ტიხონოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ტიხონოვი

ნიკოლოზ ტიხონოვი − (რუს. Никола́й Семёнович Ти́хонов, 1896-1979), რუსი საბჭოთა პოეტი, წლების მანძილზე სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების კავალერი, სსრ კავშირის ლენინის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი, „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი, საქართველოზე დაწერილი ლექსების ავტორი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1966).

დაიბადა 1896 წელს პეტერბურგელი ხელოსნის ოჯახში, დაამთავრა პეტერბურგის სავაჭრო სკოლა 1911 წელს, იმსახურა რუსეთის მთავარ საზღვაო-სამეურნეო სამმართველოში გადამწერად, მონაწილეობდა 1915 წლიდან პირველ მსოფლიო ომში, 1918-1922 წლებში ირიცხებოდა წითელი არმიის რიგებში, იბრძოდა ცნობილი მეთერთმეტე არმიის შემადგენლობაში, რომელმაც საქართველო გაასაბჭოვა, დემობილიზაციის შემდეგ ცხოვრობდა ლენინგრადში.

პირველი პოეტური ნაწარმოები, პოემა „ჩვენ თვითონ“ გამოაქვეყნა 1920 წელს, ამას მოჰყვა ლექსების ციკლები „ორდა“ და „ბრაგა“, ხოლო 1924 წელს — ლენინისადმი მიძღვნილი პოემა „პირისპირ“. ოცდაათიან წლებში იმოგზაურა საქართველოში, რისი შედეგიც იყო „ლექსები კახეთზე“ და ქართველი პოეტების ნაწარმოებთა თარგმანები.

1942 წელს პოემისათვის „კიროვი ჩვენთანაა!“ სტალინური პრემია მიენიჭა.

1948 წელს ლექსების ციკლისათვის „ქართული გაზაფხული“ მეორედ მიენიჭა სტალინური პრემია.

1952 წელს ნიკოლოზ ტიხონოვს მშვიდობის თემაზე დაწერილი ლექსებისათვის სახელწოდებით „ორი ნაკადი“ — მესამედ მიენიჭა სტალინური პრემია.

1957 წელს პოეტს „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური პრემია მიენიჭა.

1970 წელს ტიხონოვის მოთხრობებისა და ნარკვევების წიგნი „ექვსი კოლონა“ ლენინური სახელმწიფო პრემიით აღინიშნა.

ნიკოლოზ ტიხონოვი, როგორც თავდადებული რუსი საბჭოთა პატრიოტი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დიდ სახელმწიფოებრივ მუშაობას ეწევა თავისი რუსეთის საკეთილდღეოდ: წარგზავნილია პარიზის კონგრესის მონაწილედ, საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დროს მუშაობს სამხედრო გაზეთში „სამშობლოს სადარაჯოზე“, ხელმძღვანელობს ფრონტის პოლიტსამმართველოში მწერლების ჯგუფს ლენინგრადის ბლოკადის დროს, მთელი შემდგომი მშვიდობიანი წლების მანძილზე ხელმძღვანელ პოსტებზეა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მრავალეროვანი საბჭოთა მწერლობის აღიარებული შეფია.

1966 წელს ციკლისათვის „ლექსები საქართველოზე“ ნიკოლოზ სიმონის ძე ტიხონოვის მრავალრიცხოვან ჯილდოებსა და წოდებებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდებაც მიემატა.

ნიკოლოზ ტიხონოვის „ლექსები საქართველოზე“ წინასწარ იყო თარგმნილი, პრესაში გამოქვეყნებული და ცალკე წიგნად გამოცემული („საბჭოთა მწერალი“, 1962). შინაარსი: „უცნობ ამხანაგს“ (თარგმნა ს. შანშიაშვილმა). „წინანდალი“ (თარგმნა რ. გვეტაძემ), „ილია ჭავჭავაძეს“ (თარგმნა გრ. აბაშიძემ), „ზედაზნის მთაზე“ (თარგმნა კ. ნადირაძემ), „მე საქართველო ვიცი ამგვარი“ (თარგმნა გრ. ცეცხლაძემ), „კარებში იდგა მთიელი ქალი“ (თარგმნა ა. აბაშელმა), „ცისარტყელა საგურამოში“ (თარგმნა კ. ნადირაძემ), „ჯუგაანი“ (თარგმნა ვ. გაბესკირიამ), „მე დამესიზმრა ფოთლების ცვენა“ (თარგმნა თ. ჭილაძემ), „მე ჩანჩქერების გუგუნით ვტკბები“ (თარგმნა მ. ფოცხიშვილმა), „როგორც მოქნეულ ნიჩბების კვალი“ (თარგმნა თ. ჭილაძემ), „საქართველოს“ (თარგმნა მ. ფოცხიშვილმა).

ნიკოლოზ ტიხონოვი გარდაიცვალა 1976 წელს, დაკრძალულია მოსკოვში.

წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები