დიდი ბუტბუტა
დიდი ბუტბუტა (ლათ. Hippolais pallida Hemprich et Ehrenberg, 1833) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − მქირდავა (Hippolais)
დიდი ბუტბუტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 65-70 მმ-ია, კუდი 55-60 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 10-12 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი, ზურგი და კუდზედა ბუმბულები ერთფეროვანი ღია მოწაბლისფრო-რუხია. წარბებსზედა ზოლები მოთეთრო-ჟანგმიწისფერია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურაა. ახალ ბუმბულსაფარველზე მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოებს კარგად ემჩნევათ ჟანგმიწისფერი, ხოლო პირველი რიგის მომქნევებს – მოთეთრო არშიები. ზაფხულში, გახუნებულ ბუმბულსაფარველზე ისინი შეუმჩნეველია. საჭის კიდურა ბუმბულებს გარეთა მარაოებზე მოთეთრო არშია და ბოლოში მოთეთრო ლაქები აქვთ. საჭის ბუმბულების წვეროები რამდენადმე წამახვილებულია. ყელი, მკერდი, მუცელი, გვერდები და კუდქვეშა ბუმბულები მოთეთროა, ნისკარტზედა მურა-რქის ფერია, ნისკარტქვედა – მოყვითალო, ფეხები – რუხი.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური დიდი ბუტბუტა – H. p. elaeica Lindermayer, 1843.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი წყვეტილია და შედგება რამდენიმე იზოლირებული ტერიტორიისაგან. იგი მოიპოვება პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე; აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ნილოსის ქვემო დინების მიდამოებში; უფრო ვრცელია არეალი, რომელიც მოიცავს მცირე აზიას, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ავღანეთს, ამიერკავკასიას, შუა აზიას, ყაზახეთის სამხრეთი ნაწილის ჩათვლით. ზამთრობს აფრიკაში, არაბეთში და პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი. მიმოფრენის დროს გვხვდება სხვა ადგილებშიც.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი წყალსატევის ლელქაშიან, ბუჩქნარიან ან წვრილტყიან სანაპიროებზე, ხეხილოვან თუ დეკორატიულ ბაღებში, ზოგჯერ პარკებში. ვერტიკალურად ვრცელდება 1250 მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
მოხდენილი და საკმაოდ მაგარ, ჯამის ფორმის ბუდეს აგებს ძირითადად დედალი. იგი შეიძლება იყოს მიწიდან 45-200 სმ-ის სიმაღლეზე, ფშატზე, თუთაზე, ბროწეულზე, საქსაულზე, იალღუნზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მაგრამ ზოგჯერ მას ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.
კვება
დიდი ბუტბუტას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, რომელთაც იგი პოულობს მცენარეთა ღეროებსა და ფოთლებზე. ჭამს ობობებსა და ჭიებსაც.
მნიშვნელობა
მრავალი მავნე მწერის განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.