ჟღალი ბულბულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 30 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟღალი ბულბულა (ლათ. Erythropygia galactotes Temminck, 1820) − ფრინველი, ფრინველთა გვარი. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჟღალი ბულბულა

ჟღალი ბულბულა ბეღურასოდენა ფრინველია, ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 13-15 მმ, წონა – 20-25 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი და კისერი ზემოდან, ზურგი და მხრები ჟანგმიწისფერ- მურაა. ნისკარტის ძირიდან თვალების ზემოთ გადის ფართო მოთეთრო ზოლები („წარბები“). ფრთები მოწაბლისფრო-რქისფერია. მომქნევებსა და ფრთის დიდ მფარავებს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ. კუდზედა ბუმბულები ჟღალია, კუდი – მუქი ჟღალი, ფართო თეთრი ზოლით ბოლოში და მის პარალელურად მურა-მოშავო ბოლოსწინა ზოლით. საჭის ბუმბულების ცენტრალურ წყვილს რუხი ფერი გადაჰკრავს და ბოლოში ზოლები არ აქვთ. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, ჟანგმიწისფერი ელფერით, მაგრამ მკერდსა და გვერდებზე მკრთალი მოწაბლისფრო გადაჰკრავს. ნისკარტი მუქი რქისფერია, ფეხები – მოწაბლისფრო-ხორცისფერი.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჟღალი ბულბულა – E. g. familiaris Menetries, 1832.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს. ყველაზე ვრცელია არეალის აფრიკული ნაწილი, სადაც ვრცელდება კონტინენტის თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარში საჰარის ჩათვლით; სპორადულად მოიპოვება ევროპის სამხრეთ ნაწილშიც; საკმაოდ ვრცელია არეალის აზიური ნაწილიც, რომელიც მოიცავს მცირე აზიას, არაბეთის ჩრდილოეთ ნახევარს, ირანს, ავღანეთსა და პაკისტანს. სსრ კავშირში– ამიერკავკასიას, შუა აზიას და ყაზახეთს – ჩრდილოეთით უსტურტის პლატომდე, არალის ჩრდილოეთ სანაპირომდე და სამხრეთ ბალხაშამდე. ზამთრობს აფრიკაში (საჰარაში, სუდანში, სომალში), სამხრეთ არაბეთში და ჩრდილო- დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ძირითადად ღია ლანდშაფტში, ველებისა და უდაბნოების ზონაში, დაბალ ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ტუგაის, იალღუნისა და ლელის ბარდნარებში, კულტურულ ლანდშაფტში – ბაღებსა და ვენახებში.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი ბუჩქებზე, საქსაულზე, იალღუნზე, ფშატზე, იშვიათად მიწაზეც. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. მამალი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია მწერები, რომელთაც იგი პოულობს მცენარეებზე და მიწაზეც. ჭამს ობობებსაც.

მნიშვნელობა

ბევრ მავნე მწერს ანადგურებს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები