ ბიოტოპში, მაგრამ მეტწილად გვხვდება ჭაობიან ადგილებში, ბუჩქნარებში, წყლისპირა ლელქაშში, მაღალ ბალახნარებში, ბაღებში, პარკებსა და ყანებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს ტყისპირებში, მეჩხერ ბუჩქნარებში, ტირიფნარებში, ასკილის ბუჩქების, ჭინჭრის, სვიასა და სხვა ბალახნარების ქვე-ტყით. ბუდეს წნავს დედალი ხმელი ბალახისა და სხვა მცენარეული მასალისაგან, რომელსაც ამაგრებს ბუჩქზე ან მსხვილი ბალახის ღეროზე. მაისის დასაწყისში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 11-13 დღემდე აღწევს.

კვება

ჭაობის მეჩალიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები. მათი კვერცხები და ლარვები, აგრეთვე ობობები. შემოდგომით ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

სასარგებლო მწერიჭამია ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები