მოლაღური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:08, 15 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლაღური

მოლაღური (ლათ. Oriolus oriolus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მოლაღური.

მოლაღური საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 135-160 მმ-ია, კუდი – 85-100 მმ, ნისკარტი – 22-25 მმ, წონა – 65-80 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული. ზრდასრული მამალი მეტწილად ყვითელია; სალაგმე, მხრები, ფრთები და დიდი სამკუთხა ლაქა კუდზე შავია; პირველი რიგის მომქნევების კიდეებზე და ყველა მომქნევის წვეროებზე ვიწრო მოთეთრო არშიებია. ფრთაზე პატარა გარდიგარდმო მოთეთრო-ყვითელი ლაქაა. ზრდასრული დედალი ზემოდან მომწვანო-ყვითელია; ქვემო მხარეს – ყელი და კისერი მორუხოა, დანარჩენი ნაწილი – ღია ყვითელი, აქა-იქ მოთეთრო. მკერდსა და გვერდებზე არამკაფიო გასწვრივი ზოლებია. ფრთები მურა-რქისფერია. ნისკარტი – მოწითალო-რქისფერი, ფეხები – მოცისფრო-რუხი.

ავტორთა უმრავლესობა გამოყოფს 2 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მოლაღური – 0. o. oriolus Linn., 1758.

სარჩევი

გავცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს და სამხრეთ-დასავლეთ აზიას, დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით ენისეის ზემო დინებამდე. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი გაივლის შვეციისა და ფინეთის სამხრეთ ნაწილებში, კარელიის ყელზე, შემდეგ მხოლოდ კოსტრომის, კიროვისა და პერმის ოლქებზე, ციმბირში – ტობოლსკსა და ენისეისკზე. აქედან საზღვარი უხვევს სამხრეთისაკენ და მოიცავს მინუსინსკის ქვაბულს და დასავლეთ საიანს ირკუტსკამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, მცირე აზიასა ჩრდილოეთ არაბეთში, სპარსეთის ყურემდე და მთელ ინდოეთში. გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს ტროპიკულსა და სამხრეთ აფრიკაში, აგრეთვე ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

მოლაღური სახლდება ნათელ, გამეჩხრებულ ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებში, განმარტოებით მდგომ ხეებზე, ჭალებში, ეზოებში, ხელოვნურ ქარსაცავ ზოლებში. ეტანება მუხნარებს, ტირიფნარებს, ხეხილოვან მცენარეებს და სხვა ფოთლოვანებს, უპირატესად დაბლობებში.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი მაღალი ხეების კრონაში, ლაფნის, ხმელი ბალახის, მატყლის, ბუმბულისა და სხვა რბილი მასალისაგან. ბუდე წარმოადგენს წვრილ ტოტებზე დაკიდებულ რბილ პარკს. წელიწადში ნორმალურად ერთხელ მრავლდება. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 4 კვერცხს. კრუხად მეტწილად ჯდება დედალი, ხოლო მამალი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება.

კვება

მოლაღური იკვებება ხეების კრონაში მცხოვრები მწერებით და მათი ლარვებით, მათ შორის ისეთებითაც, რომლებსაც სხვა ფრინველები არ ეტანებიან და ტყის საშიში მავნებლებია. ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

მოლაღური მიეკუთვნება მეტად სასარგებლო ფრინველების რიცხვს, რადგან მრავლად ანადგურებს ტყის მავნებლებს. აქვს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები